„ცალკეული ადამიანები მოითხოვენ, აუცრელები ტრანსპორტში არ აუშვან. ეს ჩვეულებრივი ფაშიზმია. თუ ასე ღელავენ ჩვენს ჯანმრთელობაზე, მაშინ უმჯობესია, იმაზე იზრუნონ, ყველას ჰქონდეს უსაფრთხო საკვები, რადგან ჯანმრთელობის საწინდარი, პირველ რიგში, სწორედ საკვებია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დამოუკიდებელი ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში მარინა ბერაძე.
ცალკეული ინფექციონისტების მხრიდან კოვიდპასპორტებზე საუბარმა მოსახლეობის აუცრელი ნაწილის პროტესტი გამოიწვია. მოგვიანებით კოვიდპასპორტებზე მსჯელობა კონკრეტულმა ადამიანებმა შეაჩერეს, სამაგიეროდ, მობილურში არსებულ აპლიკაციაზე ალაპარაკდნენ, რომელშიც საქართველოს ყველა მოქალაქის კოვიდსტატუსი იქნებოდა ასახული და გაირკვეოდა, ეს ადამიანი კოვიდდადებითია, თუ კოვიდუარყოფითი. მათი აზრით, ამ აპლიკაციის გარეშე ადამიანი ვერ უნდა შედიოდეს ვერსად, ვერც ტრანსპორტში, ანუ სახლს ვერ უნდა ტოვებდეს. რამდენად დისკრიმინაციულია ასეთი მიდგომა, მით უმეტეს, მაშინ, როცა ევროპაში მსგავს მეთოდებს ერიდებიან?
- ჩემი აზრით, ეს დისკრიმინაციაა. სხვა რა შეიძლება ჩაითვალოს დისკრიმინაციად, თუ არა ეს საქციელი. ასეთი ქმედება ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანებზე. ასეთი მეთოდებით ვაქცინაციის პროცესის გამართლება უკურეაქციას იწვევს და ჩვენ ამაში დავრწმუნდით კიდეც. ყველაზე მთავარია, ადამიანს ჰქონდეს ნდობა. როცა ადამიანი გენდობა, მას აღარ სჭირდება იძულებითი ღონისძიების გატარება. გასართობ ცენტრში შეშვება-არშეშვებაც ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ ეს არ იქნება დამანგრეველი, რადგან ადამიანების გარკვეული ნაწილი არც დადის გასართობ ცენტრებში, არც რესტორნებში. რესტორანში შეიძლება არ წახვიდე და ამით დიდად არ შეგეზღუდება ცხოვრება, თუმცა რესტორანში შესვლის აკრძალვაც არასასიამოვნო და არაპოპულარულია. ცოტა ხანში ეს ყველაფერი დასჯადი შეიძლება გახდეს. ამაზე მეტყველებს საერთაშორისო გამოცდილება.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ტრანსპორტში ადამიანების არშეშვება უკვე წითელ ხაზს გადაცილებული ქმედებაა, ეს ჩვეულებრივი ფაშიზმია. ეს არის ფაშიზმის ფორმა, რომელიც 21-ე საუკუნეში შეიძლება იყოს გამოყენებული. თუ ასე ძალიან ღელავენ ჩვენს ჯანმრთელობაზე, მაშინ უმჯობესია, იმაზე იზრუნონ, ყველას ჰქონდეს საკვები, ბავშვს, თუ მოხუცს და ეს საკვები იყოს უსაფრთხო. ჯანმრთელობის საწინდარი, პირველ რიგში, სწორედ საკვებია.
რეალურად, ეს საკითხი არავის აღელვებს, მათ შორის, მსოფლიოშიც ეს არ არის ნომერ პირველი ამოცანა და ამაზე ასე დარაზმულად არავინ ზრუნავს. აქედან გამომდინარე, რატომ უნდა გვჯეროდეს, რომ ჩვენი გაციების, ან არგაციების ამბავზე ასეთ ზომებს ღებულობენ?!
უცხოეთში თუ უქმნიან საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასვლის პრობლემებს აუცრელ ადამიანებს?
