ბადრი მანჯავიძე:

ბადრი მანჯავიძე: "ეს მე გადამხდა"

ადვოკატი ბადრი მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ახლა რასაც მოვყვები, ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გადამხდა. ბევრმა იცით, რომ საბურთალოზე ვარ გაზრდილი. ვცხოვრობდი სააკაძის მოედანზე, ახლანდელი მერიის შენობის მომიჯნავედ, იქ სადაც ე.წ. „ცენტრ-პოინტის“ კომპლექსი აშენდა. ჩემს ოჯახს ჰქონდა კანონიერი კერძო სახლი და ფლობდა დაახლოებით 350 კვ.მ ეზოს. 1988 წელს 80-ზე მეტმა ოჯახმა შევქმენით ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა და გადავწყვიტეთ ჩვენი სახლების ადგილზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენება.

შემუშავდა პროექტი, დავანგრიეთ სახლები, ჩატარდა რიგი საძირკვლის სამუშაოები და გავჩერდით; მიზეზი იყო 1992 წლის ცნობილი და შემდგომში ქვეყანაში განვითარებული ფინანსური მოვლენები.  ჩვენი ამხანაგობის თვითმარქვია თავმჯდომარე, ზურაბ თაბუკაშვილი, გარიგებაში შევიდა კომპამნია „ცენტრ პოინტთან“ და 2004 წელს ეს კომპანია გახდა ინვესტორი. საწყის ეტაპზე არ დავეძებდით არაფერს, ვინაიდან ის ყველა დაზარალებულს გვპირდებოდა დაკმაყოფილებას.

ამის მერე იყო დამფუძნებელი წევრების უკანონო გარიცხვები ამხანაგობიდან და ჩვენზე გადმოსაცემი ბინების გარეშე პირებზე გაყიდვა. შემდეგ ჩნდება„ცენტრ პოინტის“  ე.წ. მეხამრიდი კომპანია „დექსუსი“, რომელიც 2010 წელს მაშინდელმა  თბილისის მერმა გიგი უგულავამ მოგვახვია თავს. ბოლოს მოხდა ის, რაც ყველასთვის ცნობილია - დაპატიმრებები. სასჯელი მოიხადეს და 2021 წელს პატიმრობიდან გათავისუფლდნენ როგორც ინვესტორი კომპანიის დამფუძნებელი, ასევე ჩვენი თვითმარქვია თავმჯდომარეც. შეიქმნა ჩიხური მდგომარეობა. ჩვენს ამხანაგობას არც ლეგიტიმური მმართველი ორგანო ჰყავდა და აღარც ძირითადი სამოქმედო დოკუმენტი გააჩნდა. ეს ყველაფერი  კანონიერ ძალაში შესულმა სასამართლო გადაწყვეტილებამ გააუქმა. წლობით სრულ გაურკვეველობაში აღმოვჩნდით. ჩიხი მდგომარეობდა იმაში, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო ამხანაგობის უკლებლივ ყველა დამფუძნებელი წევრის თანხმობა, რაც შეუძლებელი იყო. რომ არა თბილისის მერიის და პირადად კახა კალაძის და მისი გუნდის კეთილი ნება, ალბათ ისევ გაურკვეველი ვადით ბინის აშენების მოლოდინში უიმედო ყოფნა მოგვიწევდა.

ახლა კი გეტყვით ამის შემდეგ რა გაკეთდა: ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 18.08.2021 წლის N21.1141.1285 განკარგულების საფუძველზე სააკაძის მოედანზე ჟ.შარტავას ქ.N 1 და N3 -ში რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე გაუქმდა იბა „თაბუკაშვილი 88“-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია და მის ნაცვლად მესაკუთრედ დარეგისტრირდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტი. მერიამ თავის თავზე აიღო ჩვენი პრობლემის მოგვარების საკითხი, ფაქტიურად „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულების კატეგორიაში გაგვიყვანა. ვთანამშრომლობთ საინიციატივო ჯგუფთან , რომელიც „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული 6000-მდე ოჯახის პრობლემის მოსაგვარებლადაა  შექმნილი, მიმდინარეობს პოზიციების შეჯერება ტექნიკურ და ინდივიდუალურ სამართლებრივ საკითხებზე. რა თქმა უნდა, ყველა დაზარალებულის პრობლემა გულთან მისატანია მიუხედავად იმისა, რამდენი წელიწადი გრძელდება მათი ეს „ტანჯვა“. მინდა სწორად გამიგოთ, ჩვენმა ამხანაგობამ საქართველოში ალბათ რეკორდი მოხსნა - 80-ზე მეტი ოჯახი 33 წელია ველოდებით ბინებს. ამ უიმედობისა და წვალების წლებში თაობები გარდაიცვალა. სულ რაღაც რამოდენიმე დღეში ჩაივლის არჩევნები. ისეთი პირი უჩანს და იმის იმედად ვართ, რომ კახის და მის გუნდს მიეცემათ საშუალება ბოლომდე მიიყვანონ ეს საშური საქმე, რასაც „ბინათმშენებლობით დაზარალებულების“ საქმეს დავარქმევდი. არ შემეძლო ეს ამბავი არ მომეყოლა. მოგვიანებით იმასაც გეტყვით როგორ დასრულდება ეს ყველაფერი“.