„ეს სასამართლო პროცესი მიშასთვის იყო პრელუდია, დარტყმას მომავალში ამზადებს“

„ეს სასამართლო პროცესი მიშასთვის იყო პრელუდია, დარტყმას მომავალში ამზადებს“

მეფე ლუარსაბი, ზვიად გამსახურდია - პარალელები ქართველებისთვის წამებულ მებრძოლ გმირებთან. სააკაშვილი ისევ ისტორიულ ფოლიანტებში საკუთარი სახის ძიებაშია. ის ფიქრობს, რომ საქართველოს პირველი მმართველია, ლუარსაბ მეფის შემდეგ, რომელიც მოხვდა პატიმრობაში, რაც „ყველაზე დიდი სირცხვილია“.

პრეზიდენტყოფილი უკვე მერამდენედ აიგივებს თავს ზვიად გამსახურდიასთან და ამბობს, რომ დაბრუნდა საქართველოში, სადაც შეეძლოთ მოეკლათ, როგორც ზვიად გამსახურდია.

არანაირი სინანული, არანაირი მონანიება, პირიქით, გირგვლიანის საქმე თურმე გაპიარებულია, 7 ნოემბერს თურმე ეძინა, ბადრი პატარკაციშვილს თურმე პრეზიდენტობა უნდოდა...

„გაუმარჯოს საქართველოს, თავისუფლება პრეზიდენტს!“ - ამ სიტყვებით დაასრულა სააკაშვილმა თავისი მონოლოგი სასამართლო სხდომაზე და საქართველოს ყველა მოქალაქეს თავის ეზოში პუტინისგან სააკაშვილის გამოხსნის კომიტეტის შექმნა დაავალა.

სააკაშვილმა ამჯერად სასამართლო დარბაზი გამოიყენა პოლიტიკური განცხადებების გასაკეთებელ ტრიბუნად. როგორც ანალიტიკოსები ჩვენთან საუბარში პროგნოზირებენ, ეს მხოლოდ პრელუდიაა, სააკაშვილი სამომავლოდ ხელისუფლებაზე ძლიერი დარტყმისთვის ემზადება, რისთვისაც ერთხელ უკვე მოსინჯულ გარემოს, ანუ სასამართლო პროცესს გამოიყენებს.

თავის მხრივ, ხელისუფლებაც ცდილობს, წარმოაჩინოს, რომ სააკაშვილის მონოლოგები მას არ აფრთხობს, რადგან ექსპრეზიდენტი თვითლიკვიდაციის რეჟიმშია.

თვითლიკვიდაცია, თუ თვითრეაბილიტაცია ამჯერად სასამართლო პროცესების მეშვეობით?! უნდა მიეცა თუ არა მოსამართლეს ბრალდებულისთვის ხანგრძლივი სიტყვის თქმის საშუალება? რა უნდა გაკეთდეს, რომ სასამართლო პროცესები სამომავლოდაც არ გადაიქცეს შოუდ?

უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი ელოდა, რომ სააკაშვილი პოლიტიკურ კონტექსტში განიხილავდა მოვლენებს და არა სამართლებრივ ჭრილში. ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ექსპრეზიდენტი მომავალშიც ეცდება, სამართლებრივ სიბრტყეში და სამართლებრივ მოედანზე არ გადავიდეს, ყოველთვის იტყვის, რომ მას ასამართლებს პუტინი, მას ასამართლებს რუსი ოლიგარქი, ეს არ არის სამართლიანი სასამართლო და ამ სასამართლოს არ ცნობს. უფრო მეტიც, გელა ნიკოლაიშვილი ელის, რომ სააკაშვილი არასდროს არ გასცემს კითხვებს პასუხს და ამაოა იმ ადამიანების მოლოდინიც, ვინც სააკაშვილისგან სინანულს ელის.

