ანალიტიკოსის, დავით ქართველიშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადება, გარკვეულწილად, ყველა ჩვენი დასავლელი პარტნიორისა თუ გულშემატკივარისთვის „საგზაო რუკის“ ტოლფასი უნდა გახდეს საქართველოსთან მიმართებაში - დაასრულეთ ჩვენს სუვერენიტეტზე და სახელმწიფოებრიობაზე ბინძური ცეკვები! შეეშვან ჩვენს შეურაცხყოფას და ჩვენი დამოუკიდებლობისადმი უპატივცემულობას! მისი თქმით, დასავლეთის ნაც/ლობისტების მხრიდან, დღეს უკვე გაუგონარ თავხედობას აქვს ადგილი - როდესაც ევროპულ ოჯახში დაბრუნების ურთულეს გზაზე, ასობით ათასობით გაღებული მსხვერპლის, დასახიჩრებული ადამიანური ბედის მქონე საქართველოს, ერთი საერთაშორისო დონის კრიმინალის გულისთვის - ამ ევროპულობასაც უწუნებენ და ჩვენს ტოტალიტარულ რეჟიმებთან შეუპოვარ ბრძოლასაც ეჭვის ქვეშ აყენებენ.
for.ge დავით ქართველიშვილს ესაუბრა.
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა პოლიტპატიმრის სტატუსს ანიჭებს მიხეილ სააკაშვილს, რეჟიმის შემქმნელს, რომელსაც აშშ-მა და ევროპამ ზურგი აქცია, თუ არ ჩავთლით ერთეულ ევროპარლამენტარებს, რომელთა შორის არის ანა ფოტიგა, პოლიტიკურ კლიმატს ვერ ქმნიან, მაგრამ, როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არიან ანგარიშვალდებულნი. მსგავსი განცხადებებით: „სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი“, „ირღვევა მისი უფლებები“ და ა.შ. არ ფიქრობთ, საქართველოს მოქალაქეებში აჩენს ნიჰილიზმს ევროპის მიმართ და სავსებით სამართლიანად?
დავით ქართველიშვილი: არ მინდა ძალიან ემოციურად შევხედოთ ამ ყველაფერს. დღეს, თუ ვინმე სააკაშვილის გარშემო პროვოკაციულ და არადეკვატურ განცხადებებს აკეთებს, ჩემი აზრით, უმეტესობა პირად ვალშია ამ ადამიანთან. ახლა, ეს ადამიანი, როგორც კრედიტორი, ითხოვს ამ ვალების დაბრუნებას. ისეთი ადამიანები გამოჩნდნენ ჰორიზონტზე, რომ უმეტესობა ჩამოწერილი ტიპაჟები არიან.
ჩამოწერილებში ვის გულისხმობთ?
- ვნახეთ როგორი შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელიც ჩვენს დამცირებას შეეცადა და რომელმაც საერთოდ ეჭვქვეშ დააყენა - ღირს კი, ასეთ სახელმწიფოში ევროკავშირმა საკუთარი საელჩო განათავსოსო? გამოვიდა მეორე ადამიანი, შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ასევე ვალშია მიხეილ სააკაშვილთან... ესენი ის ადამიანები არიან, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს, როგორც კურორტზე, ისე ჩამოდიოდნენ საქართველში და ჩვენი, გადამხდელების ხარჯზე „გულაობდნენ“, ქეიფობდნენ და ეტყობა, რაღაცა ფინანსურ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ სააკაშვილთან.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი როდესაც წავიდა პოლიტიკიდან და შექმნა ლობისტური ორგანიზაცია, სწორედ ის უწევდა ლობისტურ მომსახურეობას მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ ევროპის სივრცეში. ეს ერთეული ადამიანები პირადად არიან დავალდებული და ქმნიან ერთიან აპოკალიფსურ სურათს, თითქოს აშშ და ევროკავშირი გაუცხოებას განიცდის საქართველოსთან მიმართებაში.
სააკაშვილის დაკავებამ და შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა, შესაძლებელია, ეჭვის ქვეშ დააყენოს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა, ანუ, ერთი სააკაშვილი წყვეტს საქართველოს ევროპულ მომავალს?
- საქართველოს ევროპიდან ვერავინ ვერ განდევნის.
