ირაკლი ჩიქოვანი: მივმართავ ყველას, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, ჩვენ ყველაზე წინ ზუგდიდის ინტერესები უნდა დავაყენოთ

ირაკლი ჩიქოვანი: მივმართავ ყველას, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, ჩვენ ყველაზე წინ ზუგდიდის ინტერესები უნდა დავაყენოთ

ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა „ქართული ოცნების“ მომხრეებს მოუწოდა, რომ არ აყვნენ პროვოკაციას და წინ დააყენონ ქალაქის მოსახლეობის არჩევანი. „კიდევ ერთხელ მივმართავ ყველა ჩვენს მხარდამჭერს, აქტივისტსა და მომხრეს, არავითარ შემთხვევაში არ აყვნენ პროვოკაციას. დღეს ზუგდიდში გვაქვს შემდეგი სურათი, რომ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ ხვალ მამუკა წოწერია გაიმარჯვებს“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

ამასთან, მან ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსაც მიმართა და სიმშვიდისკენ მოუწოდა. „მივმართავთ ყველას, მათ შორის ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, ჩვენ ყველაზე წინ უნდა დავაყენოთ ზუგდიდის ინტერესები და ჩვენი ქალაქის მოსახლეობის არჩევანი. გვექნება ისეთი ღონისძიებები, რომელიც აბსოლუტურად ნებადართულია კანონმდებლობით. ჩვენი მომხრეები იქნებიან მაქსიმალურად მობილიზებული იმისთვის, რომ ჩვენი მხარდამჭერები მოვიდნენ არჩევნებზე“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მომხრეები არჩევნების დღეს მაქსიმალურად იქნებიან მობილიზებული. „ჩვენ მხარდამჭერებს ექნებათ გარკვეული სიები, ამ სიებში მოცემულია ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომია საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე და არაა კონფიდენციალური. ეს ადამიანები ჩვენი მომხრეებისგან დაიცავენ 100-მეტრიან პერიმეტრს და ამით ისინი არავითარ შემთხვევაში არ დაარღვევენ არცერთ საკანონმდებლო ნორმას“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

ზუგდიდის 67-საარჩევნო ოლქში დაახლოებით 120 ათასი ამომრჩეველია რეგისტრირებული. ზუგდიდის მერობის „ნაცმოძრაობის“ კანდიდატია ანზორ მელია, ხოლო „ქართული ოცნების“ მამუკა წოწერია.

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში გაიმართება.