დეკანოზი დავით ისაკაძე აქტიურად ებრძოდა 9-წლიან ვარდებიან რეჟიმს. ის იდგა მართლმადიდებელი ბიჭების გვერდით, როცა მათ ტელეკომპანია „კავკასიაში“ მომხდარი ინციდენტის შემდეგ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ სიტყვებისთვის „ნუ შემიგინებთ ღვთისმშობელს“. ეს ის ბიჭები იყვნენ, რომლებსაც გორის ჰოსპიტალში უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი დაჭრილები და მიცვალებულები საკაცეებით გადაჰყავდათ მაშინ, როცა იმდროინდელი ხელისუფალნი საქართველოდან გარბოდნენ.
დღეს მამა დავით ისაკაძე ფიქრობს, რომ, თუკი ადამიანებს უნდათ, სიბნელის გზას შეუდგნენ, აგერ არის სააკაშვილი და მისი მსგავსი დამნაშავეები, რომლებიც არასდროს ინანიებდნენ ჩადენილ დანაშაულებს.
რას ნიშნავს ქრისტიანული მონანიება, ამის შესახებ for.ge-ს დეკანოზი დავით ისაკაძე ესაუბრა.
ქრისტიანობაში არ არსებობს უპირობო შერიგების ცნება. საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ადამიანთან თუ ღმერთთან შერიგება შეუძლებელია ცოდვათა აღიარების, სინანულის, ეპიტამიების გარეშე. ციხეში შიმშილობა და ზიარება არის საწინდარი იმისა, რომ ადამიანი ციხიდან გამოუშვან?
- შიმშილობასთან დაკავშირებით ეკლესიას აქვს თავისი პოზიცია, რომ ეს არის სიკვდილისკენ მიმავალი გზა. ამიტომ ეკლესიის სწავლებით, შიმშილობის ყველანაირი ფორმა მიუღებელია. რაც შეეხება სააკაშვილის მიერ მარხვის შენახვას, რაზეც გაკეთდა განცხადება, რომ მან 40 დღე იმარხულა და თურმე მოინანია, არანაირი საერთო ამას მარხვასთან არ აქვს. სააკაშვილი არასდროს არ აცხადებდა, რომ ან მარხულობს, ან ლოცულობს, ან ეკლესიურად ცხოვრობს. ნებისმიერ მის განცხადებაში არსად არ გამოსჭვიოდა, რომ ის ეკლესიურად ცხოვრობდა, აღსარებას ამბობდა, ეზიარებოდა. ის ახლაც გამუდმებით აცხადებდა, რომ შიმშილობდა და არ მარხულობდა. ამიტომ ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელი იყო ეპისკოპოსის განცხადება სააკაშვილის მარხვასთან დაკავშირებით.
ალბათ, აქ მეუფე ნიკოლოზის მხრიდან პირადი სიმპათიები იმალება.
- არ ვიცი, ეს სხვა თემაა, ყოველ შემთხვევაში, რეალობას აცდენილია მეუფის განცხადება. რაც შეეხება ზიარების საკითხს, ადამიანი როცა ინანიებს თავის ცოდვებს, თანაც, გააჩნია ცოდვების სიმძიმეს, მას ან ეძლევა დაუყოვნებლივ ზიარების უფლება, ან გარკვეული ეპიტამია დაედება. კიდევ ვიმეორებ, გააჩნია ცოდვის სიმძიმეს. როდესაც დანაშაული ჩადენილია მთელი ერის წინაშე, ასეთ შემთხვევაში, ეკლესიას ჰქონია უამრავი მაგალითი იმისა, რომ საჯაროდ ინანიებდნენ ამ ცოდვას, რათა ყველასთვის საცნაური ყოფილიყო, რომ ადამიანი ინანიებს ერის წინაშე ჩადენილ ცოდვას. ამ შემთხვევაშიც ეს კონკრეტული პიროვნება, პრეზიდენტყოფილი უკრაინელი ვალდებულია, საჯაროდ შეინანოს მთელი ერის წინაშე, მუხლებზე დამდგარმა მოინანიოს თავისი უამრავი ცოდვა, სისტემური დანაშაული. ამის შემდეგ ის მოძღვარი, რომელიც მასთან შევა და მიიღებს მისგან კონკრეტულ აღსარებას, რომელიც შეიძლება იყოს პირადული, გადაწყვეტს, აზიაროს, თუ არ აზიაროს. მთავარია, მონანიება მოხდეს საჯაროდ, რაც არ ხდება.
