საქმე 54641/21- „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ - სტრასბურგის სასამართლო სახელმწიფოსა და ექს-პრეზიდენტს „დავალებების“ შესრულება მოსთხოვა. სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა.
საქართველოს მთავრობას სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის წერილით ეცნობა, რომ ამავე თარიღში მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლებმა მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შემდეგი მოთხოვნით: დაუყოვნებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა №18 სამკურნალო დაწესებულებიდან (სადაც, მომჩივანი მხარის განმარტებით, არ არის სათანადოდ დაცული მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება) მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში.
სტრასბურგის სასამართლომ მომჩივნის ზემოაღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და სახელმწიფოსთვის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის ნაცვლად, მომჩივან მხარეს დაჟინებით მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტა.
საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 24 ნოემბრამდე ევროპულ სასამართლოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მომჩივნის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების თაობაზე.
გთავაზობთ სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოგზავნილი განცხადების თარგმანს
„მე გწერთ, რომ 2021 წლის 10 ნოემბერს, ბატონმა სააკაშვილმა ზემოთ აღნიშნული განცხადება შეიტანა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 34-ე მუხლის შესაბამისად.
სასამართლოში განხილვისას საჩივარს წარმოადგენენ ქ-ნი მურადაშვილი, ბ-ნი დიმიტრი საძაგლიშვილი და ბ-ნი ბექა ბასილაია, ადვოკატები თბილისიდან.
გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიების შესახებ
2021 წლის 10 ნოემბერს სასამართლომ (მორიგე მოსამართლემ) გადაწყვიტა, მხარეთა ინტერესებიდან გამომდინარე და მის წინაშე არსებული სამართალწარმოება სათანადოდ წარმართულიყო. განმცხადებელს მოეთხოვა შეეწყვიტა შიმშილობა (#48787/99 #11 ECHR 2004)
სასამართლომ შემდგომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ უნდა აცნობოს მომჩივნის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა (ისევე როგორც ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო მკურნალობა), რომ მათ უზრულველყონ მისი უსაფრთხოება ზოგადად ციხეში და უზრულველყონ მისი სამედიცინო დახმარება. შიმშილობის შემდგომი გამოჯანმრთელების პერიოდიც.
მხარეები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ სახელმწიფოს მიერ 39-ე წესით გათვალისწინებული ღონისძიების შეუსრულობამ შეიძლება გამოიწვიოს 34-ე მუხლის დარღვევა. ამასთან დაკავშირებით, მინიშნებულია 2005 წლის 4 თებერვლის დიდი პალატის გადაწყვეტილების 128-ე და 129-ე პუნქტები მამათკულოვისა და ასკაროვის თურქეთის საქმეზე.
პრიორიტეტი:
სასამართლომ ასევე გადაწყვიტა პრიორიტეტი მიანიჭოს საჩივარს 41-ე წესის შესაბამისად.
ინფორმაციის მოთხოვნა
სასამართლომ მიიჩნია, რომ ორივე მხარისგან მოეთხოვა ინფორმაცია სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლით მითითებულ ზომებთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯები. შესაბამისად, გთხოვთ გამოაგზავნოთ ინფორმაცია 2021 წლის 24 ნოემბრამდე.
ერთი მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია გადაეგზავნება მეორე მხარეს ინფორმაციისთვის“.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გზავნილი, ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა შეაფასა. მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლომ დაბალანსებულად იმოქმედა.
„როგორც იცით, შუალედურ ღონისძიებაში საუბარია გარკვეულ მოთხოვნებზე. პირველი, ბატონ სააკაშვილთან დაკავშირებული მოთხოვნა, რომ დაასრულოს შიმშილობა და ამის პარალელურად მთავრობასთან დაკავშირებული მოწოდება, რომ უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება და ჯანმრთელობის მდგომარეობა და მიიღოს შესაბამისი მკურნალობა. ყველაფერ ამის შესახებ სასამართლოს ინფორმაცია 24 ნოემბრამდე უნდა მიეწოდოს. ვფიქრობ, ეს არის დაბალანსებული მიდგომა, რომელიც, იმედია, გამოიწვევს სიტუაციას, როდესაც გარკვეულ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით წინსვლა იქნება შესაძლებელი, განსაკუთრებით კი ყველაზე მწვავე საკითხთან, მიხეილ სააკაშვილის ჯანრთელობისა და უსაფრთხო მდგომარეობასთან დაკავშირებით. მოვუწოდებ ყველას, პატივი სცენ ამ გადაწყვეტილებას და იმოქმედონ რაც შეილება სწრაფად მის განსახორციელებლად“, - აღნიშნა ელჩმა.
სტრასბურგის სასამართლოს გზავნილს for.ge-თან ანალიტიკოსები აფასებენ და ერთხმად აცხადებენ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
„სასურველია, რომ ადამიანი არ შიმშილობდეს. მეორე მხრივ, სტრასბურგის სასამართლომ მოითხოვა, ეცნობოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა თუ სხვა უფლებები დაცულია თუ არა. სწორედ ეს აინტერესებს ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს. სტრასბურგიდან პასუხი ადეკვტურია. გადაყვანილი იქნას თუ არა კლინიკაში, ალბათ, საკითხების დაზუსტების შემდეგ უპასუხებენ“, - გვითხრა რამაზ საყვარელიძემ.
ანალიტიკოსი ლევან ალაფიშვილის აზრით, ახლა მთავარია სახელმწიფო და ექს-პრეზიდენტის მხარე რა ინფორმაციას მიაწვდიან სტრასბურგის სასამართლოს და ამის შემდეგ დადგება დღის წესრიგში რა შუალედური ღონისძიება იქნეს გამოყენებული.
