შედგება თუ არა დიალოგი საპატრიარქოსა და აფხაზურ ეკლესიას შორის, ამ ეტაპზე უცნობია. მხარები თანხმდებიან, რომ დიალოგი აუცილებელია და ერთმანეთის გარეშე არაფერი გამოვა, მაგრამ პროცესი ჯერჯერობით ჩიხშია. ქართული მხარე დიალოგისთვის მზად არის, მაგრამ ამბობს, რომ შეხვედრა უნდა შედგეს თბილისში. ანალოგიურად, მეორე მხარე თანახმაა დიალოგისთვის, მაგრამ ითხოვს, რომ შეხვედრა მოსკოვში შედგეს.
როგორც ცნობილია, ოკუპირებული აფხაზეთის თვითაღიარებულმა პატრიარქმა ბესარიონ აპლიამ პრობლემაზე სასაუბროდ რუსეთთან ერთად საქართველოსაც დიალოგის დასაწყებად მიმართა. აპლიამ რუსეთისა და საქართველოს პატრიარქებს წერილი გაუგზავნა და აფხაზეთის ავტოკეფალიის აღიარების სურვილით, წარსულის შესწავლა სთხოვა.
„აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის“ საეკლესიო საბჭომ საქართველოს პატრიარქის ილია II-ისა და რუსეთის პატრიარქის, კირილის სახელზე გაგზავნილ მიმართვებში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან კავშირის გაწყვეტა მოითხოვა. მიმართვაში ნათქვამია, რომ „აფხაზეთის ეკლესიას“ არ სურს „ძმური სასულიერო კავშირი“ ჰქონდეს მათთან, ვინც ფიქრობს, რომ აფხაზეთი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური ტერიტორიაა.
„მსოფლიოს არც ერთ მართლმადიდებელ ეკლესიას, მათ შორის, რუსულს, „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის“ დამოუკიდებლობა არ უცნია. კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღდგენის მისია მოსკოვის საპატრიარქოს ეკუთვნის“, - ნათქვამია მიმართვაში, რომლის თანახმადაც „აფხაზეთის ეკლესია“ ისტორიულად არასდროს ყოფილა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში.
ბესარიონ აპლიას განცხადებით, აფხაზეთის ეკლესია არასოდეს ყოფილა საქართველოს საპატრიარქოს შემადგენლობაში და ამაზე საუბრი, მისი თქმით, დანაშაულია.
„აუცილებლად უნდა გამოსწორდეს ეს საკითხი - არ შეიძლება ამ ტყუილით ცხოვრება, რომ საქართველოს დაქვემდებარებაში გვეკუთვნის ყოფნა... რუსეთი აქ მოვიდა როგორც დამცველი და განმათავისუფლებელი. მეკითხებიან - რატომ მივისწრაფვით რუსეთისკენ? ვპასუხობ: რუსეთს, საქართველოსგან განსხვავებით, ჩვენთვის აფხაზური ენა არ წაურთმევია“, - აცხადებს ბესარიონ აპლია.
რაც შეეხება ქართული მხარის შეთავაზებას, აპლია უარს არ ამბობს, მაგრამ თბილისში შეხვედრის იდეას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და თვლის, რომ ეს საკითხი საქართველოს საპატრიარქოს გადასაწყვეტი არ არის. აპლიამ 21 ოქტომბერს აფხაზურ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს საკითხი არ წყდება თბილისში, არამედ მოსკოვში და ამიტომ თვლის, რომ სასაუბროდ საუკეთსო ადგილი სწორედ მოსკოვია.
„საქართველოს პატრიარქის პასუხი, ვფიქრობ, სასარგებლოა - ვილაპარაკოთო. მაგრამ ეს ლაპარაკი თბილისში არ უნდა შედგეს. მესმის, რომ მათ ასე უნდათ, მაგრამ საკმარისი არ არის, რომ მათ უნდათ. მე მინდა?! თუ ეს მე არ მინდა, ძალას ვერავინ დამატანს. არ ვენდობი ქართველებს და თბილისში ჩამოსვლა არც უსაფრთხოდ მიაჩნია. ვფიქრობ, რომ შეხვედრაც მოსკოვში უნდა შედგეს“, - ამბობს ბესარიონ აპლია.
მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის ეკლესიის მეთაურის მიმართვის შინაარსი მიუღებელია, საქართველოს საპატრიარქომ აპლია დიალოგის დასაწყებად თბილისში დაპატიჟა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კატეგორიულად უარყოფს მტკიცებას, რომ „აფხაზეთის ეკლესია“ ისტორიულად არასდროს ყოფილა ქართული ეკლესიის შემადგენლობაში და ბესარიონ აპლიას განცხადებას საეკლესიო ისტორიის დამახინჯების მცდელობად აფასებს.
