„თალიბანის“ მთავრობის მიერ დაწესებული ახალი წესების მიხედვით, ქალებს სატელევიზიო სერიალებში მონაწილეობა აეკრძალათ

„თალიბანის“ მთავრობის მიერ დაწესებული ახალი წესების მიხედვით, ქალებს სატელევიზიო სერიალებში მონაწილეობა აეკრძალათ

ავღანეთში, „თალიბანის“ მთავრობის მიერ დაწესებული ახალი წესების მიხედვით, ქალებს სატელევიზიო სერიალებში მონაწილეობა აეკრძალათ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

გარდა ამისა, ქალ ჟურნალისტებსა და წამყვანებს ასევე დაავალეს ეთერის დროს თავსაბურავის ტარება. ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ზოგიერთი წესი ბუნდოვანია და ინტერპრეტაციას ექვემდებარება.

„თალიბანის“ უახლესი გაიდლაინები, რომელიც ავღანეთის სატელევიზიო არხებისთვის გამოიცა, რვა ახალ წესს შეიცავს.

მათ შორისაა შარიათის და ავღანური ღირებულებების საწინააღმდეგოდ მიჩნეული ფილმების აკრძალვა. ასევე იკრძალება კომედიური და გასართობი შოუები, რომელიც რელიგიის შეურაცხმყოფელია ან ავღანელებისთვის შეურაცხმყოფელი შეიძლება იყოს.

„თალიბანი“ დაჟინებით მოითხოვს, რომ უცხოური ფილმები, რომლებიც ხელს უწყობენ უცხოური კულტურის ფასეულობებს, არ უნდა გავრცელდეს.

ავღანეთში ჟურნალისტთა ორგანიზაციის წევრმა, ჰუჯატულა მუჯადედიმ განაცხადა, რომ ახალი შეზღუდვების გამოცხადება მოულოდნელი იყო. მისი თქმით, ზოგიერთი წესი პრაქტიკული არ არის და განხორციელების შემთხვევაში, მაუწყებლები დახურვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან.