ბოლო რამდენიმე დღეა, აქტიურად მიდის საუბარი იმის შესახებ, რომ თბილისში, 4 ნოემბერიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი შესაძლოა, კვლავ გაჩერდეს. შესაბამის ინფორმაციას უკანასკნელი დღეებია სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერების საკითხი არ განიხილება. მისივე თქმით, მსგავსი რეკომენდაციით დაავადებათა კონტროლის ცენტრს არ მიუმართავს საკოორდინაციო საბჭოსთვის:
„თუ ახლა დამიჯერებთ, მსგავსი საკითხი საკოორდინაციო საბჭოზე არ განხილულა და მსგავსი რეკომენდაცია ჩვენი მხრიდან მომზადებული არ არის. ჩვენი რეკომენდაციაა, დავიცვათ ის წესები, რაც გვაქვს. ანუ ყველამ ვატაროთ პირბადე დახურულ, თუ ღია სივრცეებში, დავიცვათ დისტანცია, თავი ავარიდოთ დიდ შეკრებებს, წავიდეთ და ავიცრათ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
თბილისის ინფექცნიური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ენდელაძე For.ge-სთან ამბობს, რომ დღეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების საკითხი არ განიხილება. მისი თქმით, გამოსავალი კიდევ ერთხელ „ლოკდაუნის“ გამოცხადება არ არის. ენდელაძემ საზოგადოებას ვაქცინაციის ჩატარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„ჩაკეტვაზე საუბარი არ მიდის, ვისაც ეს ხელეწიფება, ისინი ამბობენ, რომ არ ჩაიკეტება. ცხოვრება გრძელდება, არ უნდა ჩაიკეტოს, მაგრამ ყველამ უნდა ჩაიტაროს ვაქცინაცია. ადამიანი უნდა მივიდეს იმ დონეზე, რომ გაიგოს, ვაქცინაცია არის აუცილებელი და კორონავირუსი არ არის ჩვეულებრივი ვირუსი, რომელსაც ვაქცინაცია არ სჭირდება. როდემდე შეიძლება ჩაკეტილები ვიყოთ?! გაიხსნება და არავაქცინირებულებს ისევ დაემართებათ, რა მნიშვნელობა აქვს? ამიტომ, უნდა ჩაიტარონ ვაქცინაცია. თუ არ აიცრა ხალხი, ვითარება, რა თქმა უნდა, დამძიმდება და ინფიცირებულთა რაოდენობა მოიმატებს“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ For.ge-სთან.
ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე მიიჩნევს, რომ ქვეყნის ჩაკეტვა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება გამოსავალი არ არის. როგორც მან For.ge-სთან განაცხადა, მნიშველოვანია ვაქცინაციის კამპანიის გააქტიურება, სხვა შემთხვევაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დამძიმდება.
„ჩაკეტვა და ასეთი რადიკალური ზომები მაინცდამაინც ამ ეტაპზე არ არის სწორი. ძალიან გაუჭირდა მოსახლეობას ეკონომიურად, ფსიქოლოგიურად, თანაც ასეთი შეზღუდვები დიდ ეფექტსაც არ მოიტანს და ფსიქოლოგიურად, კიდევ უფრო მეტად დაძაბავს სიტუაციას. თუ ტრანსპორტში სწორად მოიქცევა ადამიანი, გამოიყენებს პირბადეს, დაიცავს ჰიგიენას და ა.შ. მაშინ ეს პრობლემა არ იქნება, სწორედ ეს უნდა გაკონტროლდეს. ამ აკრძალვას შეიძლება გვერდი ავუაროთ, თუ სწორად დავიცავთ იმ წესებს, რომელიც გვიცავს.
სანამ მოსახლეობის ვაქცინაციის დონე არ აიწევს, არაფერი გვეშველება და კიდევ უფრო დამძიმდება სიტუაცია. ჯარი, რაც უფრო მეტს ვარჯიშობს, ის უფრო ეფექტური ხდება მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში. მოდიფიცირებული ვირუსი, რომელსაც უფრო მეტი გადამდებლობა აქვს, ამის კარგი მაგალითია ე.წ. დელტა შტამი, რომელსაც 70%-ით მეტი გადამდებლობა აქვს, დიდი რაოდენობით ინფიცირებულთა არსებობა, დიდი ხნის განმავლობაში იწვევს შტამების მუტაციურ გავრცელებას, რომელიც უფრო ძლიერია. სწორედ ამაზე უნდა ვიფიქროთ და არა ჩაკეტვაზე“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ For.ge-სთან.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში შეზღუდვების ამოქმედებას არ ელოდება. მისივე თქმით, მიუხედავად მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებისა, რეგულაციების კიდევ ერთხელ შემოღებას არ ემხრობა. როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია მოქმედ რეგულაციებზე კონტროლის გამკაცრება. ამასთან, იგი მომხრეა, რომ საქართველომ ე.წ. მწვანე კოვიდ-პასპორტის შემოიღოს და ვაქცინირებულ ადამიანებს გარკვეული პრივილეგიები მიეცეთ.
„შეზღუდვების გამკაცრებას არ ველოდები და პირადად მე, არ ვემხრობი. ერთგვარად ეს წარსულია, რადგან მან გამოიწვია ეკონომიკის რეცესია და ადამიანების ცხოვრების დონის გაუარესება, შესაბამისად, მათი გაღიზიანება. უფრო ხშირად ისმოდა ასეთი ფრაზა, „რა მნიშვნელობა აქვს კოვიდისგან დავიღუპები თუ შიმშილით“. თუმცა, ველოდები რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლის გამკაცრებას. ამაში მე პირადად ვსაყვედურობ ქვეყნის ხელმძღვანელობას, რომ ისინი არასაკმარისად მკაცრად აკონტროლებენ რეგულაციების აღსრულებას.
ვემხრობი ე.წ. მწვანე კოვიდ-პასპორტების შემოღებას, ანუ ერთგვარი, ირიბი ვალდებულება, ირიბი იძულება. არავინ აიძულებს აიცრას, ეს ადამიანის თავისუფლებაა, მაგრამ შეიძლება არაპირდაპირი მექანიზმები ამოქმედდეს, როგორიც მუშაობს აშშ-სა და მთელ ევროპაში. ის, ვინც წარმოადგენს ე.წ. მწვანე კოვიდ-პასპორტს, რომ ის ორჯერ ვაქცინირებულია, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი აქვს კოვიდი, ან წარმოადგენს უარყოფით „პისიარ“ ტესტს, მას მიეცეს პრივილეგიები გარკვეულ სივრცეებში აქტივობისთვის. თუ არ გინდა აცრა, შეეგუე ერთგვარ დისკომფორტს, არავინ გსჯის შენ“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ინფორმაციისთვის, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბოლოს 14 აგვისტოს, ოთხი კვირით გაჩერდა. მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა 13 სექტემბერს აღდგა.