ბითაძის და მამუკელაშვილის დუელი NBA-ში: გოგას შედეგიანი თამაში და სანდროს

ბითაძის და მამუკელაშვილის დუელი NBA-ში: გოგას შედეგიანი თამაში და სანდროს "მილუოკის" გამარჯვება

NBA-ში ქართველი კალათბურთულების დუელი შედგა - გოგა ბითაძემ და სანდრო მამუკელაშვილმა ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშეს.

„ინდიანა პეისერსმა“ მოქმედ ჩემპიონ „მილუოკი ბაქსისთან“ იბრძოლა, მაგრამ 10-ქულიანი სხვაობით, 109:119 დამარცხდა. სტუმრებმა სამი პერიოდი მოიგეს, რიკ კარლაილის გუნდმა კი მხოლოდ ბოლო მეოთხედში შეძლო 5 ქულის სხვაობით გამარჯვება, რაც საბოლოო წარმატებისთვის საკმარისი არ იყო.

გოგა ბითაძემ მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა, კარიერაში კი მე-100 შეხვედრა ჩაატარა. წინა სამ მატჩში "ინდიანას" 61 წლის ამერიკელმა მწვრთნელმა მას სათამაშო დრო არ მისცა, ამჯერად კი, ქართველ ცენტრს 17:39 წუთი დაუთმო. გოგა თამაშში პირველი პერიოდის მიწურულს ჩაერთო და საოცარი სტარტი ჰქონდა - სულ რაღაც სამ წუთში 7 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა, თანაც ყველა მეტოქის ფარზე. ისიც უნდა ითქვას, რომ ამავე დროში მან 2 ფოლის მიღება მიასწრო. ამის შემდეგ, მეორე პერიოდიდან პრაქტიკულად მესამე პერიოდის ბოლომდე ქართველი სკამზე იჯდა, მაგრამ ბოლო მეოთხედი შეუცვლელად ჩაატარა.

უნდა აღინიშნოს, რომ საწყისი 3 წუთის შემდეგ გოგას ქულები აღარ დაუგროვებია, მაგრამ მოხსნებში გამორჩეული იყო. საბოლოოდ, არასრულ 18 წუთში 22 წლის კალათბურთელმა 7 ქულას, 9 მოხსნას (7 მეტოქის ფარზე), 1 პასსა და 2 ჩაჭრას მოუყარა თავი. პერსონალური ფოლი კი 5-ჯერ მიიღო. აღსანიშნავია, რომ მოხსნებში ბითაძეს თანაგუნდელთა შორის დომანტას საბონისმა აჯობა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 1 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ში მეოთხე მატჩი ჩაატარა და ამჯერად პარკეტზე 09:53 წუთი გაატარა. ხსენებულ დროში მან 2 ქულა და 3 მოხსნა (1 შეტევაში) მიითვალა. "ბაქსის" 22 წლის ფორვარდმა 1-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და 1 სამქულიანი ააცილა, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში „მილუოკის" მეტოქესთან 8 ქულიანი ჩამორჩენა ჰქონდა, ხოლო იმ პერიოდში, როცა ბითაძე იყო პარკეტზე, „ინდიანამ“ +2 დააფიქსირა.

„მილუოკი ბაქსის" რიგებში საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო გახლდათ, რომელსაც სამმაგ დუბლამდე მხოლოდ 1 პასი დააკლდა - 30 ქულა, 10 მოხსნა და 9 პასი, ინდიანაპოლისელებს კი მალკომ ბროგდონმა ულიდერა, რომლის აქტივშიც 25 ქულა, 4 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა იყო.

"ბაქსიდან" მეორე შედეგი კრის მიდლტონს ჰქონდა, რომელმაც 27 ქულა, 5 მოხსნა და 7 პასი დააგროვა. აღსანიშნავია, რომ მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, მიდლტონსა და ბითაძეს შორის შეხლა-შემოხლა იყო, როდესაც ისინი ბურთისთვის იბძრონდნენ და ერთმანეთს ფიზიკურადაც შეეხნენ. საბოლოოდ, ბითაძე ტექნიკურით დაისაჯა, თუმცა, ჯორჯ ჰილთან დაპირისპირებისთვის.

"პეისერსიდან" ერთადერთი ორმაგი დუბლით დიმანტას საბონისი გამოირჩა. 25 წლის ლიეტუველმ ფორვარდმა 37:17 წუთში 21 ქულას, 13 მოხსნასა და 5 პასს მოუყარა თავი.

ამრიგად, "მილუოკი ბაქსი“ 3 მოგებითა და 1 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 28 ოქტომბერს, „მინესტოსთან“ საკუთარ მოედანზე გამართავს. „ინდიანა პეისერსს“ 1 გამარჯვების საპირისპიროდ 3 მარცხი აქვს და ამავე კონფერენციაში ბოლოსწინა, მე-14 საფეხურზეა, ხოლო 28 ოქტომბერს, სტუმრად „ტორონტო რეპტორსს“ დაუპირისპირდება.