დღეს მსოფლიოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამი ცირკულირებს, რომლის შესახებაც მეცნიერებს ამ ეტაპზე მცირე ინფორმაცია აქვთ - თუ რამდენად სწრაფად ვრცელდება და ამ სახეობით დაინფიცირების შემთხვევაში, როგორია მისი კლინიკური მახასიათებელი. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ახალი სახეობა „დელტა“ შტამის მსგავსია.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამი ქვეყანაში არ დადასტურებულა, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ის საქართველოს მეზობლად, რუსეთში დაფიქსირდა. შესაბამისად, სპეციალისტები დღეს უკვე, კიდევ ერთ ახალ და სერიოზულ საფრთხეზე ალაპარაკდნენ.
როგორც ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე For.ge-სთან აცხადებს, ახალი შტამის საქართველოში შემოსვლის შემთხვევაში, ისედაც არსებული კრიტიკული მდგომარეობა უფრო მეტად დამძიმდება.
მისი თქმით, იმისათვის, რომ რომ ეპიდვითარება გამოსწორდეს, მნიშველოვანია ვაქცინაციის პროცესის გააქტიურება. როგორც ხმალაძემ აღნიშნა, თუკი უახლოეს პერიოდში მდგომარეობა არ გაუმჯობესებდა და ვერც ვაქცინაციის ტემპი მოიმატებს, გარკვეული ჯგუფებისთვის აცრა სავალდებულო უნდა გახდეს.
„ეს არის კორონავირუსის მოდიფიცირებული ვარიანტი, რაც ჩვეულებრივი ამბავია. როდესაც ვირუსი დიდი ხანი ცირკულირებს, ამ დროს ის იცვლის ნაირსახეობას, სახის ცვლილება ხდება და იძენს ახალ თვისებებს, შესაძლოა, უფრო გაძლიერდეს და ა. შ. საქართველოში არსებული ეპიდსიტუაცია სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ვიფიქროთ, მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია.
ახალი შტამი ამძიმებს მდგომარეობას, მაგრამ ესეც რომ არ იყოს, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა ისედაც მძიმეა და უფრო მეტად დამძიმდება, თუ ვაქცინაციის არ მივხედეთ და მაქსიმალურად არ მოხდა ადამიანების აცრა, მოქმედი „დელტა“ შტამიც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დაზარალდეს და ასევე ბევრი ლეტალური შემთხვევა მივიღოთ. შტამი ძალიან საშიში ხდება თუ დიდი ხანი ცირკულირებს. ახალი შტამი შესაძლოა ახალი თვისებით იყოს „დაჯილდოებული“. არ მგონია, რომ განსაკუთრებით შეიცვალოს სიტუაცია, მაგრამ თუკი ვაქცინაციის პროცესი აქტიურად არ გაგრძელდება, ძალიან სერიოზულ პრობლემებს წავაწყდებით.
როგორმე ადამიანებამდე უნდა მივიყვანოთ ის ფაქტი, რომ ჩვენ ვართ ომში. ფიზიკურად ნადგურდება ადამიანი, ასეთი დანაკარგი მგონი ომში არ ყოფილა. თუ ადამინებამდე არ დავიდა ეს ყველაფერი, მომხრე ვიქნები, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს კატეგორიულად მოვთხოვოთ აცრა, იმ ადამიანებს, ვისაც სხვა ბევრ ადამიანთან აქვთ კონტაქტი - რესტორნების, მაღაზიების პერსონალის, ექიმების და მასწავლებლების, ასევე სკოლის ადმინისტრქაციის აცრა, სხვა გზა არ გვაქვს.
ბევრ ადამიანს, ალბათ, დავკარგავთ და ეს დაუშვებელია. ექიმი ვარ და თითოეული ადამიანის სიცოცხლე ძალიან მნიშველოვანია. ექიმების რესურსი ძალიან მყიფეა უკვე და შეიძლება მალე, გადაიწვას ექიმი. ის იღლება ფიზიკურად, გონებრივად და როდემდე გასტანს ასეთი მდგომარეობა, არ ვიცით. ალბათ, დროულად უნდა გადაწყდეს ეს საკითხი“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ For.ge-სთან.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, „დელტა+“-ის მსგავსი, თუმცა, სხვა გენეტიკური ვარიანტის მქონე კორონავირუსის ახალი შტამი, ჯერჯერობით, საქართველოში არ დაფიქსირებულა. როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, გლობალურად ეპიდსიტუაცია უარესდება და ეს გარკვეულად ახალ შტამთანაა კავშირში.
„ეპიდსიტუაცია გლობალურად უარესდება. მნიშვნელოვანია, რომ ეს გარკვეულად დაკავშირებულია იმ ახალ შტამთან, რომელსაც აკვირდებიან და ის არ არის ე.წ. ყურადღების ქვეშ მყოფი შტამი. ის ცირკულირებს მაღალი პროცენტით გაერთიანებულ სამეფოში, მაგრამ გამოჩნდა რიგ ქვეყნებში, მათ შორის ჩვენს მეზობლად რუსეთშიც. ამიტომ ეს საყურადღებოა. ჯერჯერობით, ჩვენთან ლაბორატორიული კვლევებით ახალი შტამი არ დაფიქსირებულა. ესეც „დელტას“ ნაირსახეობაა „დელტა +“, მაგრამ ის „დელტა+“ არ არის, რომელიც ჩვენ რამდენჯერმე დავაფიქსირეთ. სხვა გენეტიკური ვარიანტია.
რაც შეეხება შემთხვევებს, საქართველოში, გუშინ დილის მონაცემებით, 4762 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს 1000 ერთეულით ნაკლებია წინა კვირის სამშაბათ დღესთან მიმართებით, მაგრამ როგორც ერთი კვირის, ასევე ორი კვირის ინციდენტობა ქვეყანაში გაზრდილია. იცით, რომ კოვიდით გამოწვეული სიკვდილიანობა პირველ ადგილზე იყო და უსწრებდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილიანობას. დღეს მან გადაინაცვლა მეორე ადგილზე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემდეგ, თუმცა სიკვდილიანობის საშუალო მილიონ მოსახლეზე გაქვს 10 ერთეული, ზღვრული კი არის 8-9. კლება არის ამ მძიმე ინდიკატორის, მაგრამ ეს 43 შემთხვევაც ჩვენი ქვეყნისთვის მძიმე და რთულია“, - განაცხადა გამყრელიძემ.