დღეს დილით გამოცემამ „Marca” გავრცელა ინფორმაცია, რომ ცნობილმა პორტუგალიელმა ფეხბურთის სპეციალისტმა, მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ავტობიოგრაფიაზე მუშაობა დაასრულა.
ამ წიგნის სავარაუდო სახელწოდებაა „ჩემი ფეხბურთი“ და გაყიდვაში მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოჩნდება.
დღვანდელ დღემდე „განსაკუთრებულის“ შესახებ რამდენიმე ბიოგრაფიაა გამოცემული. ახალი ნაშრომის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი უშუალო ავტორი თავად ბატონი ჟოზე ბრძანდება.
50 წლის ფეხბურთის სპევიალისტი ახალ წიგნში „ჩელსიში“, „ინტერში“ და მადრიდის „რეალში“ გატარებულ წლებს იხსენებს. რასაკვირველია ნაშრომში „ერთადერთის“ ბიოგრაფიის დღემდე უცნობი არაერთი მოგონებაა მოყვანილი.
ჟოზე მოურინიო თანამედროვე მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელია. თავის დროზე პორტუგალიელს ევროპის ჩემპიონთა ლიგა ორჯერ აქვს მოგებული. მის გუნდებს პორტუგალიის, ინგლისის, იტალიისა და ესპანეთის საფეხბურთო პირველობების გამარჯვებულის ტიტული არაერთხელ აქვთ მოპოვებული.