„ნაცმოძრაობის“ მეთოდი, ადამიანების ტრაგედიით მანიპულირება - ვის სურს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ასპარეზიდან გაქრობა?

„ნაცმოძრაობის“ მეთოდი, ადამიანების ტრაგედიით მანიპულირება - ვის სურს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ასპარეზიდან გაქრობა?

ექსპერტთა ნაწილის მოსაზრების თანახმად, ოპოზიცია, კერძოდ „ნაციონალური მოძრაობა“ ტრაგედიებით ცდილობს გარკვეული საპროტესტო მუხტისა აწევას და დაუმორჩილებლობის სურვილის გაღვივებას. სწორედ ამით ხსნიან, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შვილის, ედუარდ სააკაშვილის განცხადებას: „ოპოზიციაში გამოიკვეთა ტენდენცია, გარკვეულ ჯგუფებში შესაძლოა, ერჩივნათ, რომ მიხეილ სააკაშვილი ცოცხალი არ ყოფილიყო“. როგორც ედუარდ სააკაშვილმა აღნიშნა: „ნებსით თუ უნებლიეთ, ვიღაცებს მოთხოვნილება უჩნდებათ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მართლა მოკვდეს“.

მას შემდეგ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოპოზიციაში გადაინაცვლა, ადამიანის გარდაცვალება და ამ შედეგის ხელისუფლებისთვის გადაბრალება, თითქოს მათ ხელწერად იქცა. ანალიტიკოსთა შეფასებით, მსგავსი მიდგომა პოლიტიკაში და განსაკუთრებით ქართულ პოლიტიკაში, გასაკვირი ნამდვილად არ არის. თანაც, „ნაციონალური მოძრაობა“ იმისათვის, რომ ხელისუფლებაში კვლავ დაბრუნდეს, აბსოლუტურად ყველა ხერხს და მეთოდს იყენებს.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ადამიანების ტრაგადიას „ნაციონალური მოძრაობა“ სათავისოდ ხშირად იყენებს იმისთვის, რომ ხელისუფლებას ზიანი მიაყენოს. მისივე შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი ძლიერი პოლიტიკური ფიგურაა და ბუნებრივია, რომ გაჩნდა კონკურენციის სურვილიც.

„მგონია, რომ კონკრეტიკა არც მას ჰქონდა ვიღაცაზე მიმართული და საერთოდ, მძიმე კითხვაა, ვის შეიძლება უნდოდეს მეორე ადამიანის სიკვდილი. დღეს შეიძლება ასეთი ადამიანი არც არსებობდეს, მაგრამ ის, რომ შეიძლება ამა თუ იმ პოლიტიკოსმა მეორე თავისი კოლეგის დაღუპვა გამოიყენოს და ამაზე პოლიტიკური ნაბიჯები ააწყოს, იშვითი არ არის, ზოგადად, პოლიტიკისთვის და ქართული პოლიტიკისთვის. გვახსოვს ერთ-ერთი პოლიტიკოსის მხრიდან იყო ნათქვამი: „ორი გვამი მჭირდება“, - ამას გამოიყენებდნენ იმისთვის, რომ ადამიანის მოკვლა მეტოქისთვის დაებრალებინათ.

ანალოგიურიად, ნებისმიერი ტრაგედია შეიძლება მეტოქეს დააბრალო და ძალიან ხშირად „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ ტრაგედიას იყენებს იმისთვის, რომ შემდეგ ხელისუფლებას დააბრალოს. დაახლოებით ეს იყო ამ ფრაგმენტში ჩადებული შინაარსი. პოლიტიკა არ არის განსაკუთრებული თვისებების მქონე, პოლიტიკაში უფრო მძაფრი არის ემოციები, თორემ კონკურენცია ყველგანაა და პოლიტიკაშიც არის. სააკაშვილი ძლიერი კონკურენტული ფიგურაა და გამორიცხული არ იქნება, რომ პოლიტიკოსებს მისი არყოფნა უფრო აწყობდეთ, ვიდრე ყოფნა. იქვე არის მეორე ჯგუფი, რომელსაც ოპოზიციისკენ მოზიდული ყურადღება და ხალხის მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად აწყობდეს“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ შესაძლოა, არსებობდეს გარკვეული ჯგუფი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ასპარეზიდან გასვლა სურდეს. მისივე თქმით, ოპოზიციის მთავარი პრობლემა ის არის, რომ ყოფილი პრეზიდენტი „ნაცმოძრაობის“ ლიდერად რჩება და არა მთლიანად ოპოზიციური სპექტრის.

