სერბეთში, გარემოსდამცველებმა ხიდები და გზები გადაკეტეს

სერბეთში, გარემოსდამცველებმა ხიდები და გზები გადაკეტეს

სერბეთის დედაქალაქსა და სხვა მრავალ ქალაქში ასობით ადამიანი შეიკრიბა. მათ ხიდები და გზები ერთი საათით გადაკეტეს, - ამის შესახებ Al Jazeera წერს.

აქციის მონაწილეები ეწინააღმდეგებიან ახალ კანონს, რომელიც ითვალისწინებს რეფერენდუმის ბარიერის დაწევასა და კერძო საკუთრების დაჩქარებულ ექსპროპრიაციას, თუკი ეს საჯარო ინტერესად იქნება მიჩნეული.

აქტივისტების განცხადებით, ეს უცხოელ ბიზნესმენთა ინტერესებს ემსახურება და მთავრობა არ ითვალისწინებს, რამდენად აბინძურებს ქვეყნის მიწასა და წყალს უცხოური კომპანიების მიერ ქვეყანაში მიმდინარე სამთო მომპოვებელი მრეწველობა.

„გაბრაზებული ვარ, რადგან ჩვენ ოკუპირებული ქვეყანა ვართ… არ ვიცი, რატომ სდუმს ხალხი“, - ამბობს ერთ-ერთი აქტივისტი, 35 წლის მარია პოპოვიჩი.

სერბეთის მთავრობამ სხვადასხვა კომპანიას, მათ შორის, ჩინურ Zijin-სა და Rio Tinto-ს ადგილობრივი მინერალური რესურსების მოპოვება შესთავაზა. აქტივისტების თქმით, ამ კომპანიების პროექტები გამოუსწორებელ ზიანს აყენებს გარემოს.