ამაზეც ითქვა, რომ ზოგჯერ აღსარება არ იძლევა ზიარების შესაძლებლობას და ეს სასულიერო პირის გადასაწყვეტია.
- სასულიერო პირის გადასაწყვეტია იმ შემთხვევაში, როცა აღსარება პირადულია, სააკაშვილის შემთხვევაში კი მის რეჟიმს ჰქონდა სისტემური დანაშაული ჩადენილი ღმერთისა და ერის წინაშე, მათ ყველამ საჯაროდ უნდა შეინანიონ. ეს სინანული კი სააკაშვილის მხრიდან არანაირი ფორმით არ ჩანს. პირიქით, ლაპარაკობენ რევანშზე, ჩვენ უნდა მოვიდეთ ხელისუფლებაშიო.
სააკაშვილის პერიოდში თქვენ აქტიურად მონაწილეობდით საპროტესტო აქციებში, მათ შორის, მართლმადიდებელ ბიჭებს ერთგულად იცავდით. დღეს ცდილობენ, მართლმადიდებლობის არასწორი ინტერპრეტაცია შემოგვთავაზონ, თითქოს მართლმადიდებლობა სხვის ხარჯზე, კრებსითად რომ ვთქვათ, ირინა ენუქიძის ხარჯზე მიტევებას გულისხმობს. დღეს რას ფიქრობენ მართლმადიდებელი ბიჭები, როცა როლები გაიცვალა და მათ მაგივრად ციხეში უკვე სააკაშვილი აღმოჩნდა?
- მართლმადიდებელ ბიჭებს რაც შეეხება, ისინი იყვნენ წმინდა წყლის რელიგიური პატიმრები. თქვენ გახსოვთ, მათ ღვთისმშობლისა და ღვთის ლანძღვის გამო გამოხატეს პროტესტი ისევე, როგორც ჩვენ ყველამ. ისინი დაიჭირეს, ჩვენ არ დაგვიჭირეს, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ ყველანი დაგვიჭირეს მაშინ. პირველ რიგში, მაშინდელი ხელისუფლების კრიმინალებმა, ფაშისტებმა, სადისტმა ადამიანებმა თითოეული ოჯახის წინაშე უნდა მოინანიონ. საჯაროდ ცნობილი ფაქტია გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის და სხვათა ამბავი.
გურამ შარაძის ტრაგიკული აღსასრული რატომღაც დღეს მიჩქმალულია.
- ცხადია, გურამ შარაძის ტრაგედიაც, ამ დამნაშავეებმა მათი ოჯახების წინაშე უნდა მოინანიონ, თითოეული მათგანის წინაშე და რამდენი გამოვა? ნახევარი საქართველო, თუ მეტი არა, ასეთ მძიმე დღეში იმყოფებოდა, მათგან გაწამებული.
მართლმადიდებელი ბიჭები ციხეშიც აგრძელებდნენ ქრისტიანულ ცხოვრებას და ჩეჩენიც მონათლეს ქრისტიანულად. შეუძლია სააკაშვილს, ციხეში იცხოვროს ქრისტიანულად? იძლევა ციხე ამის საშუალებას?
- ამ ბიჭებიდან ორი მათგანი დღეს უკვე სასულიერო პირია. რა თქმა უნდა, ყველგან შეიძლება ქრისტიანულად ცხოვრება. ამის მაგალითია პირველი საუკუნეების მოწამეები, ისინი დილეგებში ქრისტიანულად ცხოვრობდნენ.
ერთ-ერთმა სასულიერო პირმა გაიხსენა, რომ ახალაიას პერიოდში აიკრძალა სააღდგომოდ ციხეში „პერედაჩის“ შეტანა და პატიმრები კვერცხისა და პასქის გარეშე რჩებოდნენ, პატრიარქმა კი სააღდგომო საჩუქრებით დატვირთული ორი მიკროავტობუსი მიაყენა ციხეს და პატიმრებს გადასცა საჩუქრები.
- არაერთი ასეთი შემთხვევა ახსოვთ პატიმრებს პატრიარქის მხრიდან. პატიმრის მიმართ პატრიარქის დამოკიდებულება ერთგვაროვანია, პატრიარქი ყოველთვის ყველა მონანული პატიმრის გვერდზე დგას და ისედაც, მხოლოდ მონანულზე აქ არაა საუბარი, ყველა პატიმრის გვერდზეა პატრიარქიც და ეკლესიაც, მაგრამ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებს, თუკი ვინმეს აქვს ასეთი დანაშაული ჩადენილი, ეკლესია არასდროს არ ამართლებს, არც აქვს უფლება, გაამართლოს.
