რამდენიმე დღის წინ გამოცემამ „The Sun” უცნაური ინფორმაცია გამოაქვეყნა.
ბრიტანელმა, სუფოლკის საგრაფოს ქალაქ ლოვესტოფტში მცხოვრებმა - პიტერ კოლინზმა არნახული ფინანსური და მორალური ზიანი მიიღო.
მთელი უბედურება კი ის არის, რომ კატა მოპარეს. ქურდობა პატრონის თვალწინ მოხდა. პიტერმა საკუთარ ეზოში უცნობი ქალი შენიშნა, რომელსაც ხელში კატა ჰყავდა აყვანილი. გამოეხმაურა თუ არა, დაუპატიჟებელმა სტუმარმა ცხოველს კალათში უკრა თავი, ქუჩაში გავარდა, მანქანაში ჩახტა და გაიქცა.
კატა, სახელად ტონი, უიშვიათესი ჯიშის „თურქული ანგარის“ წარმომადგენელია და სულ რამდენიმე ეგზემპლარია მთელ ევროპაში. სპეციალისტთა აზრით, სავარაუდო ფასი 400 ათას დოლარს შეადგენს და ერთადერთია, ვისაც თაობის მოცემა შეუძლია. მისი თითო კნუტი კი 100 ათას დოლარად იყიდება.
პოლიცია გაფაციცებით დაეძებს ეროვნულ სიმდიდრეს. ძებნაში თავად ინტერპოლიც ჩაერთო და პიტერსაც იმედი აქვს, რომ თავის მარჩენალ ტონის, ადრე თუ გვიან, გულში ჩაიხუტებს.