დასავლური მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ მიხეილ სააკაშვილს იმედი ჰქონდათ, რომ ჯობ ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში, პოლიტიკური სიმპათია „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ შეიცვლებოდა, მაგრამ პირიქით მოხდა. ექს-პრეზიდენტი ევროპის და აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე დარჩა. თუ არ ჩავთვლით ცალკეულ ევროპარლამენტარს, რომლებიც ანგარიშვალდებული არიან ყოფილ მმართველ პარტიასთან. ევროპარლამენტარების გარდა, არის რუსეთი, რომელიც არაოფიციალურად მაშველი რგოლის ფუნქციას ასრულებს სააკაშვილისთვის.
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერზე“ წერს, რომ სააკაშვილის საქმე სულ უფრო პოლიტიკური ხდება და „ქართული ოცნება“ უფრო და უფრო ემსგავსება წინა ხელისუფლებას.
„სააკაშვილმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, მიიღოს სათანადო სამედიცინო დახმარება და მიეცეს უფლება დაესწროს საკუთარ არაპოლიტიზებულ სასამართლო პროცესს. საქართველომ უნდა გადალახოს ეს არეულობა და დაიწყოს რეალური პრობლემების მოგვარება, როგორიცაა რუსული ოკუპაცია, სიღარიბე და დემოკრატიის უკუსვლა“, - წერს ვიოლა ფონ კრამონი.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საკითხი განიხილეს, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველი დირექტორი რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთოს საკითხებში მიხაელ ზიბერტმა აღნიშნა, რომ საქართველო მიემართება ისეთი მიმართულებით, სადაც გვაქვს განცდა, რომ ის სრულად აღარ მიჰყვება იმას, რაც იყო შეთანხმებული ასოცირების შეთანხმებით.
„ვიზიარებ გამოთქმულ წუხილს, რომ საქართველო მიემართება ისეთი მიმართულებით, სადაც გვაქვს განცდა, რომ ის სრულად აღარ მიჰყვება იმას, რაც იყო შეთანხმებული ასოცირების შეთანხმებით, რაც იყო, მაგალითად, 19 აპრილის შეთანხმების საფუძველი და ასევე მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩო შეთანხმების პირობები. ჩვენ, როგორც ქალბატონმა კრამონმა თქვა, უნდა ვაჩვენოთ „მათრახი და თაფლაკვერი“, მათთან ძალიან მკაფიოები უნდა ვიყოთ.
რა არის სასამართლო სისტემის რეფორმის ბირთვი, რა არის გზა ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ჩამოსაყალიბებლად, რაშიც ვიტყოდი, რომ ოპოზიცია ბევრი თვალსაზრისით ეხმარება, მაგრამ უდიდეს პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება, რომ სასამართლო რეფორმის განხორციელებას ხელი შეუწყოს. ამავდროულად უნდა ვიყოთ ფრთხილები, რომ არ გადავაჭარბოთ და „ბავშვი ნაბან წყალს არ გადავაყოლოთ“, რადგან არ გვსურს საქართველოს დაკარგვა ევროინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა მიხაელ ზიბერტმა.
თავის მხრივ, ევროპარლამენტარმა ,მ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო თანდათან კარგავენ ნდობას ევროკავშირის პოლიტიკის მიმართ და ეს სწორედ ის არის, რასაც კრემლი ელოდება. როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, ევროკავშირის პოლიტიკას განახლება სჭირდება, ისევე როგორც სჭირდება გაფართოების პოლიტიკის სტაგნაციიდან გამოსავალი. მისი თქმით, ეს სტაგნაცია მოდის ევროკავშირის მოუმზადებლობისგან, რომ მიიღოს ახალი წევრები და არ არის დამოკიდებული მხოლოდ პარტნიორი ქვეყნების ევროპული რეფორმების პროგრესზე.
