სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ერთმანეთს ბრიუსელში 15 დეკემბერს შეხვდებიან

სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ერთმანეთს ბრიუსელში 15 დეკემბერს შეხვდებიან

სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ერთმანეთს ბრიუსელში 15 დეკემბერს შეხვდებიან. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოში განაცხადეს.

„ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა 19 ნოემბერს სატელეფონო საუბარი გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. შარლ მიშელმა პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში შეხვედრის გამართვა შესთავაზა. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს ბრიუსელში შეხვდებიან, რათა რეგიონალური სიტუაცია და დაძაბულობის დაძლევის გზები განიხილონ აყვავებული და სტაბილური სამხრეთ კავკასიისთვის, რომელსაც ევროკავშირი მხარს უჭერს. სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, რომ პირდაპირ საკომუნიკაციო ხაზს შექმნიან თავდაცვის მინისტრების დონეზე, რომელიც ინციდენტების პრევენციის მექანიზმი იქნება“, - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

15 ნოემბერს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანელი სამხედროები ორ ქვეყანას შორის საზღვრის დარღვევაში დაადანაშაულა და თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

16 ნოემბერს რუსული მხარის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ერევანი და ბაქო დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

16 ნოემბერს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული შეტაკებების შედეგად, ექვსი სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული შეტაკებების შედეგად, შვიდი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო 10 - დაიჭრა.