„კოალიციის იდეა პირველი ტურის წინ უნდა ყოფილიყო, როცა „ნაცმოძრაობა“ ივანიშვილი-პუტინის ტანდემზე საუბრობდა, მაგრამ ახლა დაეშვნენ მიწაზე“

„კოალიციის იდეა პირველი ტურის წინ უნდა ყოფილიყო, როცა „ნაცმოძრაობა“ ივანიშვილი-პუტინის ტანდემზე საუბრობდა, მაგრამ ახლა დაეშვნენ მიწაზე“

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები მასშტაბურობითა და მრავალრიცხოვნობით გამოირჩევა. თვალშისაცემი იყო 14 ოქტომბერს დიდი რაოდენობის ადამიანების მისვლა თბილისში. მნიშველოვანია, აღინიშოს 23 ოქტომბერს ბათუმში, ოპოზიციის მიერ გამართული აქციაც, რომელიც ასევე მრავალრიცხოვანი იყო.

ამის ფონზე, ანალიტიკოსთა ნაწილის მიერ გამოითქვა მოსაზრება, რომ „ქართული ოცნება“ კონკრეტულ დიდ ქალაქებში არჩევნებს აგებს, - ასეთი ერთ-ერთი რეგიონი კი ზუგდიდია, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი, ანზორ მელია სავარაუდოდ იგებს. უნდა ითქვას ისიც, რომ არჩევნების პირველ ტურში მან „ოცნების“ კანდიდატს მოუგო და ანალიტიკოსთა ნაწილი აცხადებს, რომ არსებობს შანსი, მეორე ტურში სწორედ მან გაიმარჯვოს.

ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი For.ge-სთან აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ შეშინებულია და „ის უკვე თავის დაზღვევაზეა გადასული“. მისი თქმით, საზოგადოება მმართველ პოლიტიკურ ძალას აღარ უჭერს მხარს და ეს კარგად იცის „ქართულმა ოცნებამაც.“

„ოცნება“ შეშინებული იყო, რომ 43%-ს ვერ აიღებდა და ეს შიში იყო გადამეტებული. თავის თავში ვერ გრძნობენ ძალას. მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ საზოგადოებაში არსებობს მიუღებლობა, იციან, რომ მათ მიმართაც არის მიუღებლობა. ვერ გრძნობენ საზოგადოების მხარდაჭერას და ეს აშინებს „ქართულ ოცნებას.“ ხდება თავის დაზღვევა და ამიტომ გამოვიდნენ შარლ მიშელის შეთანხმებიდან და ცუდი რეპუტაცია შეიძინეს, მაგრამ აიღეს 48%. რომ არ გამოსულიყვნენ ამ შეთანხმებიდან, მეტად წარმატებულები იქნებოდნენ. საზოგადოების ცივ სუნთქვას გრძნობენ, ამიტომ, ყოველი შემთხვევისთვის თავს იზღვევენ“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ მსგავსი აქციები საზოგადოებაში ილუზიას ქმნის, თითქოს ამით ჩანს, თუ რომელი პარტია იგებს არჩევნებში.

„ასეთი ტიპის აქციები არის პიარის ნაწილი და პარტია, რაც უფრო მეტ ადამიანს მოუყრის თავს აქციაზე, მით უფრო უჩნდებათ სხვებს აზრი, რომ ეს პარტია იგებს. თუ რომელი პარტიის მიმართ გაუჩნდათ აზრი, რომ ის იგებს, მას უფრო მეტი აძლევს ხმას, ადამიანები ბაძავენ ერთმანეთს. შანსი არის, მაგრამ მეორე მხრივ, არის ასეთი ვარიანტიც - შეიძლება პარტიამ მოახერხოს შთამბეჭდავი აქციების გამართვა და ამით აიღოს ხმები“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან.

რაც შეეხება დედაქალაქს, ოპოზიციის მიერ ერთგვარი კოალიციის შექმნამდე, ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში ერთხმად ამბობდნენ, რომ არჩევნების მეორე ტურს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, კახა კალაძე მოიგებდა, თუმცა, ამ კოალიციის შექმნის შემდეგ, სურათი თითქოს შედარებით შეიცვალა. ნაწილი აღნიშნულ ფაქტს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ეს კოალიცია საზოგადოების ნაწილის მიმხრობას მოახერხებს, თუმცა, მეორე ნაწილი აცხადებს, რომ ეს კოალიციის შექმნის ილუზია და ამომრჩევლის მოტყუებაა.

