საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ ოთხნიშნა ციფრს შეადგენს, - ეს მაჩვენებელი უკვე რამდენიმე კვირაა ნარჩუნდება და სპეციალისტების ნაწილის შეფასებით, ეპიდემიოგოლიური მდგომარეობის სტაბილიზაციის ნიშნები, ფაქტობრივად, არ ჩანს. ამის ფონზე, საზოგადოებაში გაჩნდა შიში, რომ 28 ნოემბრიდან, შესაძლოა, „ლოკდაუნი“ კიდევ ერთხელ გამოცხადდეს და მკაცრი შეზღუდვები ქვეყანაში კვლავ ამოქმედდეს.
აღნიშნული ინფორმაცია For.ge-მ მთავრობის ადმინისტრაციაში გადაამოწმა, სადაც გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე საკოორდინაციო საბჭოს მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია.
„სანამ საბჭოს შეკრება არ იქნება, ამ საკითხზე ვერაფერს გეტყვით. როგორც წესი, გადაწყვეტილებები საკოორდინაციო საჭოს შემდეგ მიიღება ხოლმე. ჯერ მსგავს საკითხზე საუბარი არ ყოფილა“, - გვითხრეს მთავრობის ადმინისტრაციაში.
ბოლო 24 საათში, ვირუსით ინფიცირების 4534 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 831 248-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში კორონავირუსით 74 პირი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ჯამში, ვირუსს 11 810 ადამიანი ემსხვერპლა.
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ენდელაძე თვლის, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მაღალი რაოდენობა ფიქსირდება, რაც შესაძლოა, იყოს საფუძველი იმისა, რომ საქართელიში „ლოკდაუნი“ კიდევ ერთხელ გამოცხადდეს:
„ბევრია ახალი დადასტურებული შემთხვევები და ამას, ალბათ, გადაწყვეტენ ამ საკითხში უფრო კომპეტენტურები, ეპიდემიოლოგიები და საკოორდინაციო საბჭო. სერიოზული მატებაა და აუციელებლია, რაღაც ღონისძიებები იქნას მიღებული. „ლოკდაუნს“ ჯობდა, რომ მოსახლეობას გაეგო, აუცილებლად ვაქცინაცია, პირბადის გამოყენება, დისტანციის დაცვა უფრო სასურველი იყო თვითონ მოსახლოებისთვის და ქვეყნისთვისაც, მაგრამ თუ სხვა გამოსავალი არ ექნება სახელმწიფოს, მაშინ ასე გადაწყდება“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ For.ge-სთან.
ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე „ლოკდაუნის“ გამოცხადებაში ვერ ხედავს გამოსავალს. მისი განცხადებით, ახალი შემთხვევების ასეთი მატება პოლიტიკური გამოსვლების შედეგად მივიღეთ. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია ვაქცინაციის ტემპის გაზრდა. მისი თქმით, გარკვეულ ჯგუფებში აცრა სავალდებულო უნდა გახდეს.
„ლოკდაუნებმა“ მაინცდამაინც დიდი შედეგები არ მოგვცა და პირიქით - ხალხს უფრო გაუჭირდა და უფრო მეტი პრობლემა შეექმნა წმინდა ტექნიკური და მატერიალური კუთხით. მაქსიმალურად უნდა გამკაცრდეს ეპიდემიოლოგიური თავდაცვა და მაქსიმალურად უნდა მოხდეს რაღაც გზებით ხალხის აცრა. „ლოკდაუნი“ ჩემთვის არ არის გამოსავალი.
აშკარად გაძლიერდა ვირუსი და ლეტალობამაც მოიმატა, მაგრამ თუ დავაკვირდებით გარდაცვლილთა შორის 99% არის აუცრელი. ადამიანი, რომელიც სიკვდილისთვის არის მზად და არ არის მზად აცრისთვის, იმას ჩვენ ვერ მოვერევით, თუ სახელმწიფო ნება არ იქნება. ძალიან ბევრი ქვეყანა ოფიციალურად მიიღებს სავალდებულო აცრის შესახებ კანონს. ომში ამდენი ჩვენ არ დაგვიკარგავს და ამიტომ, მნიშნელოვანია, რომ აიცრან. ადრე ვსაუბრობდი, რომ სავალდებულო არ უნდა იყოს აცრა, მაგრამ დღეს, განსაკუთრებით უნდა აიცრან მასწავლებლები, საზოგადოებრივ ადგილებში მომუშავე პირები, ექიმები და ისეთი ხალხი, ვისაც უწევს ბევრ ადამიანთან კონტაქტი.
ამასთან, კატეგორიულად აიკრძალოს ყოველგვარი მიტინგები და გამოსვლები. ძირითადად „აფეთქებები“ მოჰყვა ადამიანთა ერთად შეკრებას. როდესაც საუბარია ეპიდემიაზე და პანდემიაზე, იქ პარტიულობა არ აინტერესებს ვირუსს. ამიტომ, კატეგორიულად უნდა აიკრძალოს ასეთი გამოსვლები, სადაც უმეტესწილად აუცრელი ადამიანები არიან, თანაც არც პირბადეს იყენებენ ნორმალურად“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ For.ge-სთან.
ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა აღნიშნავს, რომ „ლოკდაუნის“ კიდევ ერთხელ გამოცხადება საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე ცუდად აისახება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანები აიცრან, წინააღმდეგ შემთხვევაში, არც ქვეყნის ერთგვარ ჩაკეტვას არ გამორიცხავს.
„ლოკდაუნის“ გამოცხადება ყოველთვის არის ცუდ რამესთან ასოცირებული - შეზღუდვებთან, ბიზნესის გაჩერებასთან, ეკონომიკურ კრიზისთან და ა.შ. ამიტომ, კარგი იქნება, თუ არ დაგვჭრდება, მაგრამ თუ ჩვენთან ეპიდსიტუაცია არ დასტაბილურდა, სხვა გზა არ დარჩება, რადგან არ არსებობს ამოუწურავი რესურსი და ჰოსპიტალური სექტორის ძალიან მალე, მაქსიმალური გადატვირთვის ფონზე, შეიძლება მოხდეს კლინიკური ნაწილის კოლაფსი.
ამის თავიდან აცილების მიზნით, შესაძლოა, აუცილებელი გახდეს „ლოკდაუნის“ გამოცხადება, თუმცა, იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ მოხდება და ნელ-ნელა მოვახერხებთ ეპიდსიტუაცია დავასტაბილუროთ, მაგრამ ამის მოხერხება რთული იქნება. ვაქცინაციის პროცესი არ მიდის აქტიურად, რეგულაციები იხსნება და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ ამარა ყოფნა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ეპიდსიტუაცია დასტაბილურდეს.
ზოგადად, პოპულაციაში არ უნდა გახდეს აცრა სავალდებულო, მაგრამ რისკ-პროფესიებში და ასევე იმ ადამიანებში, ვისთანაც დაავადების გავრცელების მაღალი რისკია, ჯობია, რომ გახდეს სავალდებულო, მაგალითად - სამედიცინო პერსონალის“, - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ For.ge-სთან.