„აღარ არის საკმარისი ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის, რომლებსაც ევროკავშირში ინტეგრაცია სურთ, იმის თქმა, რომ „განახორციელეთ რეფორმები და შემდეგ ვნახავთ“. წევრობის პერსპექტივაში სიცხადის ნაკლებობა ევროკავშირის მხრიდან ნიშნავს ერთ რამეს, ქვეყნები, როგორიცაა უკრაინა, მოლდოვა, საქართველო თანდათან კარგავენ ნდობას ევროკავშირის პოლიტიკის მიმართ და ეს სწორედ ის არის, რასაც კრემლი ელოდება - დაიკარგოს ნდობა ხალხში. შესაძლოა, ამ ქვეყნებმა რეფორმების კეთების კუთხით მოტივაცია დაკარგონ, ეს კი, გარდაუვალად, მათ უფრო მეტ არასტაბილურობას მოუტანს. სწორედ ამის დასაწყისს ვხედავთ საქართველოში, რაც მე ძალიან მაშფოთებს. როგორც კი ძალა გადაწონის , მისი შემობრუნება რთული იქნება. ასე რომ, უნდა ვიმოქმედოთ ახლა“, - განაცხადა რასა იუკნევიჩიენმა.
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის, პოლიტოლოგ ირაკლი გოგავას შეფასებით, ევროპარლამენტში ჩანს, რომ არ მოსწონთ საქართველოს მიერ „შარლ მიშელის შეთანხმებიდან“ გასვლა და ქართული სახელმწიფო, რომელიც უკანა ორ ფეხზე არ დგას და არ ასრულებს ევროპის ზოგიერთ დირექტივას, როგორიცაა დასანიშნ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება და ცესკო-ში საარჩევნო დავების განსჯა უცხოელი ექსპერტების მიერ.
„ინგლისურში გამოთქმა „მათრახი და თაფლაკვერი“ იწერება შემდეგნაირად - „Carrot and Stick“ ანუ „სტაფილო და ჯოხი“. ამ მეთოდით ცირკის და შინაურ ცხოველებს წვრთნიან. ვეძებე ვიოლას ეს გამონათქვამი და ინტერნეტში ვერ ვიპოვე. ვიპოვე ის, რომ იგივე ტერმინოლოგიას ვიოლა ფონ კრამონი იყენებს ბალკანელი ხალხების მიმართ. თუმცა, ბატონი ზიბერტი უსაფუძვლოდ არ იტყოდა, რადგან ის ესწრებოდა „ევრონესტის“ სხდომას.
საქართველოს საკითხის განხილვისას აქტიურობენ ძირითადად ბალტიისპირელი პარლამენტარები, რომელთაც თავი მოაქვთ, რომ უკეთ იციან პოსტსაბჭოთა სივრცე და ჩვენი რეგიონი. რეალურად კი მათ არ ესმით ჩვენი პრობლემები, ეთნოფსიქოლოგია და სხვადასხვა მენტალიტეტიც აშკარაა. ასევე ზოგიერთ მათგანს შესაძლოა ერჩივნოს, რომ საქართველო იყოს რუსეთთან ბრძოლის წინა ხაზზე, რათა რუსეთმა მათი ქვეყნებისთვის „არ მოიცალოს“, თავად კი რუსეთთან მრავალმილიარდიანი სავაჭრო ურთიერთობებით, უზარმაზარი ტვირთბრუნვით და საბანკო სისტემების მეშვეობით სიმდიდრეს აგროვებენ.
გერმანელი „მწვანე“ ვიოლა ფონ კრამონი რომელიც, როგორც მისი ტერმინოლოგიიდან ჩანს, შინაური ცხოველებივით გვიყურებს და ბატონი ზიბერტის მიხედვით, ამას საჯარო შეხვედრებზე ამბობს. ვფიქრობ, ვიოლა ფონ კრამონის ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადება უპასუხოდ არ უნდა დარჩეს და დაახლოებით იგივე მეთოდებით იქნას პასუხგაცემული, როგორც ერდოღანმა უცხოეთის ელჩებს გაუკეთა და მეორე დღესვე მიიღო მათგან მონანიება და ბოდიში. დროა, გამოვიჩინოთ ფხა! სტაფილო და ჯოხი კი თავისთვის დაიტოვონ და მორიგეობით გამოიყენონ - ასე აჯობებს!
