ჩინეთის საგარეო უწყება: ვილნიუსში ტაივანის მისიის გახსნის გამო, ლიეტუვას ფასის გადახდა მოუწევს

ჩინეთის საგარეო უწყება: ვილნიუსში ტაივანის მისიის გახსნის გამო, ლიეტუვას ფასის გადახდა მოუწევს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჩჟაო ლიცზიანმა განაცხადა, რომ ვილნიუსში ტაივანის მისიის გახსნის გამო, ლიეტუვას ფასის გადახდა მოუწევს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ოფიციალური პეკინი ყველა საჭირო ზომას მიიღებს ეროვნული სუვერენიტეტის დასაცავად.

„ლიეტუვამ მხოლოდ თავის თავს უნდა დააბრალოს. მას ფასის გადახდა მოუწევს იმისთვის, რაც გააკეთა“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მიმდინარე წლის აგვისტოში ჩინეთმა მოითხოვა, რომ ლიეტუვას პეკინიდან თავისი ელჩი გაეწვია მას შემდეგ, რაც ტაივანის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ვილნიუსში ტაივანის მისიას „ლიეტუვაში ტაივანის წარმომადგენლობა“ დაერქმეოდა.

4 ნოემბერს, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, არნოლდას პრანცკიავიჩუსმა განაცხადა, რომ ჩინეთის დამოკიდებულება ლიეტუვის მიმართ ევროპისთვის საგანგაშო სიგნალია.

„ჩინეთი ცდილობს ჩვენგან მაგალითი აჩვენოს - ნეგატიური მაგალითი, რათა სხვა ქვეყნები არ გაჰყვნენ ამ გზას და, შესაბამისად, პრინციპული საკითხია, თუ რა რეაგირებას მოახდენს დასავლური საზოგადოება. ჩვენ თანმიმდევრულად უნდა ვისაუბროთ, რადგან სხვაგვარად ჩვენს ინტერესებს ვერ დავიცავთ და პეკინთან თანასწორი ურთიერთობები ვერ გვექნება“, - აღნიშნა მან.