ბითაძის მცირე დრო და

ბითაძის მცირე დრო და "ინდიანა პეისერსის" მორიგი მარცხი

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გამთენიას მე-6 ტურის თამაშები გაიმართა. გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსი" სტუმრად " ბრუკლინ ნეტსს" შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ პირველი მეოთხედი დიდი ანგარიშით მოიგო, მაინც 98:105 დამარცხდა.

რიკ კარლაილის გუნდმა საწყისი 12-წუთეული 38:26 მოიგო თუმცა, კევინ დურანტმა და კამპანიამ მეორე მეოთხედში ჩამორჩენა სრულად აღმოფხვრეს და მეტიც, წინაც გავიდნენ. "ნეტსის" კალათბურთელებმა ჯერ 32:17, შემდეგ კი 27:19 მოიგეს და ბოლო პერიოდის წინ ანგარიში 85:74 გახადეს. "ინდიანამ" ბოლომდე იბრძოლა, დასკვნით მეოთხედში გაიმარჯვა კიდეც, მაგრამ, მხოლოდ 4 ქულა (24:20) გაქვითა და საბოლოოდ მაინც დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში ქართვლმა კალათბურთელმა ითამაშა, მაგრამ, მხოლოდ 0:51 წამი და ბუნებრივია ამ დროში გუნდს ვერაფრით დაეხმარა. როგორც ჩანს სხვა მწვრთნელების მსგავსად ჩვენებურს არც კარლაილი ენდობა და ეს უკვე ბევრჯერ გამოჩნდა.

ყველაზე შედეგიანი "ბრუკლინის" კალათბურთელი ჯეიმს ჰარდენი იყო, 32 წლის გამთამაშებელმა 35:02 წუთში საკუთარ გუნდს 29 ქულასთან ერთად, 8 მოხსნა და ამდენივე პასიც შესძინა. კევინ დურანტმა კი 22 ქულით, 11 მოხსნითა და 7 პასით ორმაგი დუბლი გაიფორმა.

"პეისერსიდან" ტორი კრეიგი გამოირჩა, 30 წლის ფორვარდმა 38:10 წუთში 28 ქულა, 11 მოხსნა, სამი შეგეგიანი გადაცემა გამოიმუშავა და ორმაგი დუბლი ჰქონდა. ქართველის გუნდიდან კრის დუარტეს 19 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი, ხოლო დომანტას საბონისს 16 ქულა, 7 მოხსნა და 6 შეგეგიანი გადაცემა დაუგროვდათ.

"ინდისნას" 6 მატჩიდან მხოლოდ 1 მოგება და 5 მარცხი აქვს, შესაბამისად აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 პოზიციაზეა. გოგა და მისი თანაგუნდელები მომდევნო შეხვედრას 31 ოქტომბერს, შინ "ტორონტო რეპტორსის" წინააღმდეგ ჩაატარებენ. "ბრუკლინ ნეტსს" კი 3 მოგების წილ 3 მარცხი დაუგროვდა და იმავე კონფერენციაში მე-11 ადგილზე იმყოფება. სტივ ნეშის გუნდი 1 ნოემბერს, შინ "დეტროიტ პისტონსს" მიიღებს.