„სააკაშვილს გაასამართლებენ და შემდეგ უკრაინაში ექსტრადირებით საბოლოოდ თავიდან მოიშორებენ“

„სააკაშვილს გაასამართლებენ და შემდეგ უკრაინაში ექსტრადირებით საბოლოოდ თავიდან მოიშორებენ“

რატომ არ დაესწრო მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე და არსებობს თუ არა რეალური საფრთხე მისი გადაადგილების შემთხვევაში? - პენიტენციურმა დაწესებულებამ სააკაშვილის სასამართლოში არგადაყვანის ორი ფაქტორი დაასახელა. მათი თქმით, მესამე პრეზიდენტის გადაადგილებისას, ოპოზიციის მხრიდან გზის პიკეტირების საფრთხე არსებობს, ასევე არსებობს რისკები, რომ მისი სასამართლოში გადაყვანისას, ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწიონ და გარკვეული პროვოკაციები მოუწყონ. მეორე მიზეზად კი სააკაშვილის ჯამრთელობის მდგომარეობა სახელდება.

სასამართლო სხდომა 3 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, სადაც შვიდი ნოემბრის საქმეს განიხილავდნენ. სხდომათა დარბაზში ამ საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებული გიგი უგულავა იმყოფებოდა, რომელიც სხდომის საჯაროობას ითხოვდა.

სასამართლო პროცესზე დაცვისა და ბრალდების მხარეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. დაცვის მხარის მტკიცებით, პროკურორები თავისი რეპლიკებით, ხმაურის გამოწვევას და პროცესის ჩაშლას ცდილობდნენ. გიგი უგულავამ პროკურორ ჯარჯი წიკლაურს პროკურორ-პროვოკატორი უწოდა, რის შემდეგაც ის მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა.

პროკურორმა წიკლაურმა დააყენა შუამდგომლობა, რომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჩართვა პროცესებში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ან დისტანციურად მომხადიყო.

„მიხეილ სააკაშვილის ბადრაგირება ვერ მოხდა, ვინაიდან ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს მიეცეს პროცესში მონაწილეობის საშუალება. საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს – თუ ობიექტური გარემოების გამო, ვერ ხდება ბადრაგირება, შესაძლებელია, პროცესი ბრალდებულის უშუალო მონაწილეობით ჩატარდეს დაკავების ადგილზე. მზაობას გამოვთქვამთ, მივიღოთ მონაწილეობა, ან დისტანციურად ჩართვის შესაძლებლობასაც განვიხილავთ“, – განაცხადა პროკურორმა.

აღნიშნულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მათთვის ბრალდების მხარის შუამდგომლობა მიუღებელია. მისივე თქმით, სააკაშვილის ადვოკატები სასამართლო პროცესზე ბრალდებულის უშუალო დასწრებას მოითხოვენ. ბასილაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი სუსტადაა, თუმცა მას შეუძლია სასამართლოზე დასწრება და თავად ექსპრეზიდენტის სურვილიცაა, რომ პროცესი სასამართლოში გაიმართოს.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა საბოლოოდ სასამართლო სხდომა დატოვეს. მიზეზი მოსამართლის უარი გახდა, პროცესზე დაეშვა მესამე პრეზიდენტის სხვა ადვოკატები. ბექა ბასილაიმ მოსამართლეს მიმართა გამოეცხადებინათ შესვენება და სხდომა გაგრძელებულიყო ნიკა გვარამიასა და დიტო საძაგლიშვილის მონაწილეობით, რაზეც ნინო ელეიშვილმა უარი თქვა.

მოსამართლემ კი შემდეგი სასამართლო პრცესი 29 ნოემბერს 11 საათზე დანიშნა, თუმცა ადვოკატი ბასილაია ამბობს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლოა, მან მომდევნო პროცესზე დასწრება ვერ შეძლოს. ბასილაია ირწმუნება, რომ მოსამართლის და პროკურორის მიზანიც სწორედ ეს არის, რომ სააკაშვილმა საბოლოდ სასამართლოში მისვლა თავად ვეღარ მოახერხოს და სასამართლოს თვის ბოლოსთვის დანიშვნაც ამიტომ მოხდა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრებამ, შესაძლოა, გარკვეული რისკები გააჩინოს, რამეთუ „ნაციოანლური მოძრაობისგან“ ყველაფერია მოსალოდნელი. ამიტომ ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ეს რისკები თავიდან აიცილოს.

 „როგორც ვხედავთ, მიხეილ სააკაშვილს გლდანის ციხიდან პატიმრები გაშმაგებულები უყვირიან, წარმოიდგინეთ, სასამართლო დარბაზში ან მის კორიდორში რომელიმე მათგანი რომ შეხვდეს. მისი უსაფრთხოების საკითხი სასამართლოში ძალიან რთულად დასაცავი იქნება. გარეთ გამოსულ სააკაშვილს ადამიანი რომ დაინახვს, როგორი ჩოჩქოლი და დაპირისპირება შეიძლება ბადრაგსა და ხალხს შორის დაიწყოს, არავინ იცის. მისი რეჟიმის დროს გამწარებული რომელიმე ადამიანი ან მისი ოჯახის წევრი რომ მივიდეს, სიტუაციის კონტროლი გაჭირდება. სასამართლოში მისი გადაყვანის ბევრი რისკი არსებობს, ამიტომაც ამის თავიდან ასარიდებლად ხელისუფლება ასეთ გადაწყვეტილებას იღებს“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, სააკაშვილს სიტყვის თქმის საშუალება ისედაც აქვს, რადგანაც ის ყოველ დღე წერილებს აგზავნის. შესაბამისად, სასამართლოში მისი განცახდებების და სიტყვით გამოსვლის არავის ეშინია. აქ ხელისუფლებისთვის უმთავრესია ქვეყანაში სიმშვიდის და თავად პრეზიდენტ სააკაშვილის უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფა მოხდეს.

