„თუკი სააკაშვილს ფსიქიკური პრობლემები გააჩნდა და მაინც ქვეყანას მართავდა, მაშინ ამ საკითხზე უნდა ვილაპარაკოთ და ვთქვათ, რომ საკანონმდებლო ბაზა არის ხარვეზიანი“

„თუკი სააკაშვილს ფსიქიკური პრობლემები გააჩნდა და მაინც ქვეყანას მართავდა, მაშინ ამ საკითხზე უნდა ვილაპარაკოთ და ვთქვათ, რომ საკანონმდებლო ბაზა არის ხარვეზიანი“

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ გორის ჰოსპიტალში გადაიყვანა სააკაშვილი, პრეზიდენტყოფილის გარემოცვამ ერთი ბარტყის დათმობის პრინციპით, მეორე ბარტყის გადაგდებაც მოინდომა და საუბარი დაიწყო სააკაშვილის გათავისუფლებაზე, ანუ სასჯელის გადავადებაზე.

„საჭიროა ფსიქოლოგის და ფსიქიატრის დამატება, რომ სააკაშვილის მკურნალობა გავაგრძელოთ... იქნებ, გავათავისუფლოთ ეს ადამიანი, იმკურნალოს ნორმალურად“, -ეს სააკაშვილის ოჯახის ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის სიტყვებია.

„სააკაშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა არაა შესაბამისი, ის უნდა იყოს თავისუფლებაზე“, - ეს ლიზა იასკოს სიტყვებია.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სააკაშვილის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ამახვილებენ ყურადღებას. ჯერ კიდევ ნოემბრის დასაწყისში ნიკა გვარამია ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს არა მარტო ფეხზე დგომა უჭირდა, არამედ მის ფსიქიკას სერიოზული კვალი ეტყობოდა. კერძოდ, სააკაშვილის მონახულების შემდეგ გვარამია ამბობდა, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებები შესაძლოა, არც ყოფილიყო ბოლომდე ადეკვატური და ურთიერთგამომრიცხავად ჩათვლილიყო, რასაც მისი ფსიქიკური მდგომარეობა იწვევდა. ამიტომ გვარამია სთხოვდა სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში შესულ პირებს, ადვოკატებს, ექიმებს, დეპუტატებს, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები წერილობით საკითხავად არ გამოეტანათ, არამედ მის ფეისბუკზე დაედოთ, რადგან ,,ეს ადამიანი ბოლომდე ფსიქოლოგიურად და გონებრივად ვერ აკონტროლებს სიტუაციას“.

სააკაშვილის ფსიქიკურ მდგომარეობას თავისებურ ახსნას უძებნიდა პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილიც ჯერ კიდევ 6 ოქტომბერს. ექსპრეზიდენტის დაკავების შემდეგ ის აცხადებდა, რომ სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. პრემიერის აზრით, ყველაზე ლოგიკურია ის ვერსია, რომ სააკაშვილი საქართველოში არა ციხეში შესვლის გათვლით, არამედ ხელისუფლების გადატრიალების მყარი იმედით ჩამოვიდა.

რას ნიშნავს სააკაშვილის გარემოცვის მხრიდან მის ფსიქიკაზე გამუდმებული საუბარი? ხომ არ უპირებენ სააკაშვილს გათავისუფლებას ამ მოტივით?

„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილის ახლობლების პოზიციას ახმოვანებს მისი ექიმი, რომელმაც გამოაცხადა, რომ ექსპრეზიდენტს ესაჭიროება ფსიქიატრი და ფსიქოლოგი. ფსიქოლოგი, ალბათ, იყო უფრო გაფორმება, შელამაზება, რომ პირდაპირ ფსიქიატრი არ ეხსენებინათ.

