ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებში, კოვიდვაცინაციის მაჩვენებელმა მკვეთრად იმატა, რასაც ის „მწვანე საშვისა“ და ფინანსური წახალისების მექანიზმების ამოქმედებას უკავშირებს.
„კარგია, რომ, ბოლო 2 დღის განმავლობაში, განსაკუთრებით მაღალია ვაქცინაციის მაჩვენებელი. გუშინწინ 14 ათასიც კი იყო და გუშინ - 11 ათასზე ოდნავ მეტი. ბუნებრივია, ეს იმედისმომცემია. 60 წლის ზემოთ პირებში ვაქცინაცია გააქტიურებულია. როგორც ჩანს, ძალიან დადებითი შედეგი მოჰყვა ფინანსური წახალისების სქემას, რომელიც 8 ნოემბრიდან ამოქმედდა. მაგალითად, თუ 7 ნოემბერს, 60 წლის ზემოთ ასაკის 156 პირი აიცრა, 8 ნოემბერს, უკვე 1000-ს გაადაჭარბა მაჩვენებელმა. დღეს, 3-4 ათასი იცრება ყოველდღე, რაც ძალიან კარგია. „მწვანე საშვი“ და ფინანსური წახალისება - ესაა მაჩვენებლის მატების ორი მიზეზი“, - აცხადებს თამარ გაბუნია.
მისივე თქმით, ბუსტერდოზების შემთხვევაში, მაჩვენებელი მაღალი არაა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 11 999-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 183 335 აცრა გაკეთდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 850 102 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 792 158, გარდაიცვალა 12 119 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.