კუბილიუსი, პავილიონისი, კარიულანდი, ფოტიგა, ფონ კრამონი, გრეგოროვა და კიდევ რამდენიმე მესამეთანრიგოსანი ევროპელი პოლიტიკოსი ბულინგის გზით ურთიერთობს საქართველოსთან და ამით შეურაცხყოფას აყენებს მთელს ერს. ამგვარი პოლიტიკით, უფრო სწორად პოლიტიკის არქონით მიაღწიეს იმას, რომ თბილისის მთავარ გამზირზე ევროკავშირის დროშა ორჯერ იქნა „ჩამოწეული“ რბილად რომ ვთქვათ“, - წერს სოციალურ ქსელში ირაკლი გოგავა.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე იზიარებს მოსაზრებას, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები გადასახედია და ის პირველ რიგში, ურთიერთპატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს და არა ფონ კრამონის „სტაფილოს და ჯოხის“ არაეთიკურ პოლიტიკას. პოლიტოლოგი გამორიცხავს, რომ სააკაშვილის ჩამოსვლამ, დაკავებამ და შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საქართველოს ასოცირების საკითხი.
„არა მგონია, რომ სააკშვილის თემაზე მოხდეს ფოკუსირება და ან ეს ადამიანები ასახავდნენ ევროპულ პოლიტიკას, თუკი, რა თქმა უნდა, ასეთი პოლიტიკა არსებობს საერთოდ, რადგან ფაქტია, რომ დღეს ევროპულ პოლიტიკას ბევრი მიმართულებით უჭირს. თან ამერიკასთან ურთიერთობა, თან არ უნდა რუსეთი გააბრაზოს, თან გაზი უნდა, ლტოლვილები არ უნდა მიიღოს, მაგრამ გაფართოება უნდა, ურთიერთგამომრიცხავი სურვილები აქვს. მოკლედ, გაჭირვებული ადამიანია ეს ჩვენი ევროპა. ამიტომ, ხშირად შეიძლება ვერ დავინახოთ ევროპული კურსი როგორც ერთიანი კურსი.
კრამონის ციტატებში აღნიშნული იყო, რომ ზედმეტი არ მოგვივიდეს საქართველოსთვის მათრახისა და თაფლკვერის პოლიტიკაო. მაშინ ზოგადი სტრატეგია დადევი საიმისო, რომ საქართველო არ დაკარგო. თან საქართველო არ უნდათ დაკარგონ და თან იმ სიამოვნებაზე ვერ ამბობენ უარს, რომ თითი დაუქნიონ და ჭკუა ასწავლონ როგორ მოიქცეს. ჭკუას ნუ მასწავლი, საქმე გამიკეთე, რაც ცოტა უფრო ძნელია“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, ევროპას თავისი დიდი პოლიტიკური ხარვეზი აქვს. დასავლეთის ყველაზე ძლიერმა ქვეყანამ აშშ-მა ვნახეთ რაც გააკეთა ავღანეთში, რადგან კურსი არ იყო განსაზღვრული. მისი თქმით, ევროპას ეს ხარვეზი აქვს გაცილებით ნაკლები მასშტაბის ინტერესების ქვეყანაში - საქართველოში.
„აქ მით უფრო არ არის შემუშავებული პოლიტიკური კურსი და არ უნდა ველოდოთ, რომ პოლიტიკური კურსი აღმოჩნდება დასავლეთში. ძალიან ნელა მიდის დასავლეთი მთლიანი კურსის შემუშავების კუთხით. 30 წელი გავიდა რუსეთთან კინკლაობაში და აქამდე ვერ უპოვა რუსეთს გასაღები, როგორ უნდა მართოს. აი, ამ დასავლეთის იმედი გვაქვს ჩვენ. ცალსახაა, რომ სააკაშვილი აღიქმება როგორც რუსული ფიგურა, რომელიც რუსულ წისქვილზე ასხამს წყალს.
დავაკვირდეთ, რამდენი დრო დასჭირდა დასავლეთს იმისათვის, რომ სააკაშვილის რეალური სახე დაენახა და რამდენი ძალისხმევა მოგვიწია ჩვენ დაგვენახებინა, რომ სააკაშვილი არ არის დემოკრატიის შუქურა. ახლა, როცა დაინახეს სააკაშვილი რუსეთის ინტერესებს ატარებს, შედარებით შეჩერდა მხარდაჭერა. ამიტომ, არ მაქვს იმედი, რომ დროულად იპოვიან სიტუაციიდან გამოსავალას. ანუ, დასავლეთის პოლიტიკის სწორად წარმოების იმედი არ მაქვს და ამიტომ ვთლი, რომ სააკაშვილის თემა, ეს ჩვენი თემაა და ჩვენვე უნდა მოვუაროთ. თუმცა, დასავლეთს მაქსიმალურად უნდა გავაგებინოთ ჩვენი ქცევის მოტივები“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.