ევროკავშირის მხრიდან სანქციების შესაძლო გაფართოების ფონზე, ლუკაშენკო ევროკავშირს ევროპაში გაზის ტრანზიტის გადაკეტვით ემუქრება

ევროკავშირის მხრიდან სანქციების შესაძლო გაფართოების ფონზე, ლუკაშენკო ევროკავშირს ევროპაში გაზის ტრანზიტის გადაკეტვით ემუქრება

ევროკავშირის მხრიდან სანქციების შესაძლო გაფართოების ფონზე, ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ევროკავშირს ევროპაში გაზის ტრანზიტის გადაკეტვით ემუქრება. ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ევროპას ვათბობთ და კიდევ გვემუქრებიან, რომ საზღვარს დახურავენ. ბუნებრივი აირის მიწოდება რომ გადავუკეტოთ? ამიტომაც პოლონეთს, ლიეტუვასა და სხვა უჭკუოებს ვურჩევდი, კარგად დაფიქრდნენ, ვიდრე რამეს იტყვიან“, - აღნიშნა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

10 ნოემბერს, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს გააფართოებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბელარუსისა და პოლონეთის საზღვარზე შექმნილი ვითარება არა საიმიგრაციო კრიზისი, არამედ ბელარუსის ავტორიტარული რეჟიმის მიერ მეზობლების დესტაბილიზაციის მცდელობაა.

9 ნოემბერს, სააგენტო Reuters-მა დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ევროკავშირმა ბელარუსში 30 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას სანქციები შეიძლება დაუწესოს. დიპლომატიური წყაროების ინფორმაციით, სასანქციო სიაში ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი და ავიაკომპანია „ბელავია“ შეიძლება შეიყვანონ. შეზღუდვები, სავარაუდოდ, ასევე შეეხება იმ პირებს, ვინც ევროკავშირის საზღვრებთან საიმიგრაციო კრიზისს უწყობს ხელს.

8 ნოემბერს, ბელარუსის ტერიტორიიდან არალეგალი მიგრანტების ჯგუფმა პოლონეთთან საზღვარზე ფიზიკური ბარიერის გარღვევა სცადა. პოლონელ მესაზღვრეებს სპეციალური საშუალებების გამოყენება მოუწიათ. პოლონეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პიოტრ მიულერმა განაცხადა, რომ პოლონეთის მთავრობა ბელარუსთან საზღვრის სრულად ჩაკეტვის სცენარს განიხილავს. 9 ნოემბერს, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ პოლონეთი მტკიცედ დაიცავს თავის საზღვარს ბელარუსის რეჟიმის მხრიდან თავდასხმებისგან. ლიეტუვა და პოლონეთი ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ მავთულხლართებს აგებენ, რათა მიგრანტების ნაკადი შეაჩერონ, რომლის ორგანიზებაშიც ბრალს ლუკაშენკოს რეჟიმს სდებენ.

29 ოქტომბერს, პოლონეთის პარლამენტმა ბელარუსთან საზღვარზე კედლის მშენებლობის გადაწყვეტილება დაამტკიცა. პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარზე სამხედროების რაოდენობა 10 ათასამდე გაზარდა. 7 სექტემბერს, მიგრანტების ნაკადის ზრდის ფონზე, პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.