ბიძინა კულუმბეგოვი: ვირუსი იპოვის ყველა ადამიანს, ვისაც არ ექნება იმუნური ფარი

ბიძინა კულუმბეგოვი: ვირუსი იპოვის ყველა ადამიანს, ვისაც არ ექნება იმუნური ფარი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას აფასებს და აცხადებს, რომ ციფრები ვერ განულდება და ინფექცია მუდმივად იარსებებს.
როგორც ბიძინა კულუმბეგოვმა “რუსთავი 2-თან” განაცხადა, გამოსავალი კვლავ ვაქცინაციაა. მისი თქმით, ვირუსი იპოვის ყველა ადამიანს ვისაც “იმუნური ფარი” არ ექნება:

“ციფრები ვერ განულდება, მუდმივად იარსებებს ეს ინფექცია, აქ საუბარია იმაზე, რომ ამ ინფექციას არ ჰქონდეს ტალღისებური მიმდინარეობა, რამაც, როგორც ტალღამ და ცუნამმა, არ დაარტყას ჩვენს ჯანდაცვის სისტემას. მზარდი ციფრები, რომლებსაც ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის ძალიან მაღალ რისკს წარმოადგენს.

ყველა ადამიანს, რომელსაც არ ექნება იმუნური ფარი – ეს ნიშნავს გადატანილი ბუნებრივი ინფექციის იმუნიტეტს ან შეძენილ ფარს, ანუ  ვაქცინაციას –  ვირუსი ყველას იპოვის, საქართველოს ყველა მოქალაქეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ჩვენ ძალიან ძვირი დაგვიჯდება.

ალტერნატივა გვაქვს – ან სწრაფად დავასრულოთ პანდემია და ცხოვრების ნორმალურ რიტმს დავუბრუნდეთ, ან დაუსრულებლად გავაგრძელოთ მეექვსე, მეშვიდე, მერვე და შემდგომი ტალღების თვლა, რომელსაც, მინიმუმ, რამდენიმე ათასი ადამიანის სიცოცხლე ეწირება”, – განაცხადა კულუმბეგოვმა.