მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ცნობილი ჰოლანდიელი ფეხბურთის სპეციალისტი, 66 წლის გუუს ჰიდინკი მახაჩკალის „ანჟის“ გამოეთხოვება.
მწვრთნელის მტკიცებით, პროფესიული კარიერის დასრულებას აპირებს და დამსახურებულ პენსიაზე გასვლას გეგმავს, კულუარული ცნობით, ჰიდინკი მუშაობას ლონდონის „ჩელსის“ დირექტორატში გააგრძელებს.
დღეს დილით რუსულ სპორტულ მას-მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სულეიმან ქერიმოვის გუნდს ახალი სეზონიდან ჰიდინკის თანამემამულე, რუსეთის ეროვნული გუნდის ყოფილი თავკაცი დიკ ადვოკაატი უხელმძღვანელებს.
65 წლის ადვოკაატი ამჟამად კლუბი „ეინდჰოვენის“ მთავარი მწვრთნელია.
რუსული პრესის მტკიცებით, „ანჟის“ მფლობელი სულეიმან ქერიმოვი ბატონ დიკს უკვე დაუკავშირდა და მახაჩკალურ კლუბში მუშაობა შესთავაზა.
ადვოკაატმა ეს ინფორმაცია დაადასტურა. მისი განცხადებით, ქერიმოვი რამდენჯერმე ესაუბრა და მეტად სარფიანი კონტრაქტი შესთავაზა. ჰოლანდიელმა მწვრთნელმა მოსაფიქრებლად ორი თვე მოითხოვა. რუსი ჟურნალისტების მტკიცებით, ადვოკაატმა „ანჟის“ სასარგებლოდ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და მხოლოდ სეზონის დასრულებას ელოდება.