განსაკუთრებული პატიმრის განსაკუთრებული პირობები

განსაკუთრებული პატიმრის განსაკუთრებული პირობები

როგორც პარლამენტის ჯანდცვის კომიტეტის წევრმა ლადო კახაძე ამბობს, დღეს, შიმშილობა უკვე ბაღის ბავშვმაც იცის და ისინიც მიბაძავენ მიხეილ სააკაშვილს, თუ მშობლებმა სათამაშო არ უყიდეს, შიმშილობას დაიწყებენ.

თუმცა, ლადო კახაძეს მოგვიანებთ დავუბრუნდებთ, ახლა კი მთავარი საკითხი - მიხეილ სააკაშვილი, შიმშილობა და საფრთხეები!

როგორც აღმოჩნდა, სახალხო დამცველისთვის ექს-პრეზიდენტის შიმშილობა საფრთხეს წამოადგენს დ სასწრაფოდ ექიმთა ჯგუფი შეკრა, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს, იგივე, შპს აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის მედ-პერსონალით არის დაკომპლექტებული. აღნიშნულ კლინიკას, მიხეილ სააკაშვილის მოწვევით, 2006 წლიდან უდგას სათავეში დღეს უკვე მისივე პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე.

რუსეთსა და ამერიკის სამეცნიერო მოღვაწეობას არ შევეხებით, თუმცა, საქართველოში დაბრუნებიდან 2 წელიწადში, 2008 წელს სახელოვან ექიმს რა განსაკუთრებული დამსახურებისა და გაწეული ღვაწლისთვის მიანიჭა მიხეილ სააკაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მედალიონი, ვერაფერს ვიტყვით.

2012-2016წწ. ნიკოლოზ ყიფშიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამნტის წევრი გახდა. თავად სააკაშვილს ყიფშიძის მიმართ ნამდვილად მიუძღვის ღვაწლი, რაზეც for.ge რამდენიმე კვირის წინ წერდა. კერძოდ, ექსპრეზიდენტი პირადი ექიმის უცხოეთში ვიზიტებს ბიუჯეტიდან აფინანსებდა და ეს თანხები იმ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეში ერთ-ერთია, რაზეც მიხეილ სააკაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი.

საქმეში მტკიცებულების სახით დართული გადახდის ქვითრების მიხედვით, მხოლოდ 2011-12 წლებში სხვადასხვა ქვეყანაში ნიკოლოზ ყიფშიძის ვიზიტები ბიუჯეტს 124 644 ლარი დაუჯდა. გერმანია, შვეიცარია, ჰოლანდია, იტალია, აშშ - ამ ქვეყნებში ნიკოლოზ ყიფშიძის ვიზიტი ბიუჯეტიდან არის ანაზღაურებული, როგორც ავიაბილეთების, ისე სასტუმროების მომსახურეობის და სამედიცინო გამოკვლევების ხარჯები.

ასე რომ, ამ პოლიტიკურ ბაქჰანალიას, რომელიც სააკაშვილის შიმშილობას უკავშირდება, უკვე ომბუდსმენ ნინო ლომჯარიას მოთხოვნით, ისევ „ნაცმოძრაობის“ სამედიცინო პარტაქტივის ხელმძღვანელობით შექმნილი ჯგუფი განსჯის.

რაც შეეხება ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის საკითხს, ის თავს კარგად გრძნობს და ამას ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრი ექიმი-რეანიმატოლოგი გიორგი გრიგოლიაც ადასტურებს.

მისივე თქმით, ციხის მე-18 დაწესებულება საკმაოდ კარგად არის აღჭურვილი, თუმცა პატიმარ სააკაშვილისთვის ინტენსიური თერაპიის გავლა იქ არ შეიძლება.

„სააკაშვილი ნამდვილად შიმშილობს, ამას ადასტურებს ყველა, ვინც იქ არის. მდგომარეობა ვერ ვიტყვი, რომ საკმაოდ მძიმეა, მაგრამ ძალიან ახლოს არის იმისკენ, რომ რამდენიმე დღეში დამძიმდება. მის ანალიზებში არის ისეთი ცვლილებები, რომელიც საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას და მკურნალობას.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ეს არის შექმნილი ორი კვირის წინ, არის ინტენსიური თერაპიის პალატა გაკეთებული, საკმაოდ კარგად აღჭურვილი, სტაფი გადმოყვანილია რესპუბლიკური საავადმყოფოდან, იქ არის მორიგე ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი და მორიგე ექთანი ყოველ დღე. უარყოფით არის ის, რომ ინტენსიური თერაპიის გამოცდილება ამ დაწესებულებას არ აქვს. ადრე ასეთი რამ არ იყო და ისეთი პაციენტი, როგორიც არის დღევანდელ დღეს მიხეილ სააკაშვილი, ის ჯერ არ საჭიროებს რეანიმაციულ ღონისძიებებს, მას სჭირდება ინტენსიური თერაპია“, - განაცხადა გიორგი გრიგოლიამ.