„თუ მას აქვს ფსიქიატრიული პრობლემები, რომელიც მას დაპატიმრებამდეც ჰქონდა და საქართველოში მისი შემოღწევის ფორმაც და შინაარსიც სწორედ ამაზე მიუთითებს, რომ არ შეიძლება ნორმალური ადამიანი, ყოფილი პრეზიდენტი საკუთარ ქვეყანაში ტრაილერით, ბარგთან ერთად შემოდიოდეს, ეს არ არის ნორმა და ეს არის აუცილებლად გადახრა, მაშინ პირდაპირ უნდა გვითხრან, რომ სააკაშვილი გაგიჟდა, ის არ არის ნორმალურ მდგომარეობაში. ამის გამო მას ვერ უმკურნალებენ ციხის საავადმყოფოში და ის უნდა გადაიყვანონ ქალაქის საავადმყოფოში. დღეს ის მართლაც გადაყვანილია ქალაქის საავადმყოფოში, მაგრამ, როგორც ვიცი, არც გორის კლინიკა არ არის ფსიქიურად დაავადებულების მკურნალობაზე ორიენტირებული. მაშინ რატომ გადაიყვანეს ისეთ საავადმყოფოში, რომელიც არ არის ფსიქიურად დაავადებულების მკურნალობაზე ორიენტირებული?! ჩვენთან, ქალაქში ხომ არის საავადმყოფოები, რომელთაც შეთავსებით აქვთ ასეთი განყოფილებები, გორის კლინიკისგან განსხვავებით?!“ - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ for.ge-სთან საუბრისას.

მანვე გამოთქვა ეჭვი, რომ სააკაშვილის გათავისუფლება უნდათ, როგორც შეშლილის. სხვაგვარად მისი გათავისუფლების არანაირი ლეგალური ფორმა არ არსებობს. ნანა კაკაბაძე არ გამორიცხავს, თვითონ სააკაშვილიც თანახმა იყოს, ითამაშოს შეურაცხადობა იმისთვის, იქნებ, გაათავისუფლონ. ამიტომ მისმა ახლობლებმა შეიძლება ასეთი გაყალბებული საბუთიც წარმოადგინონ.

„ყოველ შემთხვევაში, ასეთი დოკუმენტი მე არ მინახავს და არც ვიცი, ეს რეალობაა თუ არა. იმას არ ვიძახი, რომ მას გარკვეული ფსიქიკური დარღვევები არ გააჩნია, მაგრამ ეს დარღვევები მას გააჩნდა მაშინაც, როცა ის იყო პრეზიდენტი, იუსტიციის მინისტრი. ხელისუფლებამ გადასარევად იცოდა, რა დარღვევები ჰქონდა სააკაშვილს. თუკი ფსიქიკური პრობლემები მას გააჩნდა და ის მაინც ქვეყანას მართავდა, მაშინ ამ საკითხზე უნდა ვილაპარაკოთ, შევაფასოთ და ვთქვათ, რომ საკანონმდებლო ბაზა არის ხარვეზიანი, როდესაც პირი ასეთ მაღალ თანამდებობაზე აცხადებს პრეტენზიას, ის ფსიქიკურად უნდა შეამოწმონ და ქვეყანა არ უნდა ჩააგდონ იმ მდგომარეობაში, რომ მისი დაავადების გამო მერე ქვეყანაში იქმნებოდეს ისეთი სადისტური სისტემები, როგორიც სააკაშვილმა შექმნა“, - მიიჩნევს ნანა კაკაბაძე, რომლის აზრითაც, თუ ექსპრეზიდენტი ფსიქიკურად შეშლილია და ამის გამო შექმნა სადისტური სისტემა, მაშინ ეს კანონის ხარვეზია, რომელიც არ უზრუნველყოფს, რომ ასეთი დაავადებით შეპყრობილი ადამიანები არ ხვდებოდნენ ხელისუფლებაში.