საქართველო იმაზე უფრო დიდი ევროპული ცივილიზაციაა, ვიდრე იმ ქვეყნების ცალკეული წარმომადგენლები, რომლებიც დღეს ევროპულობას გვიწუნებენ და ძალიან მაღალი ღირებულების, ევროპული ე.წ. ფასეულობების ენით გველაპარაკებიან. ამიტომ, პირველი - ჩვენი ისტორიული ძირძველი ევროვნული ღირსება უნდა დავიცვათ. ჩვენ პირველ პლანზე უნდა დავაყენოთ სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრიობა, რომელზეც ბინძური ცეკვის საშულება არავის არ უნდა მივცეთ.
ფაქტობრივად, ირაკლი კობახიძემ საგზაო რუკა შესთავაზა დასავლეთს, ჩვენს ძირითად პარტნიორებს, რომ თუ თქვენ საქართველოს სუვერენიტეტს, მის სახელმწიფოებრიობას და დამოუკიდებლობას სრულ კონტექსტში იზიარებთ, ჩვენი თანამშრომლობა იქნება სტრატეგიული, ნაყოფერი და წინ წაიწევს. თუ თქვენ არ გაწყობთ ასეთი საქართველო, მაშინ თქვენ არაფრით არ განსხვავდებით არც მეფის რუსეთისაგან, არც კომუნისტური რუსეთისაგან, რომელიც საქართველოში ასევე ვერ ხედავდა სრულფასოვან თანასწორუფლებიან პარტნიორს. საეგზარქოსო მეორე მდივნის დონეზე ალაგებდა ურთიერთობებს საქართველოსთან, მაგრამ ისტორიამ ერთსაც და მეორესაც დაანახა, რომ დამარცხდა მათი ეს მცდელობა და ასევე, დამარცხდება ნებისმიერი მსგავსი მცდელობა საქართველოსთან ურთიერთობის ასეთი დალაგებით.
ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ შეახსენა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და შესთავაზა თამაშის ბინძურ წესებზე უარის თქმა და ის, რომ არ შეიძლება ერთ კრიმინალს გადააყოლო სერიოზული სტრატეგიული მიმართულება ამ ურთულეს რეგიონში, სადაც საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, ვინც 30 წელია ისჯება იმისთვის, რომ მან ევროპული ინტეგრაცია არჩია ჩრდილოელ მეზობელთან ვასალურ კოლონიის დონეზე ურთიერთობებს. საქართველო შეიძლება დაამარცხო სამხედრო ძალით, მაგრამ შეურაცხყოფის ენაზე საქართველოს ვერ დაამარცხებ.
დღეს საქართველომ კიდევ ერთხელ უპასუხა იმ ძალებს, ვინც ჯიუტად ცდილობს ჩვენთან საკუთარი „საეგზარქოსოს“ დამკვიდრებას - მიუხედავად არაერთი შთაგონებისა, რომ „ეგზარქოსის“ და „სკკპ-ს მეორე მდივნის“ მმართველობა, თანამშრომლობის ყველაზე კონტრპროდუქტიული ფორმაა კონკრეტულად ამ ქვეყანასთან მიმართებაში და განწირულია დამარცხებისაკენ. დასავლეთის ნაცლობისტების მხრიდან, დღეს უკვე გაუგონარ თავხედობას აქვს ადგილი - როდესაც ევროპულ ოჯახში დაბრუნების ურთულეს გზაზე, ასობით ათასობით გაღებული მსხვერპლის, დასახიჩრებული ადამიანური ბედის მქონე საქართველოს, ერთი საერთაშორისო დონის კრიმინალის გულისთვის ამ ევროპულობასაც უწუნებენ და ჩვენს ტოტალიტარულ რეჟიმებთან შეუპოვარ ბრძოლასაც ეჭვის ქვეშ აყენებენ.
ირაკლი კობახიძის განცხადება, გარკვეულწილად, ყველა ჩვენი დასავლელი პარტნიორისა თუ გულშემატკივარისთვის „საგზაო რუკის“ ტოლფასი უნდა გახდეს საქართველოსთან მიმართებაში - დაასრულეთ ჩვენს სუვერენიტეტზე და სახელმწიფოებრიობაზე ბინძური ცეკვები! შეეშვით ჩვენს შეურაცხყოფას და ჩვენი დამოუკიდებლობისადმი უპატივცემულობას! თქვენმა მედროვეებმა და საქართველოში რუსეთის „მეხუთე კოლონის“ წამქეზებლებმა რეალურად დაგვღალეს!