აფხაზეთი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური ტერიტორიაა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის სახელითაა ცნობილი, თუმცა 1992-1993 წლების კონფლიქტის შემდეგ, თბილისი ამ ტერიტორიაზე საეკლესიო კონტროლს ვერ ახორციელებს. აფხაზეთზე ფაქტობრივი საეკლესიო კონტროლი „აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა“ და „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიას“ აქვთ.
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი ამბობს, რომ აფხაზურ პრესაში გავრცელებული ინტერვიუ მაინც იმედისმომცემია, რადგან ნათქვამია უარი თბილისში შეხვედრაზე, მაგრამ არა დიალოგზე. მისი თქმით,
მტერი ყოფს - ღმერთ კი აერთიანებს. ამიტომ ფიქრობს, რომ სასარგებლო იქნება ამ თემაზე შევხვდეთ თბილისში და პირისპირ განვიხილოთ პრობლემატური საკითხები.
„მოლაპარაკებები სად გაიმართება, ამ პირობების დაყენებისაგან მათ, ალბათ, თავი უნდა შეიკავონ. უშუალოდ დიალოგს ვგულისხმობთ ჩვენ სხვების ჩარევის გარეშე, ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი დიდი ხნის სურვილიც იყო. ჩვენ მზად ვართ ასეთი დიალოგისთვის, არ მიგვიღია ჯერ მათგან ოფიციალური შეტყობინება. მან აუცილებლად უნდა დაარბილოს ტონი და ისაუბროს ისე, რომ საფუძველი დაიტოვოს იმისათვის, რომ ჩვენ განვაგრძოთ მათთან დიალოგი“, - განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.
თეოლოგის ლევან აბაშიძის განცხადებით, აპლია ჯერჯერობით ის ერთადერთი მღვდელია, რომელიც საქართველოს ეკლესიაში არის ნაკურთხი და მას ყველა აღიარებს როგორც კანონიერ მღვდელს.
„ჩვენ რეალობა უნდა განვიხილოთ, რეალობა რა არის? 30 წელია ეს კონფლიქტი გვაქვს და ამ წლების განმავლობაში ჩვენსკენ საერთოდ არ იხედებოდა. საქართველოს ეკლესიაც არ აქცევდა ყურადღებას. ეს იყო რეალობა. რეალურ კონტექსტს თუ განვიხილავთ, პროგრესია. ცხადია, სხვადასხვა აზრი აქვთ. აპლია ამბობს, რომ შეხვედრა რუსეთში უნდა შედგეს, საქართველოს საპატრიარქო ამბობს, რომ თბილისში შევხვდეთო. ცხადია, შეიძლება ვერ შეთანხმდნენ და ამით ამოიწუროს საკითხი, მაგრამ დღეს-დღეობით უნდა ვაღიაროთ, რომ ერთი ნაბიჯი არის გადადგმული“, - აცხადებს ლევან აბაშიძე.
თეოლოგი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ყველაფერს რუსეთი აკონტროლებს და აქიდან გამომდინარე, აპლიას განცხადებაც რუსეთთან შეთანხმებით იყო შედგენილი.
„მცდარია ეს მოსაზრება. რუსეთი ყველაფერს ვერ აკონტროლებს და ეს არის მხოლოდ მითი. რუსეთი რომ ყველაფერს აკონტროლებდეს, იქ არ იქნებოდა ახალი ათონის დაჯგუფება. დოროთე დბარის დაჯგუფება, რომელიც უფრო კონსტანტინეპოლიკენ იხედება, ვიდრე რუსეთისკენ. ბესარიონ აპლია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ერთადერთი კანონიერი სასულიერო მოღვაწეა, რომელმაც საქართველოს ეკლესიაში მიიღო თავისი სამღვდელო ხარისხი. მოგვწონს, არ მოგვწონს, პრორუსია, თუ პირიქით, ეს არის შექმნილი რეალობა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლევან აბაშიძემ.
კონფლიქტოლოგი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, რეგიონალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, მამუკა არეშიძე განმარტავს, რომ აპლიას მხრიდან ეს არის პოლიტიკური დემარში რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც რეგიონის დასაბრუნებლად და მეტი სივრცის მოსაპოვებლად აქტიურ ნაბიჯებს დგამს.
„ამ კონტექსტში იყო აპლიას ეს ნაბიჯი გადადგმული. აპლია 1970 წლებში დიაკვნად ხელდასმულია ჩვენი პატრიარქის მიერ. აქიდან გამომდინარე, პატრიაქრს ჰქონდა სრული უფლება აპლია დაებარებინა თბილისში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია რატომ მოინდომა აპლიამ ავტოკეფალიაზე დალაპარაკება. გარდა ამისა, არის მეორე მიზეზი, რომელიც ძალიან გაძლიერდა აფხაზეთში, ეს არის დოროთე დბარის
დაჯგუფება, რომელსაც დაკავებული აქვს ახალი ათონის მონასტერი, ორიენტირებულია ბერძნულ ეკლესიაზე და არ ცნობს აპლიას. როგორც ჩანს, აპლია ცდილობს სათავისოდ გამოიყენოს შექმნილი ვითარება, რომ თავისი მდგომარეობა გაიძლიეროს“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
პოლიტიკური წარსულიდან აკეთებს ანალიზსს დავით ქართველიშვილი, როდესაც ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა იდეას - თბილისში ჩამოსულიყო ვლადისლავ არძინბა და შეხვედროდა ედუარდ შევარდნაძეს. ანალიტიკოსი ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავს თუკი აპლია ჩამოვა თბილისში, რომლის კანონიკური შეუძლებლობა არსებობს, რადგან აპლია ერთ-ერთია აფხაზეთის ტერიტორიაზე მოღვაწე სამღვდელო პირებიდან, რომელიც უშუალოდ საქართველოს კათალიკოს პატრიარქის მიერ არის ხელდასხმული მღვდლად.
