არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას სპეციალისტების ნაწილი კრიტიკულად და მძიმედ აფასებს. მათი თქმით, პერმანენტული საპროტესტო აქციების ფონზე, მოსალოდნელია ეპიდვითარების გაუარესება, რადგან, ფაქტობრივად. „კატასტროფის წინაშე ვდგავართ“.
იმის მიუხედავად, რომ ყოველდღიურად, კორონავირუსით ინფიცირების 5000 ახალი შემთხვევა გვაქვს, ხოლო ლეტალობის მაჩვენებელი თითქმის 80-ია, ყოველ დღე ვხედავთ ხალხმრავალ შეკრებებს და დარღვეულ შეზღუდვებს, რომელიც ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მოქმედებს.
ექიმი-ინფექტიონისტი ირაკლი ხმალაძე მიიჩნევს, რომ უნდა აიკრძალოს ყველა სახის შეკრება, ეს იქნება საპროტესტო, პოლიტიკური გამოსვლები თუ სხვა. მისი თქმით, ქვეყანა საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია, რაც შესაძლოა, უფრო მეტად დამძიმდეს.
„კატასტროფამდე მივდივართ. ძალიან გაიზარდა ლეტალობის მაჩვებენებელი, ქვეყანა ყოველ დღე კარგავს 80 ადამიანს. პირველი, რაც ვთქვით სპეციალისტებმა, რითიც ეპიდემიას უნდა ვებრძოლოთ, ეს არის პირბადე, ხელების ხშირი დაბანვა და სოციალური დისტანცირება. მე ნამდვილად არ მეგონა ასეთი დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანების არსებობა. ის, ვინც სხვას მოუწოდებს, რომ არ აიცრას, ქვეყნის მტრად მიმაჩნია. ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა და არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ეს ვირუსი გადაცემით უფრო ძლიერდება. ვირუსი, რაც უფრო ბევრ ადამიანს მოივლის, უფრო მეტად პასაჟირდება, ძლიერი ხდება და მისი ბრძოლისუნარიანობა უფრო ეფექტური ხდება. სწორედ ამით არის გამოწვეული, რომ დინამიკაში ამ ყველაფერმა მოიმატა.
კატეგორიულად უნდა აიკრძალოს ყველანაირი გამოსვლები, აქციები. ფაქტია, რომ რაღაც კონსენსუსამდე უნდა მივიდეთ, ამ ყველაფერს სხვა ფორმა მივცეთ და არა აქციების, ადამიანთა თავშეყრის. უნდა ვიცოდეთ, რომ პირბადე არ იცავს ადამიანს თუ დისტანცირება არ ხდება და მით უმეტეს, თუ ხდება ხმამაღლა მიმართვა, ყვირილი და ა.შ. დინამიკა გვაქვს უარყოფითი. საქართველოში გვქონდა ძალიან კარგი პერიოდი, თუმცა, სამწუხაროდ, გვახსოვს მარნეულის ქორწილი ამის გაუარესების ფაქტად აღინიშნა და ამ ყველაფერს სხვაც დაემატა, ჩვენ ძალიან დიდი განსაცდელის წინაშე დავდგებით“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ For.ge-სთან.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, საქართველოში ეპიდსიტუაცია ძალიან რთულია და ახლო მომავალში მისი სასიკეთოდ გამოსწორების გზები არ ჩანს, რადგან ყველა ის ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ახალი შემთხვევების ზრდას, საქართველოში სახეზეა.
„პირველი ფაქტორი არის ვაქცინაციით ძალიან დაბალი მოცვა. სრულიად ვაქცინირებულია მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედი, დაახლებით 25%, რაც არის 1 მილიონ ადამიანი. მაშინ, როდესაც ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში მოსახლეობის ორ მესამედზე მეტი სრულად ვაქცინირებულია და ეს არის მთავარი ფაქტორი. მეორე ფაქტორი გახლავთ ის, რომ პირბადის გამოყენების პროცენტი ისევ დაბალი რჩება - 40-45%. ამ დროს ევროპისა და ამერიკის სრულად ვაქცინირებულ ქვეყნებშიც კი ნიღბის ტარება 90%-ს აღწევს.
მესამე არის ის, რაც დღეს ყველაზე მეტად გვტკივა, ეს არის პერმანენტული პოლიტიკურად მოტივირებული აქციები. ჩვენ ისედაც ვწუხდით, რომ საქართველოში ტრადიციულად ძალიან ძნელი იყო ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდება - ვგულისხმობ ქორწილებს, ქელეხებს და სხვა. ამას ახლა პოლიტიკურად მოტივირებული პერმანენტული აქციები დაემატა. გასაგებია, იყო არჩევნები, არის საზოგადოების პოლარიზაცია და პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს, რომელსაც ვერ შევაჩერებთ, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. ერთი, ორი, ხუთი, ათი აქცია, მაგრამ ყოვლად დაუშვებელია, რომ ამ აქციებს ჰქონდეს პერმანენტული ხასიათი“, - აღნიშნა ცერცვაძემ.
ინფორმაციისთვის, 17 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 4 732 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 795 847-ს. ამასთან, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 812 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 731 996.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 72 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 212 პირი ემსხვერპლა.