7 ნოემბერს დაზარალებულთა საქმემ სტრასბურგი მოიარა, თუმცა სააკაშვილი დღეს ხსნის ბრჭყალებს და თავის მორიგ ვერსიას გვთავაზობს 2007 წლის ნოემბერში პოლიციის მიერ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დარბევასთან დაკავშირებით.
მიხეილ სააკაშვილის ვერსიით, 7 ნოემბრის მოვლენებს შს მინისტრი მართავდა, პირადად სააკაშვილმა თურმე მხოლოდ ტელევიზიით ნახა მომხდარი და ეს ნიშნავს, რომ დარბევის დირექტივა მას არ გაუცია.
სააკაშვილი გეოპოლიტიკურ კონტექსტზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ მაშინ საქართველო მიდიოდა ნატოსკენ. სააკაშვილის თქმით, 2006 წელს მას პუტინმა უთხრა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს პროცესი შევაჩეროო. იმავე წელს კიდევ ერთი ადამიანი „გაენდო“ სააკაშვილს. ეს თურმე ლუკაშენკო ყოფილა. ბელარუსის პრეზიდენტმა მიშას ჰკითხა, ვინ არის ეს არკადი პატარკაციშვილი, რომელსაც ჩემთან უნდა ჩამოსვლა და ითხოვს ჩემთან შეხვედრის ნებართვასო? სააკაშვილმა ლუკაშენკოს თავისუფალი მოქმედების უფლება მისცა, როგორც გინდა, ისე მოიქეცი, ამ საქმისგან არაფერი გამოვაო. პატარკაციშვილი ჩასულა მინსკში, ლუკაშენკო კი თურმე სააკაშვილს ამცნობს, პუტინმა დამირეკა და მითხრა, მოვლენ და პატარკაციშვილთან ისაუბრებენო.
„ლუკაშენკოსგან ვიცი, „ეფესბეს“ სამი გენერალი ჩავიდა და პატარკაციშვილს შეხვდა, შემდეგ კი ლუკაშენკოს გამოუცხადეს, რომ ეს არის საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი. ეს ხდება 2007 წლის სექტემბერში, ამის შემდეგ იწყება კამპანია, რომ უნდა იყოს დიდი გამოსვლები პატარკაციშვილის ორგანიზებული და დაფინანსებული. პატარკაციშვილის ფული იყო მთლიანად რუსული ფული“, - ამბობს სააკაშვილი.
მისი თქმით, 2007 წლის ოქტომბერში თბილისში გაიმართა ისტორიული კონფერენცია, ჩამოვიდა ნატოს გენერალური მდივანი, ამერიკის ელჩი ნატოში და ამ კონფერენციაზე გადაწყდა მაპ-ის მიღება. წავიდნენ 30 ოქტომბერს, 2 ნოემბერს კი მოხდა დიდი გამოსვლა, სადაც ხალხის ნაწილმა არ იცოდა პატარკაციშვილის გეგმების შესახებ.
აპირებდა თუ არა პატარკაციშვილი გაპრეზიდენტებას, ამის შესახებ For.ge გია ხუხაშვილს ესაუბრა, რომელიც 7 ნოემბრის საქმეზე სახელმწიფო გადატრიალების საქმის ფიგურანტი გახლდათ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში.
ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ 7 ნოემბერთან დაკავშირებით ეს არის სააკაშვილის ხედვა, ის პოლიტიკოსია და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, რაც აბსოლუტურად არადამაჯერებელია.
„აბსოლუტურად აბსურდულად ვიყავი ამ საქმეში ფიგურანტი, რასაც სააკაშვილი ე.წ. გადატრიალებას უწოდებს. არაფერი არ მსმენია არც მაშინ და არც დღეს ე.წ. გადატრიალების შესახებ. ერთი რამ უნდა ითქვას მის სასარგებლოდ, რომ 7 ნოემბრის შემდეგ სააკაშვილმა გარკვეული პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო, თუ მოუწია აღება, ის გადადგა 7 ნოემბრის შემდეგ. აქ მთავარია, რა ხდებოდა 7 ნოემბერს, პროკურატურა რამდენად წელში გამართულია და როგორია 7 ნოემბრის საქმეში მიხეილ სააკაშვილის პირადი როლი. ჩვენ უნდა ვისწავლოთ მართლმსაჯულების ენის წაკითხვა. პოლიტიკურად აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის ის განცხადებები, რაც მან გააკეთა 7 ნოემბერთან დაკავშირებით, მაგრამ ამას აქვს სამართლებრივი მხარე“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.