„რომელ მონანიებასა და სინანულზეა საუბარი, როცა თვითონვე ამბობს, ყველაფერში მართალი ვარ, 7 ნოემბერს მეძინა, შინაგან საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობდა ყველაფერსო. არ ვიცი, სამომავლოდ რას იტყვის სახელმწიფო ქონების გაფლანგვასთან დაკავშირებით, რომელიც მისივე ბრძანებით იყო გასაიდუმლოებული - ბოტოქსები, მასაჟები, მოგზაურობები, რესტორნები. ეს ყველაფერი რომ ფინანსდებოდა, ალბათ, ამის შესახებაც იტყვის, მე ამაზე არ მომიწერია ხელიო. ისიც კი გვითხრა, გირგვლიანის მკვლელების შეწყალებასთან დაკავშირებით არასწორად ამბობენ, თითქოს ჩემი დისკრეციული უფლება გამოვიყენეო. ჯერ ერთი, ამ საქმესთან დაკავშირებით სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენია გამოტანილი და, თუ არ ეთანხმებოდა, შეეძლო, სტრასბურგში გასაჩივრებინა, მაგრამ სააკაშვილს მოლოდინი ჰქონდა, რომ სტრასბურგი მის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას გამოიტანდა და ამიტომ არ გაასაჩივრა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გელა ნიკოლაიშვილმა.

უფლებადამცველის შეფასებით, სააკაშვილი ისევ პოლიტიკურ ველზეა დარჩენილი, მას მხოლოდ იმის სურვილი აქვს, სასამართლო პროცესი ტრიბუნად გამოიყენოს. ის ფაქტი, რომ სასამართლომ სააკაშვილს პოლიტიკურ ტრიბუნად პროცესის გამოყენების უფლება მისცა, გელა ნიკოლაიშვილს ამ ჯერზე დიდ შეცდომად და მოსამართლის აცილების საფუძვლად არ მიაჩნია, შეიძლება, პირველად კეთილგანწყობა გამოავლინეს სააკაშვილის მიმართ, მაგრამ ამის შემდეგ უკვე პოლიტიკური განცხადებების გაკეთების საშუალება სასამართლომ სააკაშვილს არ უნდა მისცეს, თორემ ექსპრეზიდენტი თავს მოახვევს საკუთარი თამაშის წესებს სასამართლოს.

„აქ მთავარია, სისხლის სამართლის საქმე რის საფუძველს იძლევა. როცა გამოკვლეულ იქნება ყველა მტკიცებულება, იმედი მაქვს, იქნება იმდენი მტკიცებულება და ისეთი დონის, რომ გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი გახდება. მთავარია, სააკაშვილის სასამართლო პროცესები არ იქცეს პოლიტიკურ ჭიდაობად, პოლიტიკურ პინგ-პონგად, ან მხოლოდ პოლიტიკურ მონოლოგად, უნდა იყოს სამართლებრივი კუთხით განხილული ყველაფერი. სასამართლოს დღესაც ჰქონდა შესაძლებლობა, სააკაშვილისთვის არ მიეცა საშუალება, პოლიტიკურ ტრიბუნად გამოეყენებინა პროცესი. თუმცა პირველ სხდომაზე გამონაკლისის დაშვება შეიძლებოდა, რომ სააკაშვილს სათქმელად არ ჰქონოდა, სიტყვა შემიზღუდესო“, -აღნიშნა გელა ნიკოლაიშვილმა.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ 29 ნოემბრის სასამართლო პროცესი მიშასთვის იყო პრელუდია. ექსპრეზიდენტი იყო მაქსიმალურად კონსტრუქციული, მაქსიმალურად მშვიდი, თუკი მის ქმედებას კონსტრუქცია შეიძლება დავარქვათ. სამაგიეროდ, ის ამზადებს დარტყმას და ეს დარტყმები მომავალში იქნება.

„სააკაშვილმა ამ სასამართლო პროცესზე შედარებით მშვიდად ილაპარაკა იმისთვის, რომ ცოტა მოეშვას ხელისუფლება. ნამდვილი დარტყმები მერე იქნება, დღეს მან მოსინჯვები გააკეთა. აშკარაა, მას აქვს გარკვეული გეგმა. ათასი შეთქმულების თეორია დაგვიდგა ხელისუფლებამ, არადა, სამი თემა იყო აქტუალური თავიდანვე, ერთი იყო სამკურნალო დაწესებულებაში მისი გადაყვანა, მეორე იყო სასამართლოში მიყვანა, მესამე იყო სასამართლოს საჯაროობის უზრუნველყოფა. ხელისუფლებამ აპოკალიპტური სურათი დახატა, საბოლოო ჯამში, სამივე მოთხოვნა მაინც დააკმაყოფილა. ორი თვე ამ მარაზმში ვიყავით, სხვა სახელმწიფოებრივი პრობლემა არ არსებობდა და ქმნიდა სურათს, მიშას თუ საავადმყოფოში გადაიყვანდნენ, დაიქცეოდა ქვეყანა. დაიქცა რამე? ამდენი დრო რატომ დაიკარგა?“ -აინტერესებს გია ხუხაშვილს.

მისივე აზრით, სასამართლო პროცესი ეს არის სააკაშვილისთვის პოლიტიკური განცხადებების არენა, ის პოლიტიკურად ასე უყურებს მოვლენებს, არ თვლის თავს დამნაშავედ, მისი პოლიტიკური რიტორიკა გასაგებია, მაინცდამაინც სხვას არაფერს არავინ ელოდა სააკაშვილისგან, აქ მთავარია, სამართლებრივად პროკურატურა რამდენად გამართულია.

გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ სააკაშვილმა დღევანდელი სასამართლო პროცესი გამოიყენა თავდაცვისთვის. ის თავს იცავს, ის არის მოქალაქე სააკაშვილი, არ არის დღეს პრეზიდენტი. შესაბამისად, მტკიცებულების ტვირთი ბრალმდებელზეა. არც ერთი დამნაშავე თავის სასამართლო პროცესზე არ იტყვის, მე რაღაც დავაშავე, მაშინ აბსურდი გამოვა, აღიარებითი ჩვენება გამოვა. პროკურატურაა ვალდებული, რომ მას დაუმტკიცოს, რაც დააშავა, ეს ნაწილი უფრო საინტერესოა, თორემ რომელ დამნაშავეს უღიარებია დანაშაული, თანაც სასამართლო პროცესზე?!

„ხელისუფლება წარმოაჩენს, თითქოს ეს პროცესი იყო სააკაშვილის თვითლიკვიდაცია. სინამდვილეში, ხელისუფლებაში განცხადებებს შემდეგნაირად აკეთებენ, ვიღაც ზის ჯურღმულში, მესამეხარისხოვანი კლერკი, რომელიც მესიჯს დაწერს, სმს-ით გაგზავნის, დანარჩენები დადგებიან და იმ მესიჯს იმეორებენ. მე თუ მკითხავთ, მიშა სააკაშვილი 2013-ში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ბიძინა კვებავს და ყოველდღიურად აძლიერებს. კი, ისინი ანტაგონისტები არიან, მაგრამ ერთმანეთს კვებავენ და აძლიერებენ, ერთმანეთზე მუშაობენ. ერთადერთი ადამიანი, ვინც მიშას გააძლიერებს, ბიძინა ივანიშვილია. სხვა მიშას ვერავინ ვერ გააძლიერებს, ბიძინამ ბევრჯერ მისცა მიშას შანსი და კიდევ ბევრჯერ მისცემს შანსს მომავალშიც, თორემ 2013-შივე დასრულდებოდა მიშა“, -გვითხრა გია ხუხაშვილმა.

Katana . გია ხუხაშვილი: - "ორი თვე ამ მარაზმში ვიყავით, სხვა სახელმწიფოებრივი პრობლემა არ არსებობდა და ქმნიდა სურათს, მიშას თუ საავადმყოფოში გადაიყვანდნენ, დაიქცეოდა ქვეყანა. დაიქცა რამე? ამდენი დრო რატომ დაიკარგა?“
?
და რა უნდა ექნათ, შენი ჭკუით?!
არიქა, სააკაშვილი შიმშილობისგან კვდებაო, სასწრაფოდ სამოქალაქო კლინიკაში რატომ არ გადაგყავთო! - აქციებს აქციებზე რომ აწყობდა უსაქმური ოპოზიცია, აღარ გახსოვს?! ხელისუფლებას რა უნდა ექნა, - დაევლო ხელი და, საავადმყოფოს მაგივრად, სასამართლოში, განსასჯელის სკამზე დაედოთ "მომაკვდავი" ექსპრეზიდენტი?!

ეგრე რომ მოქცეულიყვნენ, პირველი შენ იყვირებდი, - ეს რა ჯალათები და არაადამიანები არიანო! - ხომ ვიცით შენი ამბავი!
1 თვის უკან
mamago ხომ გამოჩნდა რამდენად არაკაცი და არამზადაა ხუხაშვილი ივანიშვილმა, რომ მოიშორა?!
1 თვის უკან
Katana ქამელეონზე
—————
რამდენიც უნდა იხმაროს
ქამელეონმა ხრიკი,
რა ფერიც უნდა იცვალოს,
მაინც დარჩება ხვლიკი!
1 თვის უკან