სასულიერო პირებს ხშირად უყვართ იმის თქმა, ადამიანმა რომც აიცილოს სასჯელი და დანაშაულის გამო პასუხისგებას დაუსხლტეს, ეს არ ნიშნავს, რომ ღვთის წინაშე ნაპატიები იქნება, მას მაინც მოუწევს სხვა ფორმით პასუხისგება, მათ შორის, სააქაო ცხოვრებაში. ამიტომაცაა, რომ მორწმუნე ადამიანები ცდილობენ, არ გაექცნენ პასუხისგებას და ზღონ საკუთარი ცოდვებისთვის ამ სამყაროში. სხვათა შორის, მეუფე სტეფანემაც მიმართა სააკაშვილს, „რომ გამოგიშვან, ღვთის წინაშე გამართლდები?“ ციხის გარეთ გასვლა არის ხსნა ადამიანისთვის?
- ცხადია, უმჯობესია, აქ განიცადო ციხეში სასჯელი, ამ მიწიერ ცხოვრებაში, ვიდრე იქ სამსჯავროზე მოისმინო უმძიმესი სასჯელის, მარადიული ტანჯვის შესახებ. მით უმეტეს, სააკაშვილს ისეთი დანაშაულები აქვს ჩადენილი, სჯობს, აქ განიცადოს სასჯელი. არც ისაა გამორიცხული, ნაწამები ხალხისგან რაიმე ცუდი დაემართოს გარეთ გასულს. ჩვენ ვნახეთ საპატიმროსთან მისული ადამიანების მხრიდან იმ ფაქტების სამართლიანად შეხსენება, რასაც სააკაშვილის რეჟიმის დროს აკეთებდნენ. არაფრისგან დაზღვეული არ იქნება სააკაშვილი. ამიტომ ეკლესიის პოზიციაა, მან შეინანოს საჯაროდ და არა ვიღაცასთან გაურკვეველ ვითარებაში, როცა არ ვიცით, მან რეალურად შეინანა თუ არა.
რის გამო ხდება, რომ ცალკეული სასულიერო პირები მასში ხედავენ დავით მეფსალმუნეს, დავით აღმაშენებელს, დიმიტრი თავდადებულს? წმინდანების ასე გაუფასურება შესაძლებელია?
- ეს უგუნურებაა, როგორ შეიძლება სააკაშვილში აღმაშენებელი დაინახო. ის იყო ჩვეულებრივი დიქტატორი, თავისი მენტალობით და ცხოვრების წესით. დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“ წაიკითხონ მისმა მომხრეებმა და შემდეგ შეადარონ სააკაშვილის ცხოვრების წესს, მის აზროვნებას, მის გამონათქვამებს.
ფაქტია, ექსპრეზიდენტი მასებზე გავლენას ახდენს. ეტყობა, საამისოდ განსაკუთრებული ნიჭი აქვს.
- იცით რა არის, არსებობს ცრუ სწავლება, სექტანტობა არის ცრუ სწავლება. არის ადამიანთა კატეგორია, რომელთაც ასეთი სურვილი აქვთ, დაემორჩილონ ცრუ სწავლებას, ეს მათი ნებაა, მათი არჩევანია, იარონ სიბნელის გზაზე. ჩვენ მათ ძალას ვერ დავატანთ. ჩვენ ვეუბნებით, სად არის სიმართლე და სინათლე. მათ თუ არ აინტერესებთ სინათლე და სიბნელეს უნდათ შეუდგნენ, აგერ არის სააკაშვილი და მისი მსგავსი ადამიანები.
ქართველი ერის მიმართ შეიძლება კითხვა გაჩნდეს იმის გამო, რომ მათ არ ახსოვთ რეჟიმის დროს ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები?
- ამიტომაც ვისჯებით, რომ მალე ვივიწყებთ იმ ჩადენილ ცოდვებს, დანაშაულებს, რომელშიც, გარკვეულწილად, ყველას მიგვიძღვის წვლილი. ეს იმიტომ ხდება, რომ ყველა არ ამხელდა და არც ახლა ამხელს სააკაშვილს, ყველა არ ცხოვრობს ღვთის მცნებებით, ეროვნული ფასეულობებით, ტრადიციებით. თითოეულმა ადამიანმა გულში უნდა ამოიჭრას ღვთის, სამშობლოსა და ადამიანის სიყვარული. ასე უნდა ვიცხოვროთ, რომ მერე არ დავისაჯოთ.