"ჰიბრიდული ომი საქართველოში"

“საქართველო ჰიბრიდული ომის მდგომარეობაშია. შეგახსენებთ, „ჰიბრიდული“ ომი „კლასიკურისგან“ დიამეტრულად განსხვავდება: „კლასიკური“ ომი გახლავთ პოლიტიკის წარმოება სხვა, ე.ი. სამხედრო საშუალებებით, ხოლო „ჰიბრიდული“ ომი პირიქითაა - აქ პოლიტიკა გახლავთ ომის წარმოების საშუალება; ორივე შემთხვევაში ომი პოლიტიკური მიზნის მისაღწევად - გარკვეულ სივრცეში გაბატონებისთვის წარმოებს; კლასიკური ომისას მოწინააღმდეგის პოლიტიკური ნება სამხედრო ძალით  ითრგუნება, ჰიბრიდული ომისას კი - სამხედრო საშუალებების გამოყენება აუცილებელი აღარ არის, რადგან საომარი მიზანი პოლიტიკის წარმოების „ლეგალური“ ან ნახევრად-ლეგალური მეთოდებით მიიღწევა; ჰიბრიდული ომი იმიტომაცაა ჰიბრიდული,  რომ მშვიდობიანობასა და ომიანობას შორის მკაფიო ზღვარის   გავლება საერთოდაც შეუძლებელია; აქ ინიღბება არა მხოლოდ ომის მეთოდი, მისი წარმოების სტრატეგია და ტაქტიკა,  არამედ თავად ომის მიზანიც; ტერიტორიის ოკუპაცია, ანექსია -  მტრული ნების გაბატონება, როგორც ომის ნამდვილი მიზანი მხოლოდ მას შემდეგ გაცხადდება, როცა ეს მიზანი მიღწეულია, ე.ი. როცა უკვე მტრული ნება ბატონობს,   ხოლო მანამდე, ე.ი. თავად ომის პროცესში - ეს მიზანი ლეგალური ან ნახევრად-ლეგალური, უარესიც - „სამართლიანი“ და უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, ‘სჯულისმიერი“ ფორმებითაა იმიტირებული; 

ზოგიერთ შემთხვევაში, ჰიბრიდული ომის ნამდვილი მიზანი  ე.წ. ქარიზმითაც ინიღბება; რასაც აქ და ახლა უყურებთ - ბოროტმოქმედების, უარესიც - უსჯულოების,  არა მხოლოდ ლეგალიზება, არამედ - უარესიც: უსჯულოების საკრალიზება და მითოლოგიზებაცაა; რასაკვირველია, თავად ესეც უკვე საკმარისზე მეტი მტკიცებულება გახლავთ, რომ ჰიბრიდული ომი  - იდენტობების საინფორმაციო ომად შევიცნოთ.

სააკაშვილის ქარიზმა - არც მეტი, არც ნაკლები, მისი უსჯულოებაა; იგი მოქმედ სამართალს არ ცნობს და ამდენად, კანონის დარღვევა  - მისი კონსტიტუციაა; ოღონდ, აქ საუბარია არა კონკრეტულად აქ და ახლა მოქმედ რაიმე ნორმაზე, არა მხოლოდ „ფორმალურ“ სამართალზე, არამედ ზოგადადაც - სამართალსა და სამართლიანობაზე, როგორც იგი, ჩვენ, ჩვეულებრივ მოკვდავთ გვესმის და უნდა გვესმოდეს, როგორც - სჯული, ანუ ის, რითაც მტყუან-მართალი განისჯება... 

თითქოს ეს წარმოადგენს სააკაშვილის მითოლოგიზების სქემასაც - იგი წარმოიდგინება ისეთ გმირად, რომელიც ძველს უარჰყოფს და „ახალ სჯულს“ უბოძებს  ერს; მაგრამ - თანამედროვე ეპოქაში მითოსური გმირები აღარ არსებობენ; საინფრომაციო ეპოქაში წარმოუდგენელია ისეთი მასიური „უვიცობის საბურველის“ შექმნა, რაც გმირის მითოლოგიზებასა სჭირდება;  მისი ზებუნებრიობა საკრალური იდუმალებისა და საიდუმლოებების, რაც მხოლოდ რჩეულთა მიერ "ინიციაციით" შეიცნობა,  გარეშე შეუძლებელია; სააკაშვილის შესახებ კი იმდენი მადისკრედიტირებელი და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ინფორმაციაა დაგროვილი, რომ მისი მითოლოგიზება საერთოდაც მითოსის, როგორც ასეთის - გამასხარავებას, გააბსურდებასა და უარესიც „ჩამობალაგანებას“ განაპირობებს; მართლაც - თუ სააკაშვილი იგივეა, რაც მაგ. გუბაზ სანიკიძემ გვამცნო - ერთდროულად ჰაველისა და ჩე გევარას ნაზავი, მაშასადამე - ჩე გევარაცა და ჰაველიც "მიშა", ანუ  ბალაგანის მასხარები ყოფილან, უარესიც - სააკაშვილის თანამედროვე ამირანად დახატვა, ძირისძირობამდე ანგრევს და საზრისს აცლის ყოველგვარ მითოსურობას;  ეს გახლავთ ეროვნული იდენტობის ნგრევაც, რადგან ქარველობას თუ „ამირანიანს“ ჩამოუბალაგანებ, იგი ხალხის ნაცვლად მასა, ისტორიის სუბიექტის ნაცვლად - ობიექტი გახდება; 

მითოსი მითოსად, მაგრამ მთავარი აქ  სახელმწიფო იდენტობის - სჯულის, ე.ი. სამართლის ჩამობალაგანებაა;, როცა ბოროტმოქმედის მიმართ მართლმსაჯულების განხორციელება, ვინაიდან მიშა „არაჩვეულებრივია“, თურმე მითოსური გმირია, ქარიზმატულია, ახალი საქართველოს სჯულმდებელია, აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონია და სხვ. და სხვ. შეუძლებელად ცხადდება, ეს არაჩვეულებრიობა - ქველმოქმედებად იწოდება, ხოლო ქველმოქმედი ბიძინა - ბოროტმოქმედად, სამართალი საერთოდაც - საზრისს კარგავს. ხოლო თუ სამართალი საზრისს კარგავს - იქ რაიმე სახელმწიფოებრივი იდენტობა აღარ არსებობს, დანგრეულია. სადაც სახელმწიფო და სჯული არ არის, ის უკვე - მტრის მიერ ოკუპირებული ტერიტორიაა. აი, რატომ არის ჰიბრიდული ომი - საინფორმაციო".

Ninja ???
3 წლის უკან