- უცხოეთში არ არის საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასვლასთან დაკავშირებით პრობლემები. ევროპის ქვეყნებში, სადაც ჩემი ახლობლები ცხოვრობენ, საითკენაც ჩვენ ვისწრაფვით, ხალხი თავისუფლად ცხოვრობს. ნიღბის ტარება და გარკვეული წესების დაცვა დღის წესრიგშია, არ არის ასეთი დამოკიდებულება მასმედიის მხრიდან, რომ დღე და ღამე ლაპარაკი იყოს ამ თემაზე, ასე სტრესავდნენ ადამიანებს, ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა, ფსიქოლოგიურად ადამიანი ნადგურდება ასეთ დაძაბულ მდგომარეობაში. ამერიკაზე არაფერს ვამბობ, რადგან ამერიკაში აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა შტატების მიხედვით და სრულიად სხვა მოცემულობაა. რა საჭიროა ამდენი შიში? იმისთვის, რომ ლეტალობა შეამცირონ, არ ჯობდა, სწორი მკურნალობა ესწავლათ? დაიწყონ ეს ოჯახის ექიმების დონეზე, პირველადი ჯანდაცვის დონეზე მოგვარდეს ეს საკითხი, რომ ჰოსპიტალიზაცია ნაკლები იყოს.
თავის დროზე ლევან რატიანი ამბობდა, რომ აუცრელ კოვიდგადატანილებს ბუნებრივად გამომუშავებული გაცილებით მეტი ანტისხეულები ჰქონდათ, ვიდრე ვაქცინირებულებს. ჩვენს საზოგადოებაში ისმის კითხვები, იქნებ, აუცრელებზე მეტად სწორედ აცრილები ავრცელებენ ვირუსს, რადგან მათში რეინფიცირების შემთხვევები მაღალია, ისინი ორჯერ ინფიცირდებიან კორონათი, მათი იმუნიტეტი აცრის შემდეგ დაქვეითებულია და ეს მაშინ, როცა ეპიდემიოლოგები გვარწმუნებდნენ, რომ, აცრის შემთხვევაში, ადამიანთა დიდ პროცენტს კორონა ხელმეორედ არ შეხვდებოდა?
- ამასთან დაკავშირებით შეიძლება რაღაც მოსაზრება მქონდეს, მაგრამ ამის გახმოვანება მტკიცებულების გარეშე რთული იქნება, ვინაიდან მე არ ჩამიტარებია კვლევა. საერთოდ, მსოფლიოში ძალიან ბევრი მეცნიერული კვლევა ტარდება და სხვადასხვა შედეგამდე მივიდნენ მეცნიერები. თუმცა ის, რაზეც თქვენ ლაპარაკობთ, რომ კოვიდგამოვლილ ადამიანებს, რომლებმაც ბუნებრივად გადაიტანეს კოვიდი, გაცილებით უფრო ხანგრძლივი და ძლიერი აქვთ ანტისხეულები, ესეც ფაქტია. ეს თემა კვლევის საგანია, მაგრამ შუა პანდემიის პერიოდში ჩატარებული ვაქცინაცია მუტაციებს რომ იწვევს, ეს დარგის ყველა სპეციალისტმა იცის, თუ არ დაივიწყეს საერთოდ ყველაფერი. თუ გვინდა მედიცინა თავდაყირა დავაყენოთ, სწორედ ამას მიანიშნებს ჩემთვის სრულიად გაუგებარი შეთავაზება, როდესაც ითქვა, რომ თურმე კოვიდის საწინააღმდეგო ორი დოზის გაკეთება ერთდროულად შეგვიძლია, ერთ დღეში შეგიძლიათ გაიკეთოთ ორივე დოზაო. ჯერ ვიფიქრე, ეს ხუმრობა იყო. ამას რომ ადამიანი იტყვის, ასეთ დროს ვინმეს ეჭვი რომ შეეპაროს ვაქცინაციის მიმართ, დანაშაული არ არის.
ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ აცრების შემდეგ კორონას შტამები ძლიერდება და მეცნიერები თანხმდებიან, რომ ერთ დღესაც ვაქცინაცია შედეგს ვერ მოიტანს.
- რა თქმა უნდა, შტამები ძლიერდება. საერთოდ, ტუბერკულოზის შემთხვევაში ჩვენ ხომ ვიცით, როდის ხდება და რა იწვევს ტუბერკულოზის რეზისტენტულ ფორმას?! ანალოგიურია კორონავირუსის შემთხვევაშიც. საერთოდ, სჯობს, ამ სიტუაციაში ჩართული ადამიანები ცოტა ხანს მაინც გაეცალონ ამ სფეროს და რაღაცნაირად დაისვენონ.