დღეს ყველას, ვინც შეეცდება საქართველოს ევროპულობის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება, კრემლის ინტერესების გამტარებლების ფილტრში გაატაროს, სათანადო პასუხი გაეცემა. საქართველო ჯერ კიდევ მაშინ იყო ევროპული პოლიტიკის განმსაზღვრელი, როდესაც დღეს ჩვენი ცივილიზაციის დამაკნინებელი ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი პირველყოფილთა მდგომარეობიდან გამოსასვლელად პირველ ნაბიჯებს დგამდა.
თუ ღირსების დაბრუნების და სუვერენიტეტის დაცვის გზაზე მყოფი საქართველო არ აკმაყოფილებს ევროპულობის კრიტერიუმებს, ხომ არ არის ამ პოზიციაში იმ ტიპის ლუსტრაციის ელემენტები, რომელსაც საქართველოში დღეს ნაცსექტის მხრიდან ყოველდღიური ხასიათი აქვს და რომელიც მხოლოდ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის იმპერიალისტურ ზრახვებს აძლიერებს?!
აბსოლუტურად სწორი და დროულიც იყო „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადება, მაგრამ როგორ ფიქრობთ, ცალკეული ევროპარლამენტარების პოზიციამ შეძლება გაართულოს საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობა?
- რანაირად გაართულებს? მთლიანად რომ შევკრიბოთ 30-35 მოქმედი და გადამდგარი პოლიტიკოსი თუ წყვეტს მსოფლიო გეოპოლიტიკას ამ ურთულეს რეგიონში, მაშინ სხვა პლანეტაზე უნდა გადავსახლდეთ. იმიტომ, რომ ამ პლანეტამ თავისი გონივრული და ლოგიკური შესაძლებლობები ამოწურა. ჩვენ ვნახეთ უდიდესი ფორუმი შოტლანდიაში, სადაც ჩვენს პრემიერ-მინისტრს უმაღლეს დონეზე ჰქონდა ძალიან თბილი მიღება მსოფლიოს წამყვანი ქვეყნის თითქმის ყველა ლიდერთან. ამის საპირწონედ შეიძლება ერთად დავაყენოთ ამ უავტორიტეტო თუნდაც მოქმედი ცალკეული პოლიტიკოსის აზრი?
ამას ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“ და ცალკეულ მოქმედ, თუ უმოქმედო ევროპელი, თუ ამერიკელი პოლიტიკოსი, თუ ანალიტიკოსი დაუპირისპიროს იმ დამოკიდებულებას საქართველოსთან მიმართებაში, რომელსაც, თუნდაც აშშ-ის თავდაცვის მდივნის წარმატებული ჩამოსვლა შეიძლება მივაკუთვნოთ, რომელმაც ცალკე დიდი მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას და პირდად პრემიერ-მინისტრს. ვისი გამონათქვამი შეიძლება ტოლობის ნიშნად დავუპირისპიროთ იმ ე.წ. აღშფოთებებს, თუ შეშფოთებებს, რომელსაც ეს „ნაცმოძრაობის“ საერთაშორისო ლობისტები იჩენენ ჩვენთან მიმართებაში! მაგალითად - რომელი?
ვფიქრობ, ვერც ერთი ვერ გადაწონის აშშ-ს თავდაცვის მდივნის სამადლობელ წერილს, რომელიც რამოდენიმე დღის წინ გავრცელდა...
- ამიტომ, ნუ ავყვებით მათ მცდელობას, რომ სხვა გზაზე წაგვიყვანონ. ვერ წაგვიყვანენ.
თუმცა, ალბათ, დამეთანხმებით, რომ აუცილებელია ურთიერთპატივიცემა საქართველოსა და ევროკავშირს შორის და ის, რომ ხარ ევროპის პარლამენტის წევრი, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს ესაუბრო იმ ტონალობით, რასაც ვისმენთ. სწორედ იმ საქართველოს, რომელმაც ევროპისთვის ძალიან ბევრი გააკეთა და 30 წელია ამისთვის ისჯება. სააკაშვილი რომ დიქტატორი იყო, ეს გვიან, მაგრამ გაიგო ევროპამ, აშშ-მა და სწორედ ამიტომ დარჩა ექს-პრეზიდენტი საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე...
- ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდისგან მოვისმინეთ ძალიან შემაშფოთებელი და ძნელად დასაჯერებელი ინფორმაცია, რომელმაც ბრძანა - „ევროპარლამენტში არის 705 ევროპარლამენტარი, იქიდან 90%-ზე მეტმა თუ იცოდეს სად მდებარეობს საქართველო და რომელია მისი დედაქალაქი“. იმ 705 ევროპარლამენტარიდან ინდივიდუალურად, ყველა მხარს ვერ დაგვიჭერს, მაგრამ თუ დასჭირდათ, რაღაც რეზოლუციის გამოცხობა ევროპარლამენტში, გარწმუნებთ, რომ 670 ევროპარლამენტარი საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ დააჭერს ღილაკს ხელს. არ არის ისე, როგორც მათ უნდათ. გვახვევენ რაღაცა არარსებულ სიტუაციას, მაგრამ ჩვენ არ უნდა მოვიხვიოთ.
რაც შეეხება ექს-პრეზიდენტს, რუსთავის N12 დაწესებულებიდან მოხდა მისი გადაყვანა გლდანის N18 ბრალდებულთა და მსჯავრდადებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. ნიკა გვარამია ამბობდა, რომ ბადრაგის სამსახურმა სააკაშვილი თმებით ათრია და ისე შეიყვანა საკანში. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, როგორ არ დაემორჩილა საბადრაგო სამსახურს, მათ აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. როცა პატიმარი ძალადობს და არ ემორჩილება კანონს, ასეთ შემთხვევაში სხვა რა გამოსავალი ჰქონდა ბადრაგს, გარდა იმისა, რომ იძულებით გამოეყვანათ რეანიმობილიდან და შეესახლებინათ სამკურნალო დაწესებულებაში?
- თუ ვლაპარაკობთ კანონით როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, მაშინ ხელბორკილები და ფეხბორკილები უნდა დაედოთ. მაგრამ აქაც ლმობიერება გამოიჩინეს. ჩემთვის შეიძლება გაუგებარი, მაგრამ ლმობიერება გამოიჩინეს. არც ერთ ევროპულ ქვეყანაში ასეთი დამოკიდებულება ბადრაგთან, თუ პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელობასთან მიმართებით კანონის ფარგლებში დაუსჯელი არ რჩება. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიჩენთ ჩემთვის და საზოგადოებისთვის გაუგონარ ლმობიერებას, რასაც სხვა პატიმრებიც ხედავენ და იქმნება ძალიან სახიფათო პრეცედენტი, როდესაც დანარჩენი 9 500 პატიმარი ბოლო-ბოლო იტყვის - კარგით რა, ვერ გავიგე ჩემზეა მარტო ეს კანონი დაწერილი?
და სავსებით სამართლიანად იტყვიან. როცა იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ სააკაშვილი არის რიგითი პატიმარი, ჩნდება კითხვა, თუკი რიგითი პატიმარია, მაშინ რითი განსხვავდება იგივე ბაჩო ახალიასგან, რომელიც სააკაშვილის მთავრობის უცვლელი წევრი იყო და, რომელიც არ სარგებლობს იგივე პრივილეგიებით, როგორც სააკაშვილი...
- განსხვავდება. ეტყობა, ბაჩო ახალაიას პიროვნული კაცობა უფრო მეტი აქვს. მე ვერ წარმომიდგენია და არც გაგვიგია ბაჩო ახალიას მხრიდან ასე ლაჩრული ქცევის წესი ციხეში. ასე რომ ყოფილიყო, ამდენი ხნის განმავლობაში აუცილებლად გამოვიდოდა ციხიდან ამბავი, რომ ახალაია ისტერიკებს მართავს, წივის-კივის, ხელებს იქნევს ბადრაგისაკენ, წვება იატაკზე, ტანზე იხდის, თუ ხდიან, ის ყველაფერი საშინელი ქცევის ნორმები, რომელიც შეუფერებელია მთავარსარდალთან მიმართებაში. მე არა მგონია, რომ ციხეში მყოფ ბაჩო ახალაიას ახასიათებდეს ქცევის ასეთი წესი. ადამიანი ელოდება თავისუფლებაზე გამოსვლას. იხდის სასჯელს და ღმერთმა შეუნდოს ამ მსჯავრში ყველა მისი შეცოდება. სხვათა შორის ქრისტიაობა ამაშიც არის, როდესაც ბოლო-ბოლო შენს თავზე იღებ იმას, რომ უფალმა ეს სასჯელი მიგაკუთვნა იმისთვის, რომ ამით მაინც გამოისყიდო ის, სადამდეც მონანიებით ვერ მიდიხარ.
