რა იძულებაზეა საუბარი, როცა არჩევნებზე საშუალოდ მილიონი ადამიანი ნებაყოფილობით გვაძლევს ხმას, აქედან თუ ათეულობით ათასი მოვა აქციაზე, გასაკვირი არ უნდა იყოს

რა იძულებაზეა საუბარი, როცა არჩევნებზე საშუალოდ მილიონი ადამიანი ნებაყოფილობით გვაძლევს ხმას, აქედან თუ ათეულობით ათასი მოვა აქციაზე, გასაკვირი არ უნდა იყოს

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, შალვა პაპუაშვილი სპეკულაციას უწოდებს გავრცელებული ინფორმაციას, რომ თითქოს პარტია ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს და 27 ოქტომბერს დაანონსებულ აქციაზე ადამიანების იძულებით მობილიზებას ახდენს.

„ეს ყველაფერი სპეკულაციაა, რა იძულებაზეა საუბარი 21-ე საუკუნეში, როდესაც თავისუფალი გარემო გვაქვს. რა იძულებაზეა საუბარი იმ პარტიის მხრიდან, რომელმაც ელექტორატის 47%-იანი მხარდაჭერა მიიღო რამდენიმე კვირის წინ“, - ამის შესახებ პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არის პარტია, რომელსაც ჰყავს ყველაზე დიდი რაოდენობის მხარდამჭერი. „ჩვენ საშუალოდ მილიონი ადამიანი არჩევნებში ნებაყოფლობით გვაძლევს ხმას. აქედან თუ რამდენიმე ათეული ათასი მოვა აქციაზე, გასაკვირი არ უნდა იყოს. მოსაზრება, რომ თითქოს საჯარო სექტორის წარმომადგენელს არ აქვს უფლება არასამუშაო დროს პოლიტიკური შეხედულებები გამოხატოს, არის ადამიანების პოლიტიკური თუ სამსახურეობრივი ნიშნით სეგრეგაცია, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს „ნაციონალური მოძრაობის“ სახეს. ისინი მხოლოდ თავისიანებს აღიქვამენ ადამიანებად“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

„ქართული ოცნება“ მხარდამჭერებთან ერთად წინასაარჩევნო კამპანიას 27 ოქტომბერს შეაჯამებს.