ფიქრობთ, მათ კორონავირუსი ხელის მოთბობის საშუალებად აქციეს?
- რა თქმა უნდა, ვინმე ითვლის ამ ხარჯს, რამდენი ჯდება კოვიდიანი პაციენტის მკურნალობა ჰოსპიტალში? რა ინტერესი შეიძლება გამოიკვეთოს? არსებობს ფონდი და ეს ფონდი როგორ იხარჯება, კაცმა არ იცის. გადასახადის გადამხდელთა თანხა როგორ ნაწილდება, რატომ არავის ეკითხებიან? რატომ არ კითხულობენ, მოსაწონია, რომ ადამიანები არ აუშვან ტრანსპორტში, თუკი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ? ამას არ სჯობდა, ტრანსპორტში ნიღბების ტარების წესი დაეცვათ? იყოს ნიღბები ტრანსპორტში და ვისაც არ ექნება, დაურიგონ. ძალიან დამანგრეველი იქნება ეს თანხები ბიუჯეტისთვის?
დასაწყისში ბრძანეთ, რომ ასეთი გადაწყვეტილებები შეიძლება სამომავლოდ დასჯადი გახდეს. ლოკდაუნები, ჩაკეტვები, მწვანე ბარათის ამოქმედება და ტრანსპორტში აუცრელთა არ შეშვება შეიძლება დრაკონულ მიდგომად ჩაითვალოს?
- დიახ. ასეთი ფაშისტური მეთოდების წინააღმდეგ მოძრაობა უკვე მთელ მსოფლიოში დაიწყო. როცა ხალხის ტალღა აზვირთდება, იმის შეჩერება შეუძლებელი ხდება. ამას მოჰყვება სხვა ღონისძიებები ხალხის მხრიდან. ეს ძალიან სენსიტიური თემაა და აუცილებელია ამას ყველა დაუფიქრდეს, თანაც ჩვენისთანა პატარა ქვეყანაში, სადაც ყველა ყველას იცნობს.
ასეთი „ლოზუნგებიც“ ისმის, აუცრელები აცრილებს გვკლავენ. არადა, აუცრელები პირიქით ფიქრობენ, რომ დასუსტებულ იმუნიტეტიანი აცრილები მათ კლავენ და ვირუსს აფრქვევენ. სხვათა შორის, არც ეკლესია მოუწოდებს მრევლს, გინდა თუ არა, აიცრან. როგორც ჩანს, კითხვები და ეჭვები უფრო დიდია ამ საკითხის მიმართ, ვის შეიძლება უაპელაციოდ ვენდოთ?
- ვინც იცრება, ის თავისთვის იცრება და არა სხვისთვის და ის არ არის მსოფლიოს გადამრჩენელი. ვინც არ იცრება, ის არ არის მკვლელი, მან შეიძლება დაიზიანოს მხოლოდ საკუთარი თავი. ეს მისი არჩევანია. ადამიანმა სწორი არჩევანი რომ გააკეთოს, ამას სწორი პოლიტიკის გატარება სჭირდება. თანაც, რეინფიცირებისგან ეს არ იცავს. სიკვდილიანობის შესახებ ინფორმაციასაც არ გვაწვდიან ისეთი სიხშირით, რაც საჭიროა. ზოგადად, სიკვდილიანობას რა იწვევს? ხომ არ იწვევს სხვა დაავადებები და არასწორი მკურნალობა? რაღაც დაავადებას არასწორად რომ უმკურნალებ, რა შედეგს მიიღებ? ძალიან ბევრი კოვიდგადატანილი მინახავს, რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნო გრძნობა არ არის, მაგრამ მათ მეტ-ნაკლებად ჩვეულებრივად გადაიტანეს ვირუსი. როდესაც ადამიანი ფსიქოლოგიურად შეშინებულია, გაცილებით უფრო რთულია მისთვის ამ ინფექციასთან ბრძოლა.
კვების რაციონი კოვიდის პროფილაქტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამაზე მეცნიერული კვლევებია ჩატარებული და პირდაპირ მოწოდებულია ისეთი პროდუქტები, რომლებიც განსაკუთრებით სასარგებლოა ასეთ დროს. ეს არის კივი, ბანანი, კენკროვანები, ნიგოზი, თხილი და ა.შ.