სააკაშვილის სცენარით მოქმედებს ქუჩის ოპოზიცია. ფაქტია, რომ ვითარება რთულია, ოპოზიცია გადავიდა რადიკალიზაციაზე და უმძიმესი იყო ციხის თანამშრომლის არასრულწლოვანი შვილის მიმართ გიგი უგულავას მოწოდებაზე ოპერატიულად პარტიის აქტივისტის ქმედება, ამაზე ევროპარლამენტრ ანა ფოტიგას და სახალხო დამცველს არ ჰქონიათ პროტესტი. როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება შეძლება ამ ბეწვის ხიდზე ისე გავლას, რომ რადიკალიზაციიდან არ მივიდეთ სამოქალაქო დაპირისპირებამდე, რაც არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი?
- იმ ქალბატონმა ფოტიგამაც რა ქნას, როდესაც ის თანამდებობის პირი, რომელიც ასტრონომულ ხელფასს იღებს, ვგულისხმობ ომბუდსცმენს, ხმას არ იღებს. თუ შენი ომბუდსცმენი ხმას არ იღებს, მსგავსი ბულინგის და არასრულწლოვნებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის ფატქებზე, ამ ანამაც რა ქნას? „ნაცმოძრაობის“ ჯალათები, თავისი პოლიტიკური ოპონენტების შვილების წყევლა/გინების რეჟიმიდან, მათ საცხოვრებელ სახლებზე პირდაპირ თავდასხმაზე გადავიდნენ.
არც წინა 9 წლის, არც მომდევნო 9 წლის განმავლობაში - რაც არ უნდა გამწარებული ყოფილიყო ჩვენი მოსახლეობა სააკაშვილზე, მერაბიშვილზე, ახალაიაზე, ქარდავაზე, კოდუაზე, უბირიაზე და ა.შ. - ელემენტარული ადამიანობის, ქართველობის, ქრისტიანობის პრინციპებიდან გამომდინარე, არავის მოსვლია თავში მათ საცხოვრებელ სახლებთან, მათი შვილებისათვის მათ მართლაც რომ ჯალათი მამების თაობაზე გზავნილების დატოვება, მათი ლანძღვა, გინება, წყევლა თუ ფსიქოლოგიურ სტრესში ჩაგდება.
ქალბატონო ნინო ლომჯარია - ნუ გადააყოლებთ პარტიულ და იდეოლოგიურ ვალდებულებებს ამ ცეცხლთან სახიფათო თამაშს. ერთხელ მაინც შეუდექით თქვენს, კონსტიტუციით მინიჭებულ მოვალეობების შესრულებას და წერტილი დაუსვით ამ „კუ-კლუქს-კლანის“ თარეშს საქართველოში. ან საკუთარი თავიც გამოაცხადეთ ამ სახელმწიფოში კანონგარეშე მოთამაშედ - ჩვენ ამასაც გაგებით მოვეკიდებით.
გასაგებია, რომ ერთი პარტიის წევრები არიან. ხომ ვიცით ვისთან გვაქვს საქმე. როგორ შეიძლება დიდგორს შევადაროთ „ნაცმოძრაობის“ ეს გზა? დიდგორში გავიმარჯვეთ და ამ ქვეყანამ დაანახა მსოფლიოს, რომ ღვთისმშობლის წილხვედრობის პირობებში და უფლის წყალობით, გამორიცხულია ეშმაკმა და მომავალში ანტიქრისტემ დაიდოს აქ ტახტი.
ძნელია, რთულია, მოსაბეზრებელია, მაგრამ რობოტები არ არიან. მალე მიილევა მათი ადამიანური რესურსები, გადაიღლებიან. მათი ფინანსური რესურსი ამოიწურება, მათი სპონსორიც ბოლო-ბოლო იტყვის - რაში ვიხდი ამ ფულს? დაველოდოთ.