„რეალურად, რაც ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ სტრასბურგმა მიხეილ სააკაშვილის სარჩელი მიიღო და ორივე მხარეს 24 ნოემბრამდე გარკვეულ საკითხებზე ვადა მისცა. მთავარია, საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა და საქმე დაჩქარებული წესით ისარგებლებს. ასევე, მათ მიერ გამოგზავნილ განცხადებაში ვკითხულობთ, თუკი 24-მდე სახელმწიფო ვალდებულებას არ შეასრულებს და პატიმრის ჯანრთელობის შესახებ ინფორმაციას არ მიაწვდის, მაშინ ეს კონვეციის დარღვევად ჩაგვეთვლება და ამაზე რეაგირებას მოახდენს. რეალურად, ეს არის ე.წ. პროცედურების დაწყება იმისთვის, რომ სტრასბურგის სასამართლომ საკმარისი ინფორმაცია ორივე მხარისგან მიიღოს და არა მხოლოდ ერთი მხარისგან. ამის შემდეგ დადგება დღის წესრიგში რა შუალედური ღონისძიება იქნეს გამოყენებული“, - განუცხადა ლევან ალაფიშვილმა for.ge-ს.
აღნიშნულ საკითხს ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ასე აფასებს: „ნაციონალური მოძრაობა“ მერამდენედ ცდილობს ეს კომპეტენტური და საერთაშორისოდ აღიარებული ინსტიტუტი გამოიყენონ გაუგაბარი მიზნისთვის და ამ სასამართლოზე გაუგებარი ზეწოლა მოახდნონ. ხოლო, მას შემდეგ, რაც მათი მცდელობა შედეგს ვერ გამოიღებს ხოლმე, მოსამართლეებს ხან კორუმპირებულებს უწოდებენ, ხან ცუდ ეპითეტებით ამკობენ. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რომ 9-წლიანი რეჟიმის დროს ადამიანის უფლებების კონვენციის თთოეული პუნქტის დარღვევაზე, სტრასბურგის სასამართლოში ასობით სარჩელი იყო შესული. მათი უმეტესობა დაკმაყოფილებული იქნა. თითოეული დაკმაყოფილება ნიშნავს სააკაშვილის რეჟიმისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანას. ძალიან კარგად გვახსოვს „რუსთავი2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი ვერდიქტი, რომელიც გვარამიას გუნდმა კორუმპირებული მოსამართლეების მიერ მიღებულ ვერდიქტად შერაცხა. ასევე, ძალიან კარგად გვახსოვს სულ ახლახანს, სექტემბერში, როდესაც სტარსბურგის სასამართლომ მეგის ქარდავასთან დაკავშირებული სარჩელი განსახილველადაც კი არ მიიღო, რომლის შეტანასაც პირადად სააკაშვილი და დეპუტატი ნონა მამულაშვილი ცდილობდნენ. ამჟამად, ძალიან მკაფიოდ, შავით თეთრზე ორი ძირითადი რამ წერია: პატიმარი სააკაშვილი სასჯელს ციხეში უნდა იხდიდეს. ასევე, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ზომები და ამის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს 24 ნოემბრამდე ამცნოს. ხოლო, პატიმარმა სააკაშვილმა დაუყოვნებლივ შიმშილობა უნდა შეწყვიტოს“.
კითხვაზე, როდესაც 24 ნოემბრისთვის ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოს ინფორმაციას მიაწვდის, ამის შემდეგ როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს? - კითხვაზე დავით ქართველიშვილი ასე გვპასუხობს: „ ჩვენ გვატყუებდნენ 41 დღის განმავლობაში სააკაშვილი მშრალად შიმშილობსო. ის იმდენად კარგ ფიზიკურ ფორმაშია, რომ მას ჭარბი წონა უფრო გააჩნია, ვიდრე 42-დღიანი შიმშილობით მიყენებული სისუსტე. კადრებს, რომელიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა გაავრცელა, მთელი საქართველო უყურებდა. რატომ უყურებდა იცით? - ორი დღის წინ ნიკა გვარამიამ თავის ფეისბუქ სტატუსში პრეტენზიები წაუყენა სახელმწიფოს და დაუყოვნებლივ ითხოვდა იმ კადრების გასაჯაროებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში მიყვანას და მის პალატაში მოთავსებას ასახავდა. გვარამია დარწმუნებული იყო რატომღაც, რომ სახელმწიფო თავს შეიკავებდა ამ კადრების ტირაჟირებისაგან. სახელმწიფომ გვარამიას თხოვნაც გაითვალისწინა და გვანახა ჩვენ აბსოლუტურად ჯანმრთელი, მოჩხუბარი, მშვენიერ ფიზიკურ ფორმაში მყოფი პრეზიდენტი. პრეზიდენტი, რომელიც გვატყუებდა იმაშიც, რომ მას ჯვრის ტარების უფლებას არ აძლევდნენ და მშვენიერი, დიდი და ლამაზი ჯვარია აქვს. ადამიანი, რომელიც დადის, დარბის, ამსხვრევს აპარატურას, აგინებს და ფიზიკურ კონტაქტში შედის ბადრაგთან, ვფიქრობ, ამ ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებას, კიდევ ათი დღის განმავლობაში, სახელმწიფო შეძლებს. ყოველ შემთხვევაში, სტრასბურგს ისეთ რეპორტს გაუგზავნის, თავისი ანალიზების პასუხებით, თავისი სამედიცინო ფუნქციონალური მდგომარეობის ასახვით, რომ საქართველოს ხელისუფლება არ შერცხვება სტარსბურგის სასამართლოს წინაშე“, - ამბობს ანალიტიკოსი.