თუმცა, ცოტა ბუნდოვანია ექიმის პოზიცია, ვინაიდან, როგორც თავად ამბობს, „პაციენტ სააკაშვილთან „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ექიმები მორიგეობენ“ და ამ შემთხვევაში, გამოცდილებას რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს უწუნებს, თუ საკუთრივ საავადმყოფოს შენობას, მართლაც გაუგებარია.

„იქ რესპუბლიკური საავადმყოფოდან ლიცენზირებული ექიმები მორიგეობენ ყოველ დღე. რაც შეეხება განყოფილების ლიცენზიას, არავის წარმოუდგენია. ასეთი პაციენტი არ საჭიროებს მარტო ანესთეზიოლოგებს და რეანიმატოლოგებს, ეს საჭიროებს თერაპევტებს, რადგან ხანგრძილივი შიმშილობის მერე, იქ არის მეტაბოლური ცვლილებები, რომელსაც სჭირდება სწორი კვება და კონტროლი“, - განაცხადა გიორგი გრიგოლიამ.

For.ge „რესპუბლიკურ საავადმყოფოსაც“ დაუკავშირდა, რათა გაგვეგო ინფორმაცია, თუ რა პროფილის ექიმები გაგზავნეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

„მე-18 დაწესებულებაში მორიგეობს ბრიგადები, რომელიც შემდგარია მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმი-რეანიმატოლოგებისგან. მათ 24-საათიანი მორიგეობა აქვთ და შესაბამისი, სრული ტექნიკური აღჭურვილობა. ასევე, მორიგეობენ რეანიმაციის მედდები და რადიოლოგები“, - გვითხრეს „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“.

ექს-პრეზიდენტის შიმშილობის საკითხი და ციხის სამედიცინო აღჭურვილობის ამბავი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტშიც მოვიკითხეთ. თუმცა, მე-18 დაწესებულების მთავარი ექიმის ჩაწერა ვერ მოხერხდა. როგორც უწყებაში for.ge-ს განუცხადეს: „ექიმს, ექს-პრეზიდნეტის გარდა, სხვა პაციენტებიც აბარია, რის გამო მას დრო არ აქვს. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღავანელობის გადაწყვეტილებით, უწყება, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას ბრიფინგის საშუალებით ამცნობს“. ამიტომ, ჩვენც ბრიფინგზე გავრცელებული ინფორმაციით შემოვიფარგლეთ.

„პაციენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება მე-18 სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. გუშინ პაციენტმა მიიღო ყველა დანიშნული მედიკამენტი. გუშინ დაწესებულებაში იმყოფებოდა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმების ჯგუფი. მათი თანდასწრებით მოხდა პაციენტის სამედიცინო ბარათის შესწავლა, ასევე წარმოდგენილი იყო უახლესი ლაბორატორიული მონაცემები. იქიდან გამომდინარე, რომ პაციენტი ბოლო სამი დღის განმავლობაში არ იღებდა მედიკამენტებს, ლაბორატორიული მონაცემებით იყო ცვლილებები. გუშინვე პაციენტმა მიიღო ყველა დანიშნული მედიკამენტი და შესაბამისად ლაბორატორიული მონაცემები გაუმჯობესდა, მათ შორის კალიუმის დონე, რომელიც მიუახლოვდა ნორმას. დღეისთვის პაციენტი აგრძელებს ყველა დანიშნული მედიკამენტის მიღებას. აქვე დავძენ, რომ ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა არის სტაბილური. სასიცოცხლო მონაცემები, როგორიც არის პულსი, წნევა, სატურაცია და სისხლში გლუკოზის დონე ნორმის ფარგლებშია. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე არის სტაბილური. ძირითადი სასიცოცხლო მონაცემები არის ნორმის ფარგლებში“, - განაცხადა მე-18 დაწესებულების ექიმმა თერაპევტმა, სანდრო მათეშვილმა ბრიფინგზე.

იმის მიუხედავად, რომ სამთავრობო ყველა ფრონტიდან და ასევე სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფიდან გვესმის, რომ ციხის მე-18 დაწესებულება სრულად არის აღჭურვილი სამედიცინო ინვენტარით, ინფქციონისტი მაია ბუწაშვილი აღნიშნულ საკითხს სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს უძღვნის:

„ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე გვაჩვენებდნენ და დეტალურად გვიხსნიდნენ, როგორი აწყობილი სამედიცინო სამსახური აქვს პენიტენციურ სისტემას, მათ შორის თითქოს გამართული ლაბორატორია. ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო, ამაზეა ნათქვამი - თუ მართლა ასეთი გამართული ლაბორატორია აქვს, მაშინ, მაგალითად, C ჰეპატიტის მკურნალობაზე მყოფი პაციენტების სისხლის ნიმუშების ტრანსპორტირება რატომ ხდება სხვა კლინიკების ლაბორატორიებში (მათ შორის ისეთი საბაზისო, სრულიად ელემენტარული კვლევების, როგორიცაა სისხლის საერთო ანალიზი, ღვიძლის ფუნქციები, კრეატინინი და ა.შ.). ეს საჯარო ინფორმაციაა და პენიტენციური სისტემა ლაბორატორიული სერვისების შესყიდვას ოფიციალურად ახდენს. თუ ამ ანალიზების ადგილზე გაკეთების რესურსი მართლაც არსებობს (როგორც ეს დღეს ტელევიზიით გვაჩვენეს), მაშინ რატომ ხდება ამ სერვისების შესყიდვა? რა საჭირო იყო ეს სატელევიზიო შოუ?“, - წერს ინფექციონისტი.

მაია ბუწაშვილს არ ეთანხმება, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი, ლადო კახაძე.

„განსაკუთრებულ ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ ვიცი, რა სტანდარტი უნდა იყოს. პირველი - ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და მისი რეაბილიტაცია. ამაზე პასუხისმგებლობას იღებს ის დაწესებულება, სადაც განთავსებულია ნებისმიერი ადამიანი. ჩემი ინფორმაციით მე-18 დაწესებულება ინფრასტრუქტურის მხრივ მთლიანად აღჭურვილია. ვერ დავეთანხმები მაია ბუწაშვილს, რადგან იქ არის როგორც ტექნიკური, ისე ლაბორატორიული აღჭურვილობა. ასევე, პატიმრებს სამედიცინო პერსონალი მუდმივ მონიტორინგს უტარებს. როგოც მე მითხრეს, მე-18 დაწესებულება აკმაყოფილებს მრავალპროფილან დაწესებულების სტატუსს“, - განუცხადა ლადო კახაძემ for.ge-ს.

უმრავლესობის წევრმა ასევე ისაუბრა მესამე პრეზიდენტის შიმშილობაზე და მის საფრთხეებზე. როგორც მასალის დასაწყსში აღვნიშნეთ, ლადო კახაძემ პატიმარ სააკაშვილის შიმშილობას გადამდები უწოდა.

„ადამიანები ყველაფერს პოლიტიკისთვის ხმარობენ. ახლა, როდესაც შიმშილობა პოლიტიკური იარაღია, რა ვქნათ?! ეს, სამწუხაროდ, აპრობირებული იარაღია. ხვალ, ახლა სხვა ადამიანები იშიმშილებენ, ეს თუ დაინერგა, იქნება მუდამ. რაც შეეხება საფრთხეს, საფრთხეს ბევრ რამეში ვხედავ. მიშას შიმშილობის პრეცედენტი შესაძლოა, ასე გაგრძელდეს - ბავშვს, რომელსაც სკოლაში წასვლა არ უნდა, შიმშილობას დაიწყებს. ანუ, შიმშილობა შეიძლება მოდურიც კი გახდეს. სამწუხაროდ, ადამიანის უფლებების ინტეპრეტაცია არასწორად მოხდა. მშობლებსა და შვილებს შორის „ჩორტი“ ჩააგდეს. ბავშვს შენიშვნას ვეღარ მისცემ, რადგან შიმშილობით დაგემუქრება“, - გვითხრა ლადო კახახემ.

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის გამოცდილება აქვს მხოლოდ იმ დაწესებულებას, იმ საავადმყოფოსა და კლინიკას, სადაც დღეს მიხეილ სააკაშვილია განთავსებული, რადგან აქ სხვა დროსაც შიმშილობდნენ პატიმრები.

„სხვა კლინიკებს ამის გამოცდილება არ აქვთ როგორც შიმშილობის, ისე სარეაბილიტაციო პერიოდში. თუ გამოცდილებაზეა საუბარი და ამ სიტყვას ჩაეჭიდნენ, მათ შორის ინტენსიური თერაპიისა და ა.შ. გამოცდილება აქვს ამ კლინიკას“, - განაცხადა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში, უსაფრთხოების თვალსაზრისით სერიოზულ რისკებს ხედავს.

„ჩვენ ვერ ვიღებთ გადაწყვეტილებას სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით. ერთია, რომ არ არსებობს ამის საჭიროება და მეორე, რომ უსაფრთხოების რისკი არის ძალიან სერიოზული. საუბარია უსაფრთხოების რისკზე, რომელიც უკავშირდება ადამიანის, სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ეს არის სერიოზული რისკი“, - განაცხადა კობახიძემ.

სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ, როგორც for.ge-ს რეგიონალური კვლევების ექსპერტმა მამუკა არეშიძემ განუცხადა, იმის მიუხედავად, რომ „ნაცმოძრაობა“ პირობას დებს, სააკაშვილის სხვა კლინიკაში გადაყვანის შეთხვევაში, კლინიკასთან აქციებს არ გამართავენ, ერთ-ერთი ვერსიით, ისინი აპირებენ მედიით გაავრცელონ ინფორმაცია, თითქოს „სააკაშვილს არასათანადოდ მკურნალობენ და მისი მოკვლა სურთ. ამას მოყვება საავადმყოფოზე შტურმის მიტანა, შეხლა-შემოხლა და სისხლისღვრა“. არეშიძე ამბობს, რომ ეს ვერსია იცის ხელისუფლებამ და ალბათ, ამიტომ ფრთხილობს. 

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, მიხეილ სააკაშვილს განსაკუთრებული პატიმარი უწოდა და ხელისუფლებას მოუწოდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმაღლესი სტანდარტებით დაიცვას.

„სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, დღესაც ჩემს მოვალეობად მივიჩნევ, ჩემი პოზიცია დავაფიქსირო ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობის საკითხზე. ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრება ძალიან დიდი გამოწვევაა. ეს დიდი გამოწვევაა სასამართლო სისტემისთვის, პენიტენციური სამსახურისთვის, ხელისუფლებისთვის, და ზოგადად, საზოგადოებისთვის. ყოფილი და აწ უკვე მსჯავრდებული პრეზიდენტის დაპატიმრება კანონის წინაშე თანასწორობასა და სამართლიანობას ეფუძნება. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ეს ყოფილ პრეზიდენტსაც კარგად ჰქონდა გააზრებული, თუმცა ის მაინც ჩამოვიდა, თანაც უკანონოდ. კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტი არ არის და ვერ იქნება რიგითი პატიმარი. ის განსაკუთრებული პატიმარია, რამეთუ ყველა აკვირდება მის მდგომარეობას და უმაღლესი სტანდარტების შესრულებას მოითხოვს. ჩვენი ქვეყნის სახე იმაში გამოიხატება, თუ როგორ მოვეპყრობით მას და როგორ იქნება დაცული მისი ღირსება, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ასევე, გავარკვიეთ რა შეიძლება გამოიწვიოს ადამიანში ხანგძლივმა შიმშილობამ. ამ კითხვით ექიმი-ნუტრიციოლოგ ნატა გაგუას მივმართეთ.

„შიმშილობა ადამიანისთვის სტრეს-ფაქტორს წარმოადგენს. შიმშილობამ შეიძლება გამოიწვიოს აპათია, ძილიანობა, ყურადღების დაქვეითება, იშვიათდება სუნთქვა, დაბალია სხეულის ტემპერატურა. მეექვსე მეათე დღედან იწყება შიმშილი აციდოზური კრიზი და ადამიანის მდგომარეობა მკვეთრად უმჯობესდება. აციდოზური კრიზი ფაქტობრივად ორგანიზმის შინაგანი კვების (ენდოგენური) რეჟიმზე გადასვლის შედეგია. ეს ყველაფერი ხდება კეტონური სხეულების დაჟანგვის ხარჯზე. აციდოზი მცირდება და ადამიანს ადვილად გადააქვს შიმშილობა“, - გვითხრა ექიმმა.

ასევე, კითხვაზე აუცილებელია თუ არა ადამიანი რომელიც შიმშილობს ის გადაყვანილი იყოს მულტიფუნქციურ საავადმყოფოში, ნატა გაგუა გვპასუხობს: „ასეთ შემთხვევაში ადამიანს აუცილებელია, მკურნალი ექიმი ჰყავდეს, რომელიც დინამიკაში, თავისი ბიო-ქიმიური ანალიზების პასუხებით, წნევისა და შაქრის კონტროლით სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. პირადმა ექიმმა უნდა გადაწყვიტოს სამკურნალოა თუ არა - კერძოდ, რომელი ვიწრო სპეციალობის ექიმი სჭირდება, სჭირდება თუ არა ენდოკრინოლოგი, ან გასტროინტრეროლოგი. ასეთ დროს სჯობს მოიწვიოს კონსილიუმი სხვადასხვა ვიწრო სპეციალისტებით დაჯგუფებული ექიმები, რომლებიც მაქსიმალურად ეფექტურად შეაფასებენ პაციენტის მდგომარეობას და მიიღებენ საუკეთესო გამოსავალს, მისი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად“.

dimpi პრეზიდენტის სასახლე არა აქვს იქანე და აუშენეთ ბარემ
ნამეტანი მძიმე ბრალდებები წაგიყენებიათ და ბარემ მენდალიც აჩუქეთ
3 წლის უკან
dimpi ვაშლის გათლაზე აღარ ედავებით?
თუ, მაგას არ ედავებოდით ვაშლის თლაზე?
3 წლის უკან