პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საყოველთაო ვაქცინაციის წინააღმდეგია და აცხადებს, რომ მოქალაქეებმა თავად უნდა აირჩიონ, აიცრებიან თუ არა. პრემიერი ადამიანების თავისუფალი არჩევანის ნების უგულებელყოფას არ აპირებს და მიიჩნევს, რომ მოქალაქეები უნდა დავარწმუნოთ ვაქცინაციის უალტერნატივობაში და არ უნდა ვაიძულოთ ისინი, აიცრან. მით უმეტეს, რომ ვაქცინების პრობლემა არაა და მან, როგორც პრემიერ-მინისტრმა, მილიონობით ვაქცინა ჩამოიტანა საქართველოში.
პრემიერის ამ გადაწყვეტილებას მიესალმებიან ის ადამიანები, ვინც ძალადობრივი ვაქცინაციის წინააღმდეგია და, ვისაც ვაქცინის უალტერნატივობის არ სჯერა, ვინაიდან ყოველი აცრის შემდეგ კორონავირუსი ახალ რეზისტენტობას იძენს.
სანამ პრემიერის ეს განცხადება გახმიანდებოდა, მანამ ვისმენდით ინფექციონისტების კატეგორიულ მოთხოვნას, რომ მთავრობას იძულებითი ვაქცინაცია უნდა შემოეღო და არ გაეთვალისწინებინა მოსახლეობის პროტესტი.
ბიძინა კულუმბეგოვი კოვიდპასპორტების შემოღების აუცილებლობაზე საუბრობდა, რომლითაც ადამიანებს დახურულ სივრცესა და ტრანსპორტში დაუშვებდნენ. ეს იქნებოდა კოვიდპასპორტები, რომლებიც განასხვავებდა ვაქცინირებულს არავაქცინირებულისგან.
დავით სერგეენკო აცხადებდა, რაც არ უნდა დისკრიმინაციად ჟღერდეს, სელექტიური შეზღუდვები, ალბათ, უნდა დაწესებულიყო. სავარაუდოდ, ეს უნდა ყოფილიყო მწვანე ბარათი, მწვანე პასპორტი, რომლითაც პრივილეგია მიენიჭებოდათ ვაქცინირებულებს.
ანალიტიკოსთა ნაწილი for.ge-სთან საუბარში მიესალმება პრემიერის ინიციატივას ადამიანისთვის თავისუფალი არჩევანის დატოვების შესახებ. ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე მიიჩნევს, რომ სელექტიურ შეზღუდვებთან დაკავშირებით მთელ მსოფლიოში დიდი ზეწოლაა, მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს ეს პროცესი, თანაც, გაცილებით უარესი ფორმებით. ამაში გაგვისწრო ავსტრალიამ, იტალიამ, საფრანგეთში უმძიმესი მდგომარეობაა ამ მხრივ.
სოსო მანჯავიძის აზრით, კოვიდშიზოფრენია თავის პიკს აღწევს და სრულ ორუელში ვცხოვრობთ. სამწუხაროდ, ადამიანის თავისუფალ ნებაზე გავლენის მოხდენა შესაძლებელია იმ ტიპის ადამიანების არსებობის წყალობით, რომლებსაც არ აქვთ კრიტიკული აზროვნების უნარი ჩამოყალიბებული, მათ ბრმად სჯერათ ვაქცინაციით დაინტერესებული გლობალური ძალების.
„ალბათ, ეკლესიასაც ექნება ამასთან დაკავშირებით პოზიცია, საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესია იქნება, თუ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, იქაც არ არის ერთგვაროვანი განწყობა სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით. რაც შეეხება კათოლიკურ ეკლესიას, იქ საერთოდ გამოაცხადეს, რომ ვაქცინაცია თურმე სიყვარულის აქტი ყოფილა. ზოგადად, ვაქცინაციის პროგრამა კარგად დამუშავებული სპეცოპერაციაა, რომელიც ყოფს საზოგადოებას. ამას წინათ გამოვიდა ფლორიდის გუბერნატორი და თქვა, ბაიდენის მანდატორული ვაქცინაცია ორ ნაწილად ყოფს ნაციას და მძიმე შედეგებს მოიტანსო, რაშიც მეც ვეთანხმები. ასევე ფიქრობს ოკლაჰომის გუბერნატორიც“, - აღნიშნა სოსო მანჯავიძემ for.ge-სთან საუბრისას.
პოლიტოლოგი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება, რომ იძულებით მოხდეს აცრა, მაგრამ, ამასთან, მიიჩნევს, ვისაც აცრა არ უნდა, რაღაცები უნდა შეეზღუდოს.
„დისკრიმინაციული მიდგომა იქნებოდა, აუცრელობის გამო ადამიანს სამსახურიდან რომ ათავისუფლებდნენ. მე აცრილი ვარ, ყველანაირად დაცული ვარ და რატომ უნდა მზღუდავდეს აუცრელი ადამიანი, რომელიც არც თავის თავზე არ ფიქრობს, არც ახლობლებზე? ივნისში ავიცერი და ვერ ვხედავ განსხვავებას ჩემსა და აუცრელებს შორის. სახელმწიფოს ჩაუვარდა აცრის კამპანია, რადგან აცრილებს არანაირ შეღავათს არ აძლევს. რაღაც წამახალისებელი ხომ უნდა იყოს, რომ აცრისკენ ხელი წაჰკრან ადამიანებს“, - გვითხრა პაატა ზაქარეიშვილმა.