თუკი პარლამენტს 37 დეპუტატი დატოვებს, საკანონმდებლო ორგანო საკონსტიტუციო ცვლილებებს ვეღარ მიიღებს. სადეპუტატო მანდატის დატოვების შესახებ ფრაქცია „ნაცმოძრაობიდან“ განცხადებები უკვე გააკეთეს ნონა მამულაშვილმა, ანა წითლიძემ, ლევან ვარშალომიძემ. მანამდე პარლამენტის დატოვებაზე განცხადება გააკეთა მამუკა ხაზარაძემ. იმავეს გეგმავს ზურაბ ჯაფარიძეც.
პარლამენტიდან ოპოზიციონრების გადინების პროცესი გაგრძელდებოდა, რომ არა მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა, რომ მანდატების შენარჩუნება ციხეში მის მოსანახულებლად იყო საჭირო. ამ მოწოდების შემდეგ „ნაცები“ და მათზე მიბმული ოპოზიციონრები დაფიქრდნენ, უღირდათ კი პარლამენტის დატოვება და საკუთარი ბელადის ციხეში ნახვის სიამოვნების მოკლება?!
დეპუტატების გასვლა არ აფრთხობს მმართველ გუნდს. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარლამენტი გააგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას, ვინ შემოვა და ვინ არა, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.
როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება 3/4-იანი კვორუმით, ანუ სულ მცირე 113 ხმით ხდება. ამჟამად პარლამენტი 149 წევრითაა წარმოდგენილი. არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა და ფრაქცია „ნაცმოძრაობა“ 31 წევრით დარჩა. თუკი პარლამენტს „ნაცმოძრაობის“ წევრების გარდა კიდევ 6 დეპუტატი დატოვებს, საკონსტიტუციო ცვლილება ვერ განხორციელდება.
კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი for.ge- სთან საუბრისას აცხადებს, რომ 37 დეპუტატი სულაც არაა გადამწყვეტი. თუკი პარლამენტს 37 ოპოზიციონერი დატოვებს, ეს დიდი დანაკლისი არ იქნება, რადგან კონსტიტუციური უმრავლესობა არსებობს, საუბარია 113 დეპუტატზე. ეს ნიშნავს, რომ 113 დეპუტატი საკმარისია კონსტიტუციის ცვლილების მისაღებად. ეს ერთი სიტუაციაა. მეორე სიტუაციაა, პარლამენტი არ იქნება უფლებამოსილი, იმუშაოს, თუ 2/3 არ იქნება მის შემადგენლობაში, ანუ 100 წევრი თუ არ იქნება, მაშინ პარლამენტი უნდა დაიშალოს, რადგან, კონსტიტუციის თანახმად, ასეთ პარლამენტს საქმიანობის უფლებამოსილება არ აქვს.
„თქვენ გახსოვთ, ასეთივე სიტუაცია იყო თავიდან, მაგრამ პარლამენტი მაინც აგრძელებდა მუშაობას იმ იმედით, რომ შევიდოდნენ დეპუტატები და მართლაც ნელ-ნელა შეივსო კიდეც პარლამენტი. კონსტიტუციის გადასინჯვისთვის ¾- ია საჭირო, რაც ზუსტად 113 დეპუტატია მართლაც“, - გვითხრა ავთანდილ დემეტრაშვილმა.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტიდან 37 დეპუტატის გასვლის შემთხვევაში საკანონმდებლო ორგანო მართლაც ვერ მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ანალოგიურად, ამ რამდენიმე თვის წინ ჩვენი პარლამენტი მსგავსი გამოწვევის წინაშე ერთხელ უკვე დადგა, როცა ოპოზიციამ საბოტაჟი მოაწყო. მაშინვე შეიძლებოდა ახალი ინიციატივის ამოქმედება, რომ დეპუტატის მანდატზე უარის თქმის შემთხვევაში, უპასუხისმგებლო დეპუტატების ჩანაცვლება მომხდარიყო.
ეს კი ნიშნავს, ვინც მანდატზე უარს ამბობს, უნდა წავიდეს პარლამენტიდან და უნდა გამოინახოს სამართლებრივი მექანიზმი, რათა მოხდეს პარლამენტის შევსება და პარლამენტი არ გახდეს ქმედითუუნარო.
„ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ პარლამენტი კონსტიტუციას ვერ მიიღებს, შეიძლება დაგვიდგეს საჭიროება, რომ პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეოთხედი გვქონდეს სახეზე. საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირებას, რაც დაკავშირებულია ტერიტორიულ საკითხებთან, მაგალითად, დავით გარეჯის საკითხს, სჭირდება უმრავლესობა. წარმოიდგინეთ, ვთქვათ, აზერბაიჯანთან მივაღწიეთ შეთანხმებას მთავრობებს შორის და ამის რატიფიცირება ვერ მოვახდინეთ პარლამენტში. თუ ეს ვერ შევძელით, ვისი პასუხისმგებლობა იქნება? ისეთ პირობებში ვიმყოფებით, მით უმეტეს, საგარეო თვალსაზრისით, რომ არ არის სასურველი პარლამენტის ქმედუნარიანობა შეზღუდული იყოს იმის გამო, რომ უპასუხისმგებლო დეპუტატებმა უარი თქვეს საკუთარი ვალდებულებების შესრულებაზე. რაღაც გამოსავალი აქედან უნდა მოინახოს. უნდა არსებობდეს წესი დეპუტატების ჩანაცვლების შესახებ. შესაძლებელია, ვადამდელი პროპორციული არჩევნები ჩატარდეს, როგორც ერთგვარი დამატებითი კენჭისყრა. აქ ვადამდელ არჩევნებზე კი არაა საუბარი, არამედ დამატებით კენჭისყრაზე, ერთგვარ მეორე ტურზე პროპორციული არჩევნებისა, თუკი სიები ჩახსნილია და მანდატები გაუქმებულია. ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, ის პარტიები, რომლებმაც უარი თქვეს მანდატებზე, ჩანაცვლდეს იმ პარტიებით, ვინც თავის დროზე მონაწილეობდა 2020 წლის არჩევნებში და ეს პარტიები შემდეგ დამატებით კენჭისყრით მიიღებენ ამომრჩევლების მხარდაჭერას“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.
მისივე განმარტებით, დამატებით კენჭისყრაში ვერ მიიღებს მონაწილეობას ის პარტია, რომელმაც უარი თქვა მანდატებზე. ვერც „ქართული ოცნება“ ვერ მიიღებს მონაწილეობას, რადგან კონსტიტუციით გათვალისწინებულია ზედა ჩამკეტი, „ქართულ ოცნებას“ უკვე აქვს 90 მანდატი და რამდენი ხმაც არ უნდა მიიღოს, მანდატი უკვე არ ეკუთვნის.
დავით ზარდიაშვილის თქმით, საოცარი ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით. გაირკვა, რომ „ნაციონალებს“ მანდატი სააკაშვილის მოსანახულებლად სდომებიათ. მანდატს თურმე სხვა დანიშნულება არ აქვს, გარდა იმისა, რომ სააკაშვილი მოინახულონ.
„ეს მასხრად აგდებაა მანდატისაც, დეპუტატის სტატუსისაც და თავად სააკაშვილისაც. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის წევრს უფლება აქვს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულოს ადამიანი, სააკაშვილის შემთხვევაში სულ სხვა ვითარებაა. ვინაიდან უცხო ქვეყნის მოქალაქე სააკაშვილი საქართველოს პოლიტიკაში მონაწილეობს და ის მსჯავრდებულია, კახა კუჭავას უფლება აქვს, შეზღუდოს ვიზიტები. მან შეიძლება დაუშვას, რომ სააკაშვილის უფლებების დაცვის მონიტორინგისთვის თვეში ერთხელ რომელიმე პარლამენტარი შევიდეს და მოინახულოს სააკაშვილი, მაგრამ ეს არ შეიძლება იყოს მუდმივი კონტაქტი და მუდმივად პოლიტიკური საბჭოს გამართვა სააკაშვილის მონაწილეობით. ციხეში პარტიული გადაწყვეტილების მიღება აბსოლუტურად შეუწყნარებელია“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა for.ge- სთან საუბრისას.