შიმშილობა არის ადამიანის უფლება და სახელმწიფო იზრუნებს პატიმრის ჯანმრთელობაზე, როგორც ამას კანონი ავალდებულებს, თუმცა მიხეილ სააკაშვილი გამორჩეული პატიმარი ვერ იქნება, - ამის შესახებ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.
„ქვეყანაში სააკაშვილის შემოპარვა შესაძლოა გამხდარიყო ქაოსის საფუძველი, მას უნდოდა არეულობის მოწყობა და რევოლუციური სცენარის გამოწვევა. ბუნებრივია, სამართალდამცავი ორგანოები მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ და ეს გეგმა ჩაიშალა. სხვა ვერაფერი შეუწყობს ხელს იმას, რომ რაიმე არეულობა მოხდეს. თუ იქნება ამის მცდელობა, ყველაფერი კონტროლის ქვეშაა და კანონის ფარგლებში ადეკვატური რეაგირება მოხდება. როდესაც სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, პრაქტიკულად მეორე დღიდანვე დაიწყო „ნაცმოძრაობის“ მხრიდან სპეკულაციები, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. საერთოდ, რამდენად შიმშილობს სააკაშვილი, მოდით, ეს საზოგადოებამ განსაჯოს, ვინაიდან სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. შიმშილობა არის ადამიანის უფლება და სახელმწიფო იზრუნებს პატიმრის ჯანმრთელობაზე, როგორც ამას კანონი ავალდებულებს, თუმცა ის გამორჩეული პატიმარი ვერ იქნება“, - ამბობს გიორგი ამილახვარი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, მხარდამჭერები კი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.