ნანა კაკაბაძის თქმით, ასეთ შემთხვევაში ან კანონია დასახვეწი, ან მისი აღსრულება მკაცრად გასაკონტროლებელია, რადგან უკვე შედეგი დაიდო, რომ ასეთმა ადამიანმა ისეთი რეჟიმი შექმნა, რასაც ასობით და ათასობით ადამიანი ემსხვერპლა. ნანა კაკაბაძის შეფასებით, თუკი ნაციონალები აღიარებენ, რომ ეს იყო სიგიჟით გამოწვეული, მაშინ ამას ძალიან მკაცრი დასაბუთება, ძალიან მკაცრი საექსპერტო დასკვნა სჭირდება, საკანონმდებლო ბაზას და მის აღსრულებას სერიოზული მონიტორინგი სჭირდება, თუ რა მოხდა სააკაშვილის შემთხვევაში.

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის განმარტებით, რასაკვირველია, საქართველოს ფუნქციაა, უზრუნველყოს პატიმრის ჯანმრთელობა.

„თეთრი საბუთით გათავისუფლებას უმზადებენ თუ არა სააკაშვილს, ამაზე საუბარი რთულია. ესეც ერთ-ერთი შესაძლებლობაა ციხიდან მისი დახსნის თვალსაზრისით და არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ. ასეთ შემთხვევაში, უნდა დადასტურდეს სამართლებრივად, რომ ეს ადამიანი შეურაცხადია, რომ პასუხისმგებლობა არ გააჩნია თავის ქმედებებზე. ამ მასშტაბის გადარეული კი ეგ არ არის. თუმცა ზოგიერთები იმასაც ფიქრობენ, რომ შეუძლია, ითამაშოს. აქ მთავარია, რომ სააკაშვილი გახლავთ ჰიბრიდული საფრთხე საქართველოსთვის. ის არის ინსტრუმენტი, რომელსაც იყენებს ნებისმიერი ჯურის მტერი. თუკი ვინმეს არაჯანსაღი ინტერესი აქვს საქართველოსთან მიმართებით, სააკაშვილს უთუოდ გამოიყენებს, პირველ რიგში, ამაში რუსეთს ვგულისხმობ“, -აცხადებს დავით ზარდიაშვილი for.ge-სთან საუბრისას.

ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ სააკაშვილი საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრივ იდენტობას, სახელმწიფოებრივი იდენტობის ფუნდამენტი კი არის სამართალი, რომელსაც სააკაშვილი ჭედავს. ამის გამო ჩვენი სახელმწიფო და სამართალდამცავი სისტემა იძულებულია, არაორდინალური გადაწყვეტილება მიიღოს მის მიმართ. მათ შორისაა გორის ჰოსპიტალში მისი გადაყვანა. ეს კი საშინელი უსამართლობაა, ამით თანასწორობის პრინციპი ირღვევა.

„რამდენი ადამიანი ციხის გარეთ შიმშილობს, იმიტომ კი არა, რომ რამეს აპროტესტებს, არამედ უსახსრობის გამო, მაგრამ ვინმეს ეღირსება გაძლიერებულ კვებაზე გადაყვანა? ან კიდევ, ეღირსება გორის ჰოსპიტალში სარეაბილიტაციოდ წაყვანა ამის გამო? გამოდის, რომ სააკაშვილის, როგორც უბოროტესი დამნაშავის ჯანმრთელობა უკეთ არის უზრუნველყოფილი, ვიდრე წესიერი, პატიოსანი ადამიანის. რამდენადაც ვიცი, ასეთი სპეციალიზებული ფსიქიატრიული კლინიკა საქართველოში არ არის, ადრე იყო, მაგრამ დღეს ბევრ მრავალპროფილურ კლინიკას აქვს ფსიქიატრიული განყოფილება და იქ პატიმრებიც მიჰყავთ, თუკი ეს საჭიროებაა. თუკი საჭირო გახდება, სააკაშვილსაც გადაიყვანენ ციხის გარეთ მრავალპროფილურ კლინიკაში ფსიქიატრიული მკურნალობის განხრით“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.