ჯო ბაიდენის განცხადებით, უახლოეს დღეებში ის ვლადიმირ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარს გეგმავს

ჯო ბაიდენის განცხადებით, უახლოეს დღეებში ის ვლადიმირ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარს გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ „დიდი ალბათობით“, უახლოეს დღეებში ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გაესაუბრება. ამის შესახებ გამოცემა New York Post-ი წერს.

როგორც თეთრი სახლის ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის შეშფოთებულია უკრაინაში შექმნილი სიტუაციით და ზელენსკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ქვეყანაში დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალების შესახებ.

14 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან 100 ათასამდე რუსი სამხედროა განლაგებული. 16 ნოემბერს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის უჩვეულო სამხედრო აქტივობა და შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია კვლავ ფიქსირდება. 18 ნოემბერს, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინის საზღვართან სიტუაციას ყურადღებით აკვირდება.

21 ნოემბერს, სააგენტო Bloomberg-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-მა ევროპელ მოკავშირეებს სადაზვერვო ინფორმაცია გაუზიარა, რომელიც ცხადყოფს, რომ რუსეთი უკრაინაში სწრაფი და ფართომასშტაბური შეჭრისთვის მოსამზადებლად ჯარებსა და არტილერიას აძლიერებს, თუ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეჭრას გადაწყვეტს.