„ეს კანონიკური მემკვიდროება არ შეწყვეტილა ბესარიონ აპლიაზე. ჩამოვიდნენ, მოვისმინოთ რა უნდათ. მით უმეტეს, რომ კანონიკურად ეკუთვნის ჩამოსვლა. იქ არის რადიკალური და ცოტა უფრო დესტრუქციული სამღვდელო ფრთა დოროთე დბარის მეთაურობით, რომლის კანონიკური სტატუსი საერთოდ გაურკვეველია. დოროთე დბარი ხელდასხმულია რუსეთში, სტავროპოლის ეპისკოპოსის მიერ. მას შემდეგ, რაც ახალ ათონზე ცალკე მოძრაობა დაიწყო, იქ არაკანონიკურად არქიმანდრიტის ხარისხში იყო აყვანილი.
ამის შემდეგ სტავროპოლის ეპისკოპოსმა მას სამღვდელო ხარისხი შეუჩერა. ფაქტობრივად, ეკლესიური კანონიკის მიხედვით ის არის თვითმარქვია არქიმანდრიტი, რომელიც რამდენჯერმე იყო ჩასული კონსტანტინეპოლში მსფოლიო პატრიარქთან ბართლომესთან ერთადერთი თხოვნით, რომ ეცნო აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალია. რაზეც ბართლომე არ წავიდა“, - ამბობს დავით ქართველიშვილი.
როგორც ცობილია, მსოფლიო პატრიარქ ბართლომესა და რუსეთის ეკლესიას შორის გამოუცხადებელი ომი მიმდინარეობს, მაგრამ ეხება თუ არა ეს ომი აფხაზეთის ეკლესიას, ინფორმაცია არ აქვს ანალიტიკოსს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ რაღაცა დონის შემხებლობა მოხდა.
„ღმერთმა არ ქნას, იგივე განმეორდეს, რაც ბართლომემ უკრაინაში უკვე გაუკეთა რუსეთის ეკლესიას. შექმნა ახალი საეკლესიო წარმონაქმნი - უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია, რომელსაც პირდაპირი მნიშვნელობით ომი აქვს რუსეთის საპატრიარქოსთან უკრაინის ტერიტორიაზე.
იქნებ ასეთი რეალური საფრთხე არსებოს საქართველოს შემთხვევაში და იქნებ ამის შესახებ სურს ბესარიონ აპლიას საუბარი. ჯერ ხომ არ ვიცით რასთან დაკავშირებით გამოთქვა შეხვედრის სურვილი. ჩამოვიდეს, მოვუსმინოთ, რას ვკარგავთ? ჩვენ ძალიან ბევრი დავკარგეთ ამ კუკუ-დამალობანას თამაშით აფხაზებთან და მათ შორის აფხაზურ ეკლესიასთან. გამოვიდეთ ამ რაღაცა კომპლექსებიდან - თუკი ბესარიონ აპლია ჩამოვა, რას იტყვის „ნაცმოძრაობა“; რა გადაცემა ექნება ნიკა გვარამიას - აქიდან თუ ვერ გამოვედით, ჩვენ ერთი ნაბიჯით ვერ მივუახლოვდებით დე-ოკუპაციის საკითხის გადაჭრასაც.
თვალწინ მიდგას 2001 წელს ზუგდიდში ერთ-ერთ შეხვედრაზე 20 წლით ახალგაზრდა პატრიარქის და 20 წლით ჯანმრთელი პატრიარქის სიტყვები: „მე, დარწმუნებული ვარ, რომ ისე არ წავალ ამ ქვეყნიდან, ჩემს ყოფილ საეპისკოპოსო რეზიდენციაში სოხუმში, ნონეშვილის ქუჩაზე არ ჩავიდე და ჩემს საკათედრო ტაძარში წირვა არ ჩავატარო“. მაშინ ძალიან ბევრმა ეს გაატარა. წლები გავიდა და დაივიწყეს ეს ამბავი. მე არ დამვიწყებია. წარმოგიდგენიათ, რამხელა მნიშვნელობა ექნება საქართველოსთვის თუკი ეს შეხვედრა რაღაცა შედეგით დასრულდება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.