პაატა ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ თბილისში არჩევნებს კალაძე მოიგებს, ხოლო ოპოზიციის მიერ შექმნილი კოალიცია დაგვიანებულია. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის იდეას ზაქარეიშვილი სრულიად იზიარებს, აცხადებს, რომ კოალიცია არჩევნების პირველ ტურამდე უნდა შეექმნათ და არა ახლა.

„თბილისში ეჭვი მეპარება კალაძემ წააგოს, მინიმუმ 5%-ის სხვაობით მაინც უნდა გაიმარჯვოს. საზოგადოებაში მკაფიოდ იზრდება „ქართული ოცნების“ მიუღებლობა. სააკაშვილმა, ყველასთვის მოულოდნელად, ძალიან მაგრად შემოულაწუნა „ქართულ ოცნებას“. აშკარაა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ გამოწვევაა და ის დაბნეულია. ნებისმიერი მოქმედება მის წინააღმდეგ მუშაობს, რადგან გაიხლართა თავის ტყუილებში.

კოალიციის იდეა ძალიან მომწონს, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, პირველი ტურის წინ ყოფილიყო ეს ყველაფერი, თუმცა, მაშინ „ნაციონალური მოძრაობა“ არ იყო მზად ეფიქრა ადგილობრივ არჩევნებზე - ივანიშვილის-პუტინის ტანდემზე და დილემაზე საუბრობდა. ახლა, როდესაც მეორე ტურში მიხვდნენ, რომ რაღაც რესურსი გაუჩნდათ, შემდეგ დაეშვნენ მიწაზე, რომ თურმე ქალაქზეც საჭიროა ზრუნვა. იდეა ძალიან კარგია, მაგრამ ძალიან გვიანაა. ეს უფრო „ნაციონალურ მოძრაობის“ ლოკომოტივზე ჩაბმული ვაგონების სურვილია, გადაირჩინონ თავისი თავი, რაც დაგვიანებული, კარგი ნაბიჯია“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა For.ge-სთან.

რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ საზოგადოების ნაწილის ოპტიმიზმი ოპოზიციის სიცრუეზეა აგებული. მისი თქმით, ამ კოალიციის შექმნის შედეგად, მართვის სადავე მაინც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში გადადის.

„კოალიციის მიმართ მოსახლეობის ოპტიმიზმი საფუძველი არის იმისა, რომ ამომარჩეველი არ უფიქრდება რას ნიშნავს კოალიცია. ვემხრობი ამ იდეის კრიტიკოსებს, ეს გარკვეული თვალსაზრისით, მოსახლეობის მოტყუებაა. კოალიციას ამბობენ, რადგან დაფარონ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება წამყვანი ძალა. კოალიციაში ვისაც მეტი ხმა აქვს, ის არის გადამწყვეტი. კოალიციის ძახილით გადაფარვა ხდება, რომ რეალურად ამ შემთხვევაში, მართვა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში გადადის, თუკი შედგება ასეთი კოალიცია. თუმცა, ასეთი კოალიცია რეალურად ვერ შედგება, ეს ხელოვნური კოალიცია იქნება.

საქართველოს ისტორიაში იყო რამდენჯერმე ასეთი ხელოვნური კოალიციები, როდესაც ერთი პარტია ან ერთი პოლიტიკოსი განიზრახავდა სხვადასხვა პიროვნებებისგან კოალიციის იმიჯის შექმნას. ამ კოალიციის მასპინძელი „ნაციონალური მოძრაობაა“, ესე იგი „ნაცმოძრაობა“ იქნება გადამწყვეტი, თუკი ეს კოალიცია შედგა. გაიმარჯვებს კახა კალაძე. კოალიციის ავტორს კიდევ ერთი რამ ავიწყდება, ვის იყენებს კოალიციურ პარტნიორებად, მაღალრეიტინგიანი პარტიები ისინი არ არიან. ასეთი დაბალრეიტინგიანი პარტიები მაინც ვერ მოახდენენ იმ შთაბეჭდილებას ამომრჩეველზე, რომ გადაფაროს მელიასა და კალაძეს შორის არსებითი განსხვავება“, - განაცხადა საყვარელიძემ For.ge-სთან.

კ ა ხ ე ლ ი ცნებების ელემენტარული აღრევაა; საარჩევნო ბლოკი, რაც არცევნებისთვის იქმნება სხვაა, ხოლო კოაიცია, რაც არცევნების შედეგების მიხედვით იქმნება - აბსოლუტურად სხვა.
2 წლის უკან