მანვე განმარტა, რომ სააკაშვილის ნათქვამი, თითქოს პუტინს სურდა პატარკაციშვილი სააკაშვილის შემცვლელად, არასერიოზული განცხადებაა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პატარკაციშვილი არც იყო იმ პერიოდში სააკაშვილის რეალური ალტერნატივა. ეს იმითაც მტკიცდება, რომ 7 ნოემბრის შემდეგ ცოტა ხანში გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები და ბადრი პატარკაციშვილი მესამე ადგილზე გავიდა ძალიან დიდი სხვაობით. ეს კი ნიშნავს, რომ იმ პერიოდისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში პატარკაციშვილი არ იყო ალტერნატივა, ალტერნატივა იყო ლევან გაჩეჩილაძე.
„აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ ისტორიულ ფაქტებს გადავხედავთ, არადამაჯერებელია სააკაშვილის ნათქვამი, რომ თურმე პატარკაციშვილი უნდა ყოფილიყო მისი შემცვლელი და თურმე ეს სააკაშვილს უთხრა ლუკაშენკომ. თუნდაც ეს ეთქვა ლუკაშენკოს, ლუკაშენკოს ნათქვამი არ შეიძლება ფაქტად მივიღოთ. იქნებ, ლუკაშენკოს თავისი პოლიტიკური ინტერესი ჰქონდა, იქნებ, სააკაშვილს ატყუებდა, ჩვენ ხომ არ ვიცით, რა ხდებოდა სინამდვილეში?! ვერც იმას ვიტყვი ხელაღებით, ლუკაშენკომ ეს ნამდვილად უთხრა თუ არა სააკაშვილს. პოლიტიკოსის ნათქვამი უპირობოდ დასაჯერებელი არაა და ისტორიულ ფაქტად ამის მოყვანა არასერიოზულად მიმაჩნია. ნებისმიერ დანაშაულს, მათ შორის, სახელმწიფო დანაშაულს მტკიცებულება სჭირდება. ლუკაშენკოს მტკიცებულებებად დოკუმენტები რომ წარმოედგინა, მაშინ, კი ბატონო“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.
ასევე, იგი განმარტებას აკეთებს სააკაშვილის მორიგ ნათქვამთან დაკავშირებით, რომ 7 ნოემბერს მას თურმე ეძინა. გია ხუხაშვილი არ გამორიცხავს, იქნებ, ამაშიც იტყუება სააკაშვილი, ამიტომ მტკიცებულება უნდა მოძებნოს პროკურატურამ. მისი აზრით, ანალოგიური შემთხვევაა, როცა 20 ივნისის ამბებზე დღევანდელი ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი ხელს იშვერენ გახარიასკენ, გახარია იყო ყველაფერში დამნაშავე, ჩვენ აზრზე არ ვიყავით, უდანაშაულო ბავშვს თვალი დათხარაო. გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლების მხრიდან ამგვარი თავის მართლების მიუხედავად, ვიღაცას მაინც რჩება განცდა, რომ ბრძანება გასცა ბიძინა ივანიშვილმა. ამიტომ მტკიცებულებების მოპოვება პროკურატურის კომპეტენციაა.
უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ 7 ნოემბერთან დაკავშირებით სააკაშვილი ისეთ რამეს ამბობს, რაც არ დამტკიცდება, ამიტომ ასეთ ნათქვამს არანაირი ფასი არ აქვს.
„მაშინ სააკაშვილს ლუკაშენკო მოწმედ უნდა მოეწვია, ან გამოეკითხა და დაედასტურებინა თავისი ნათქვამის სიზუსტე. თუმცა მან კარგად იცის, რომ ეს აბსურდია. თუკი სააკაშვილის ნათქვამი მართალია, მაშინ გამოდის, თურმე ლუკაშენკო პუტინის კაცი კი არა, სააკაშვილის კაცი ყოფილა“, - აღნიშნა გელა ნიკოლაიშვილმა.