ცნობილ ესპანელ კინორეჟისორს ლუის ბუნუელს ჰყავდა თუთიყუში, რომელსაც სახელად პისაროს ეძახდა.
ერთხელ კინორეჟისორმა შინ დაბრუნებისას ვეღარ გაიგონა პისაროს „ლაპარაკი“. ააფორიაქეს მთელი სახლი, ფრინველი ვერ იპოვეს. იფიქრეს, ნამდვილად ფანჯრიდან გაფრინდა, დახურვა დაავიწყდათო.
როგორც ახლობლები მოგვითხრობენ, ბუნუელს გული დასწყვიტა ფრინველის დაკარგვამ. თუმცა ამ გრძნობას ერთვოდა შიში იმ შედეგისა, რომელიც შეიძლება პისაროს „პოლიტიკური ხასიათის“ ლაპარაკს მოჰყოლოდა. საქმე ის იყო, რომ ფრინველი საკმაოდ მწარედ აგინებდა ფრანკოს და მის რეჟიმს. გული გაუსკდა რეჟისორს - ვინ იცის სადმე ქუჩაში, ხის ტოტზე ზის პისარო და ფრანკოს აგინებსო. ამიტომ დაუყოვნებლივ ასეთი განცხადება გამოაქვეყნა გაზეთში:
„დავეძებთ მოწითალო ფერის თუთიყუშს, სახელად პისაროს. იცის ლაპარაკი და სტვენა. უნდა შევნიშნო, რომ პისაროს პოლიტიკურ შეხედულებებს მე არ ვიზიარებ. თუთიყუში მაჩუქა ერთმა უცხოელმა, რომელმაც დიდი ხანია დატოვა ესპანეთის საზღვრები.“