მიმდინარე წლის 18 მაისს, შვედეთის ქალაქ მალმიოში „ევროვიზია-2013“-ის ტრადიციული მუსიკალური კონკურსი გაიხსნება. ამ ღონისძიებაზე საქართველოც იქნება წარმოდგენილი. სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი კომპოზიციას „Waterfall” შეასრულებენ და ფინალურ ჯგუფში მოხვედრას შეეცდებიან.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ამ კონკურსის ოფიციალური ჰიმნი, თავის დროზე პოპულარული ჯგუფი „ABBA”-ს წევრებმა ბენი ანდერსონმა და ბიორნ ულვეუსმა შექმნეს. ამ კომპოზიციის სახელწოდებაა „We Write The Story” და მისი პრემიერა „ევროვიზია-2013“-ის პირველ დღეს შესდგება.
„რამდენიმე თვის წინ ამ ღონისძიების ორგანიზატორები დაგვიკავშირდნენ და ოფიციალური ჰიმნის დაწერა გვთხოვეს. რასაკვირველია ეს შემოთავაზება დიდი სიამოვნებით მივიღეთ და რამდენიმე კვირაში მართლაც რომ შესანიშნავი მელოდია შევქმენით.“ - განაცხადა ბენი ანდერსონმა.
საინტერესოა, რომ თავის დროზე „ABBA”-მ მსოფლიო დიდებისკენ სვლა ამ კონკურსის შემდეგ დაიწყო. ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო 1974 წლის „ევროვიზიაზე“ და მუსიკოსების მიერ შესრულებულმა კომპოზიციამ „Waterloo” ნამდვილი ფურორი მოახდინა.