რამდენიმე საათის წინ გამოცემამ „Marca” საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა.
გაზეთს მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ესაუბრა და განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში კლუბის ცოცხალი ლეგენდა რაული მადრიდში დაბრუნდება და „სამეფო გუნდის“ დირექტორატში ერთ-ერთ პასუხისმგებელ თანამდებობას დაიკავებს.
„მადრიდის „რეალი“ რაულის მეორე სახლია. რამდენიმე წლის წინ მას ესპანეთის დატოვება და კარიერის სხვა ქვეყნებში გაგრძელება მოუწია. ფეხბურთელის წასვლის მიზეზებზე ამჟამად ვერ ვისაუბრებ. ფაქტია რომ „რეალმა“ მაშინ დიდი შეცდომა დაუშვა.
რაულს რამდენიმე დღის წინ ტელეფონით ვესაუბრე და მადრიდში დაბრუნება შევთავაზე. 35 წლის მოთამაშე პროფესიულ საფეხბურთო კარიერას მალე დაასრულებს. გარწმუნებთ რომ უმუშევარი არ დარჩება, რადგან გუნდის სტრუქტურაში მნიშვნელოვანი თანამდებობა შევთავაზე. რაულმა გულდასმით მომისმინა და შემპირდა, რომ ჩემს შემოთავაზებას აუცილებლად მიიღებს.“ - განაცხადა ფლორენტინო პერესმა.
რაული „სამეფო კლუბის“ ღირსებას 1994-2010 წლებში იცავდა. „რეალის“ მაისურით ესპანეთის პირველობაზე 550 შეხვედრა ჩაატარა და 228 გოლი გაიტანა.
2010-2012 წლებში ფეხბურთელი გერმანულ „შალკეში“ ასპარეზობდა. ამ გუნდის ღირსება 66 მატჩში დაიცვა და 28 გოლი მიითვალა.
გასული სეზონიდან ესპანელი ყატარის „ალ-სადში“ თამაშობს და ამ კლუბს ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა.
ესპანეთის ეროვნული გუნდის რიგებში რაულმა 102 მატჩი ჩაატარა და 44 გოლი გაიტანა.