ალექსანდრე ლუკაშენკო: ბელარუსს სახელმწიფო საზღვარზე კონფლიქტი არ სურს

ალექსანდრე ლუკაშენკო: ბელარუსს სახელმწიფო საზღვარზე კონფლიქტი არ სურს

ბელარუსს სახელმწიფო საზღვარზე კონფლიქტი არ სურს, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ.

„ჩვენი ჟურნალისტები და სხვები სწორ დასკვნებს აკეთებენ, რომ დღეს ეს კონფლიქტი პოლონეთს სჭირდება. პოლონეთს შიდა პრობლემები აწუხებს, პოლონეთს ევროკავშირთან პრობლემები აქვს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო: ჩვენს სახელმწიფო საზღვარზე კონფლიქტი აღარ გვჭირდება. ჩვენთვის ეს ზიანის მომტანია“, - აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ 15 ნოემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს გააფართოვებენ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსისა და პოლონეთის საზღვარზე საიმიგრაციო კრიზისის გადაწყვეტაში დახმარების აღმოსაჩენად მზად არის.

8 ნოემბერს, ბელარუსის ტერიტორიიდან არალეგალი მიგრანტების ჯგუფმა პოლონეთთან საზღვარზე ფიზიკური ბარიერის გარღვევა სცადა. პოლონელ მესაზღვრეებს სპეციალური საშუალებების გამოყენება მოუწიათ. პოლონეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პიოტრ მიულერმა განაცხადა, რომ პოლონეთის მთავრობა ბელარუსთან საზღვრის სრულად ჩაკეტვის სცენარს განიხილავს. 9 ნოემბერს, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ პოლონეთი მტკიცედ დაიცავს თავის საზღვარს ბელარუსის რეჟიმის მხრიდან თავდასხმებისგან. ლიეტუვა და პოლონეთი ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ მავთულხლართებს აგებენ, რათა მიგრანტების ნაკადი შეაჩერონ, რომლის ორგანიზებაშიც ბრალს ლუკაშენკოს რეჟიმს სდებენ.