დღეს დილით გამოცემამ „El Pais” სენსაციური ცნობა გაავრცელა.
გაზეთის ჟურნალისტების მტკიცებით, მადრიდის „რეალის“ ამჟამინდელი თავკაცი ჟოზე მოურინიო თანამდებობას შეინარჩუნებს, კარის დარაჯი იკერ კასილიასი და მცველი სერხიო რამოსი კი „სამეფო გუნდს“ აუცილებლად დატოვებენ.
რამდენად სარწმუნოა ეს ინფორმაცია კაციშვილმა არ იცის. მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „ერთადერთი“ „რეალის“ დატოვებას აპირებდა. კულუარული ცნობით, პორტუგალიელს მუშაობა „ჩელსიში“, „მანჩესტერ სიტიში“ ან „პარი სენ ჟერმენში“ უნდა დაეწყო.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჟოზე მოურინიოს იკერ კასილიასთან და სერხიო რამოსთან ურთიერთობა დაეძაბა. ტრავმის მოშუშების შემდეგ ესპანეთის ეროვნული გუნდის კარის დარაჯი სათადარიგოთა სკამს ხეხავს. ჟოზე იკერს თამაშის საშუალებას პრინციპულად არ აძლევს.
საქმე იქამდე მივიდა, რომ ესპანეთის საფეხბურთო საზოგადოებამ „განსაკუთრებულს“ კასილიასისთვის თამაშის უფლების მიცემა მოსთხოვა. ჯიუტმა ჟოზემ ამ თხოვნას არანაირი ყურადღება არ მიაქცია. კასილიასი გუნდიდან წასვლით დაიმუქრა.
„რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს რთული ამოცანის გადაწყვეტა მოუწია. ერთი მხრივ სახელგანთქმული მწვრთნელი, მეორე მხრივ კი ცნობილი ფეხბურთელი.
„El Pais”-ის ინფორმაციით, პერესმა ჟოზე მოურინიოს მხარი დაიჭირა და პორტუგალიელს გუნდში დარჩენა ოფიციალურად სთხოვა. „ერთადერთს“ მადრიდელებთან გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2016 წლის ზაფხულში უსრულდება.
კულუარული ცნობით, მოურინიო არსად წასვლას აღარ აპირებს და მინიმუმ ერთი წლით მადრიდში დარჩება. გავრცელდა ცნობა, რომ იკერ კასილიასი და სერხიო რამოსი მომავალი სეზონიდან ახალ გუნდებში იასპარეზებენ.