იტალიურმა „მილანმა“ მადრიდში „ატლეტიკოს“ მოუგო და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლის შანსი შეინარჩუნა. „როსონერიმ“ ამ ტურნირზე 2013 წლის შემდეგ პირველად იმარჯვა, მატჩის გმირი კი ჟუნიორ მესიასი გახდა.
30 წლის ბრაზილიელმა მადრიდელთა კარში 87-ე წუთზე გაიტანა და აღსანიშნავია, რომ ეს მისთვის ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო თამაში იყო. მესიასმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მისი ისტორია ღმერთის დაწერილია.
„განსაკუთრებით ბედნიერი გამარჯვების გამო ვარ, გარდა იმისა, რომ გოლი გავიტანე და დებიუტი მქონდა. რთული პერიოდი გამოვიარე, ორი მძიმე ტრავმა მქონდა. დღეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, ჩვენ ისევ ცოცხლები ვართ და ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ.
გოლის შემდეგ ტირილის სურვილი მქონდა. ღმერთზე ვფიქრობდი, მთელი ჩემი ისტორია მისი დაწერილია. ეს ჩემს კარიერაში საუკეთესო საღამო იყო და იმედია, კიდევ ბევრი ასეთი საღამო მექნება. „ლივერპულთან“ რთული თამაში გველის. ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც „ატლეტიკოსთან“, პირველიდან ბოლო წათამდე ძალიან კარგად ვითამაშეთ. გოლს ჩემს ოჯახს და მეგობრებს ვუძღვნი ბრაზილიაში, მათ, ვისაც ჩემი სჯეროდა“, - თქვა მესიასმა.
ჟუნიორ მესიასი „მილანში“ „კროტონედან“ იჯარით თამაშობს და შავ-წითელი მაისურით მესამე შეხვედრა ჩაატარა, გოლი კი პირველად გაიტანა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ჰქონდა. მას კარიერის განმავლობაში „კაზალეს“, „კიერის“, „გოცანოს“ და „კროტონეს“ რიგებში უთამაშია. სერია A-ში დებიუტი გასულ სეზონში ჰქონდა და 36 მატჩში 9 გოლი გაიტანა, სწორედ ამ სეზონით მიიქცია „მილანის“ ყურადღება.