სახელმწიფო დეპარტამენტი: რუსეთმა იცის, რომ ჩვენი ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მყარია

სახელმწიფო დეპარტამენტი: რუსეთმა იცის, რომ ჩვენი ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მყარია

ჩვენმა ევროპელმა მოკავშირეებმა, უკრაინამ და რაც მთავარია, რუსეთმა იცის, რომ ჩვენი ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მყარია, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა.

„ჩვენ არ ვიცით რუსეთის განზრახვები. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რას გეგმავენ ვლადიმერ პუტინი და კრემლი, თუმცა ჩვენ ვიცით ისტორია და ეს ისტორია სულაც არ არის დამამშვიდებელი იმ წინა ნაბიჯების თვალსაზრისით, რომელიც რუსეთმა 2014 წელს გადადგა, რაც გარკვეულწილად მსგავსი იყო და უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის კუთხით ღრმად შემაშფოთებელი შედეგი გამოიწვია“, - აღნიშნა ნედ პრაისმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ასევე განაცხადეს, რომ ნებისმიერი ესკალაციური ან აგრესიული ქმედება შეერთებული შტატების დიდ შეშფოთებას გამოიწვევს.

21 ნოემბერს, სააგენტო Bloomberg-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-მა ევროპელ მოკავშირეებს სადაზვერვო ინფორმაცია გაუზიარა, რომელიც ცხადყოფს, რომ რუსეთი უკრაინაში სწრაფი და ფართომასშტაბური შეჭრისთვის მოსამზადებლად ჯარებსა და არტილერიას აძლიერებს, თუ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეჭრას გადაწყვეტს.

14 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან 100 ათასამდე რუსი სამხედროა განლაგებული. 16 ნოემბერს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის უჩვეულო სამხედრო აქტივობა და შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია კვლავ ფიქსირდება. 18 ნოემბერს, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინის საზღვართან სიტუაციას ყურადღებით აკვირდება.