ბექა დავითულიანი: ნიკა მელიამ თბილისში არჩევნები წააგო და ახლა უბნებზე სიტუაციის არევა უნდა

ბექა დავითულიანი: ნიკა მელიამ თბილისში არჩევნები წააგო და ახლა უბნებზე სიტუაციის არევა უნდა

ნიკა მელიამ თბილისში არჩევნები წააგო, მათ შორის წააგო ვაზისუბანში და იმ უბნებზე, სადაც ახლა სიტუაციის არევა უნდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა „ქრონიკას“ განუცხადა.

„ერთ უბანში მოხდა მოკლე ჩართვა, ჩაქრა შუქი, ნიკა მელიას საბაბი მიეცა, აქ მოსულიყო და ეთქვა, თითქოს რაღაც ყალბდება. ჩვენ მოვედით, ვუთხარით, რომ ეს აჟიოტაჟი საჭირო არ არის და აცადოს საარჩევნო ადმინისტრაციას მუშაობა. მელია შეეცადა შოუ დაედგა, იყო აგრესიული შეძახილები“, - აღნიშნა ბექა დავითულიანმა.

ვაზისუბანში, 62-ე საარჩევნო უბანთან დაპირისპირება იყო. ადგილზე მხარდამჭერებთან ერთად მივიდა „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია, რომლებმაც უბანში ელექტროენერგიის რამდენიმეწუთიანი გათიშვა გააპროტესტეს.

საარჩევნო უბანთან მივიდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ბექა დავითულიანი და გიორგი ამილახვარიც, რომლებმაც მომხდარს „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაცია უწოდეს. მათი შეფასებით, ოპოზიციური პარტია საარჩევნო უბანზე არეულობის შექმნას ცდილობს.