გვარდიოლამ ბეილი მოისურვა

გვარდიოლამ ბეილი მოისურვა

დღეს დილით გამოცემამ „The Sun” გაავრცელა ცნობა, რომ მიუნჰენის „ბაიერნის“ მომავალმა მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ კლუბის ხელმძღვანელობას უელსის ნაკრებისა და „ტოტენჰემის“ თავდამსხმელი გარეთ ბეილის შეძენა კატეგორიულად მოსთხოვა.

რამდენიმე კვირის წინ უელსელმა შემტევმა ოფიციალურად განაცხადა, რომ თუ მისი ამჟამინდელი გუნდი ევროპის ჩემპიონთა ლიგის მომავალი გათამაშების საგზურს ვერ მოიპოვებს ის „ტოტენჰემს“ ულაპარაკოდ გამოეთხოვება.

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ბეილის მადრიდის „რეალში“ გადასვლას უწინასწარმეტყველებენ. დღეს ამ ფეხბურთელისთვის ბრძოლაში მიუნჰენის „ბაიერნიც“ ჩაერთო. გერმანელები ბეილის სანაცვლოდ 30 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადახდას აპირებენ.

23 წლის გარეთ ბეილი „ტოტენჰემში“ 2007 წლიდან ასპარეზობს. ამ გუნდის მაისურით 140 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და საკუთარ ანგარიშზე 38 გოლი მიითვალა. ფეხბურთელი უელსის ნაკრებში 2006 წლიდან თამაშობს. ეროვნული გუნდის ღირსება 44 მატჩში დაიცვა და 13 გოლი გაიტანა.