მოკლული დათუნა სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე შვილის მკვლელების შეწყალებას ითხოვს. ამის შესახებ მან ,,პირველის” ეთერში ისაუბრა:
,,რადგან მკვლელები დაიჭირეს, აღარ უნდა გამოვიდე არსად, ხო? რადგან აქციებიდან წავედი და მეორე შვილის გადარჩენაზე ვიზრუნე, გამყიდველი ვარ? ვაი, თქვენს პატრონს! ზუსტად ამ ზიზღმა მოკლა ჩემი შვილი.
მე დღეს ის ბიჭები მეცოდებიან _ ყველა. ბოლო სასამართლოზეც დავაფიქსირე და ახლაც ვიტყვი. პირდაპირ მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, გამოუშვას სულ ყველა, ყველა იმ ბავშვს ვპატიობ ყველაფერს. იმიტომ ვპატიობ, რომ კანონი მეუბნება, რომ 15 წლის მერე მაინც უნდა აპატიოო. დღესვე ვაპატიებ, რატომ უნდა ვიტანჯო 15 წელი თავი.
განა ის ბავშვები არ მეცოდებიან. ეს მე ბოლო სასამართლოზეც დავაფიქსირე, გამოუშვან კალანდიაც, გამოუშვან ეს ბიჭიც. სიმართლე ითქვა და მკვლელები აღარ მაინტერესებს. მაგრამ ერთი კარგად დაიმახსოვრეთ, ფხაკაძეს, გუგუშვილს და ფიფიას, სანამ ცოცხალი ვიქნები, არ ვაპატიებ!" - თქვა ზაზა სარალიძემ.