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ის რასაც ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის მიმართ აკეთებს, მხოლოდ შურისძიების მოტივით არის განპირობებული და არაფერი საერთო სამართლიანობის აღდგენასთან არ აქვს. ზურაბიშვილი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ სასამართლოს დარბაზში ის მხოლოდ იმიტომ არ გადაიყვანეს, რომ სააკაშვილს სიტყვით გამოსვლის და საზოგადოებისთვის მიმართვის საშუალება არ მიეცეს.

„სააკაშვილის სასამართლოში გადაყვანა სულაც არ იქნება ისეთი პრობლემური, როგორადაც თავად ხელისუფლება ხატავს. არავინ არსად არ მივარდება, ისევ თავად ხელისუფლებამ თუ არ მიუქსია. ხელისუფლება რასაც აკეთებს, არაფერში არ ჯდება. „ოცნება“ ამ ქცევით ცდილობს დანაშაულები, რაც მისი რეჟიმის დროს არის ჩადენილი, მეორე პლანზე გადაიტანოს. ხელისუფლების ქცევა მხოლოდ შურისძიებაა, რომელიც ზიზღით და სიძულვილით გაჟღენთილი ამომრჩევლის გულის მოსაგებად კეთდება. თუკი ხელისუფლებას სააკაშვილის სასამართლო დარბაზში სიტყვით გამოჩენის და იქ შოუს მოწყობის ეშინია, მაშინ რის ხელისუფლებაა?! გამოიყვანონ და აჩვენონ, რომ ამ ადამიანს დანაშაული აქვს ჩადენილი და კანონის მეშვეობით დაუმტკიცონ. ახლა სააკაშვილი რომ ხელისუფლებისთვის სასარგებლოს არაფერს იტყვის და ამას პოლიტიკური მოტივით გამოიყენებს, გასაკვირია?“, - ამბობს ზურაბიშვილი for.ge-სთან.

რაც შეეხება დასავლეთის რეაქციას სააკაშვილის სასამართლო პროცესზე არდასწრების შესახებ, ზურაბიშვილი ამბობს, რომ მათი პოზიცია ჯერჯერობით თავშეკავებულია და ასეც დარჩება იქამდე, სანამ არ დაინახევენ, რომ სასამართლოში მისი საქმე სამართლიანად არ მიდის.

„დასავლეთი ახლა სააკაშვილის გულშემატკივარი არ არის და მის ხელისუფლებაში დაბრუნებაზე არ „ჩალიჩობს“. თუმცა, შეხედავს ხელისუფლება როგორ მოიქცევა. როგორი იქნება ხალხის რეაქცია და რას იზამს თავად ენმ, პოზიციასაც ამის მიხედვით გამოხატავს. ახლა ჯერ აკვირდებიან და ფიქრობენ, რომ ჯერჯერობით სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. თუმცა ხელისუფლება ისეთ შეცდომებს უშვებს, რომ შესაძლოა, ვექტორი სააკაშვილის მხარეს თავადაც კი შემოატრიალონ“, - ამბობს ზურაბიშვილი for.ge-სთან.

ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი კი ამბობს, რომ ხელისუფლება სააკაშვილის საქართველოში დატოვებას არ აპირებს და მისი გასამართლების შემდეგ უკრაინაში ექსტრადირებას მოახდენს. ანალიტიკოსი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ უკრაინაში მყოფი სააკაშვილი უფრო სუსტია, ვიდრე პატიმარი საქართველოს ციხეშია.

„ხელისუფლება ცდილობს, რომ ახლა ყველა ის უბედურება და პრობლემა რაც კი ქვეყანაში ხდება, ვიღაცას დააბრალოს. ამისთვის სააკაშვილი და ენმ საუკეთესო კანდიდატები არიან. პანდემია, ეკონომიკური სიდუხჭირე და ასე შემდეგ, ყველაფერს მათ დააბრალებენ. ხალხს აჩვენებენ, რომ სააკაშვილი ისევ მავნებელია და ციხეში მყოფიც კი გადატრიალებას გეგმავს. მას ბოლომდე გამოიყენებენ, გაასამართლებენ და შემდეგ უკრაინაში გაუშვებენ. უკრაინას ამდენი ხნის განმავლობაში ხმა არ ამოუღია და ბოლო დღეები უკვე აქტიურობა დაიწყო. სავარაუდოდ, საქართველოს და უკრაინას შორის ეს შეთანხმება უკვე შემდგარია და სააკაშვილის ექსტრადირება მხოლოდ დროის საკითხია. კი ბატონო, შესაძლოა, წამებული სააკაშვილის იმიჯმა მას გარკვეული მხარდაჭერა საზოგადოებაში მოუტანოს, მაგრამ ეს არ იქნება ის მხადაჭერა, რომელიც მისი პიროვნების რებრენდიგს მოახდენს. მას ამის საშუალებას ხელისუფლება არ მისცემს. პირიქით, ეს ტემპი სჭირდება. ზამთარი მოვა, ხალხს შესცივა და ყველაფერი მიწყნარდება. ასე ვიქნებით 2024 წლამდე და პოლიტიკური სურათი დიდად არ შეიცვლება“, - მიიჩნევს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

Aburjga Tasmanieli ერთდროულად დავით ზურაბიშვილი და პაატა ზაქარეიშვილი ნამეტანი მოგივიდათ!
2 წლის უკან
Maverick სვავებივით თავს დატრიალებენ საქართველოს!
ესენი გადადღაბნილი მელიები არიან!
2 წლის უკან