მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს (ფიფა) ყოფილი პრეზიდენტს იოზეფ ბლატერს და ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს (უეფა) ყოფილ პრეზიდენტს მიშელ პლატინის თაღლითობაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას ამის შესახებ Sky Sports-ი ავრცელებს.
ფიფას ხელმძღვანელის თანამდებობაზე ბლატერის საქმიანობას შვეიცარიის პროკურატურა 6 წლის განმავლობაში იძიებდა. ბრალდების მხარის მტკიცებით, ბლატერმა ხელი შეუწყო მიშელ პლატინის უკანონო გამდიდრებას. საუბარია 2 მილიონი შვეიცარიული ფრანკის მითვისებაზე.
2011 წლის იანვარში პლატინიმ წერილით მიმართა ფიფას და 1998-2002 წლებში იოზეფ ბლატერის მრჩევლად მუშაობისთვის დამატებითი ფინანსური ანაზღაურება მოითხოვა, ბლატერმა კი ტრანზაქციის განხორციელების ბრძანება გასცა.
„ამ ტრანზაქციამ დააზიანა ფიფას ფინანსური აქტივები და უკანონოდ გაამდიდრა მიშელ პლატინი“, - აცხადებენ შვეიცარიის პროკურატურაში.
65 წლის პლატინი და 85 წლის ბლატერი სასამართლოს წინაშე უახლოეს თვეებში წარდგებიან.
ფიფაში კორუფციული სკანდალი 2015 წელს დაიწყო, როცა სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის ბრალდებით ორგანიზაციის 9 მაღალჩინოსანი დააკავეს, ბლატერი და პლატინი კი ფიფას ეთიკის კომიტეტის საარბიტრაჟო პალატამ საფეხბურთო საქმიანობას ჩამოაშორა. მოგვიანებით პლატინის დისკვალიფიკაციის ვადა 8 წლიდან 6 წლამდე შემცირდა.
ბლატერი ფიფას ისტორიაში მერვე პრეზიდენტია. ის ფიფას პრეზიდენტის თანამდებობას 1998-2015 წლებში იკავებდა.