ცნობილი ქართველი მსახიობი მედეა ჩახავა ერთ „შემთხვევას“ არაერთხელ იხსენებდა:
„რომ იტყვიან, გაქანებული რეპეტიცია გვაქვს... მიშა თუმანიშვილი გვიტარებს. მაგიდასთან ტექსტზე ვმუშაობთ, მომთენთავი სიცხეა, ნახევრად გვძინავს, მაგრამ მიხეილ თუმანიშვილს შესანიშნავი მეთოდი ჰქონდა ჩვენს გამოსაფხიზლებლად.
ეს იყო დიდი, წაწვეტებული ჯოხი, როგორც კი ოდნავ მოვეშვებოდით, მთელი ძალით ლეწავდა მაგიდაზე და ჩვენც „ვფხიზლობდით“.
რომ მოვითენთეთ იმ დღესაც, ჰა, ჰა, უნდა ჩაგვეძინოს და ლაწ! - ჯოხი მთელი ძალით მაგიდაზე.
ჩვენ ხომ ერთ მეტრზე შევხტით, მაგრამ ყველაზე გასაოცარი ის იყო, რომ მაგიდის ქვეშ გაისმა სასოწარკვეთილი შეძახილი:
- ვააააიიი, დედააა!!!
ამას აღარავინ ელოდა, შევიხედეთ მაგიდის ქვეშ და ნახევრად გულწასული რამაზ ჩხიკვაძე შეგვრჩა, რომელიც მუდამ ცდილობდა, რაღაც ემაკვარანცხა ხოლმე და „თაგვივით“ კინაღამ გაება ხაფანგში.“