„ასეთი მოსაზრება დიდი ხანია, რაც ქართულ პოლიტიკაშია, ეს ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობიდან იღებს სათავეს, თუმცა, მაშინ ამას იუმორისტული და სატირული ხასიათი ჰქონდა, თითქოს ერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა მეორეს უთხრა: „შენ ახლა, რომ ძალიან გაგლახავდნენ, მაგარ საპროტესტო ტალღას ავაგორებ“, - არავინ იცის, იყო თუ არა ასე, ხუმრობით ითქვა თუ არა, მაგრამ ამან განიცადა ტრანსფორმაცია და მოაღწია ჩვენამდე. მგონია, რომ უფრო ამის გავლენაა ის, რასაც ედუარდ სააკაშვილი ლაპარაკობს. თუ მან იცის, რომ ასეთი ჯგუფები არსებობს, მაშინ პირდაპირ უნდა თქვას. დიდი წარმოდგენა ქართულ ოპოზიციაზე არ მაქვს, მაგრამ არც იმას ვფიქრობ, რომ ოპოზიციაში იყვნენ ადამიანები, ვინც სერიოზულად ფიქრობს, რომ სააკაშვილის გარდაცვალება კარგი იქნებოდა, რომ საპროტესტო ტალღა გაეძლიერებინათ.

ეს არ უნდა სცდებოდეს შიდაპარტიული დაპირისპირების ფარგლებს. პრეცედენტებიც გვაქვს და არაერთი, როდესაც პოლიტიკოსებმა დატოვეს „ნაციონალური მოძრაობა.“ ასეთი ტენდენცია რომ არსებობდეს (სააკაშვილის „ჩაჩოჩება“ სურდეთ), ამის დაშვება ნამდვილად შეიძლება. როდესაც საუბარია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერობაზე, სააკაშვილი არის უცვლელი ლიდერი, მაგრამ ის ვერ იქნება ოპოზიციური ელექტორატის ლიდერი, ეს არის პრობლემა დღეს ქართული ოპოზიციის - ის რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერად და ვერ იქცევა საერთო სახალხო პროტესტის ლიდერად. ამას ხედავს „ნაცმოძრაობის“ გარკვეული ჯგუფი, რომელიც თვლის, რომ სააკაშვილის პოლიტიკიდან გაყვანა ისე მოხერხდეს, რომ ელექტორალურად „ნაცმოძრაობა“ არ დაზარალდეს“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან.

გთავაზობთ ედუარდ სააკაშვილის ციტატას ინტერვიუდან:

„შემზარავია, როდესაც მესმის ოპოზიციის მხრიდანაც იმაზე საუბარი, რომ აი, თქვენ არ იცით, რა მოხდება, რას დავატრიალებთ. ფაქტობრივად, ნებსით თუ უნებლიეთ, ვიღაცებს მოთხოვნილება უჩნდებათ, ეს მართლა რომ მოკვდეს, მაგარ რაღაცებს გავაკეთებთო. არავითარ კონსპირაციას არ ვამბობ, უბრალოდ, თუნდაც ტელევიზიიდანაც ისე ჩანს, რომ ვიღაცებში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ შესაძლოა, მართლა ურჩევნიათ მკვდარი, ვიდრე - ცოცხალი“, - განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პოზიციას, მან შვილის ინტერვიუს შესახებ განმარტება მის ადვოკატს, ნიკა გვარამიას დააბარა:

„მიშამ მთხოვა განმარტება გამეკეთებინა, რომ მისი ვაჟი სრულწლოვანი ადამიანია, თავისი აღქმები და პოზიციები აქვს და ამას აფიქსირებს მამასთან შეთანხმების გარეშე. თვითონ არ მიიჩნევს და ვერ ხედავს ადამიანებს, რომლებიც მისი სიკვდილის ფასად რამე სიკეთის მიღწევას უშვებდნენ ან აქ ჩამოიყვანეს იმიტომ, რომ მომკვდარიყო და რაღაც ზიანი მიეყენებინათ ხელისუფლებისთვის. ეს მისი პოზიცია არ არის“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.