გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეაში კაცს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, რადგან Netflix-ის პოპულარული სერიალი Squid Game (კალმარის თამაში) ქვეყანაში კონტრაბანდულად შეიტანა.
Radio Free Asia-ის ცნობით, კაცის კვალს მას შემდეგ მიაგნეს, რაც საშუალო სკოლის მოსწავლეები სერიალის ყურების დროს გამოიჭირეს. კაცმა სერიალი USB მეხსიერების ბარათით ჩრდილოეთ კორეაში ჩინეთიდან შეიტანა. მართალია, ჩინეთში Squid Game ოფიციალურად ხელმისაწვდომი არ არის, მაგრამ მსურველები სერიალს ე.წ. მეკობრულ საიტებზე მაინც უყურებენ.
კონტრაბანდისტ კაცს ცეცხლსასროლი იარაღით სიკვდილი, ხოლო მოსწავლეს, რომელმაც სერიალი შეიძინა, სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
"ექვს მოსწავლეს, რომელმაც სერიალს უყურა, ხუთი წლით მძიმე შრომა მიესაჯა, ხოლო სკოლის მასწავლებლები და ადმინისტრატორები სამსახურიდან გაათავისუფლეს და სამუშაოდ შორეულ მაღაროებში შეიძლება გაგზავნონ", — ვკითხულობთ Radio Free Asia-ს განცხადებაში.
2020 წლის დეკემბერში ჩრდილოეთ კორეამ "რეაქციული აზროვნებისა და კულტურის აღმოფხვრის" აქტი მიიღო, რომელიც ქვეყანაში ფილმების, მუსიკის, პიესებისა და წიგნების შემოსვლას არალეგალური გზით კრძალავს. აქტი მიზნად ისახავს, ქვეყანაში სამხრეთ კორეისა და აშშ-ის პროდუქციის გავრცელებას ხელი შეუშალოს. კანონის დამრღვევებს მკაცრად ასამართლებენ და გავრცელებული ინფორმაციით, აპრილში კაცი სიკვდილით საჯაროდ დასაჯეს, რომელიც სამხრეთკორეულ მასალას დისკებით ავრცელებდა.
Squid Game რეჟისორ ჰვანგ დონგ-ჰიუკის შექმნილი სერიალია და ის ადამიანებზე გვიყვება, რომლებიც 40-მილიონიანი პრიზის სანაცვლოდ სასიკვდილო თამაშში იღებენ მონაწილეობას. სერიალი გამოსვლიდან 28 დღის განმავლობაში 116 მილიონმა ადამიანმა ნახა და იმ ეტაპზე ეს Netflix-ის რეკორდი იყო.
რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთმა სამხრეთკორეულმა სერიალმა Hellbound გადაასწრო Squid Game-ს და Netflix-ის ყველაზე პოპულარული სერიალი გახდა. Squid Game-ის რეჟისორმა განაცხადა, რომ მალე ახალ სეზონს ვიხილავთ და მასზე მუშაობას იწყებს.